იერემია 35:1—19

  • რექაბელების სანიმუშო მორჩილება (1—19).

35  ეუწყა იეჰოვას სიტყვა იერემიას იუდას მეფე იეჰოიაკიმის,+ იოშიას ძის, დროს:  „წადი რექაბელებთან,+ დაელაპარაკე მათ, მიიყვანე იეჰოვას ტაძრის ერთ-ერთ სასადილო ოთახში და ღვინო დაალევინე“.  მეც წამოვიყვანე იააზანია, ხაბაცინიას ძის, იერემიას ძე, მისი ძმები, ყველა მისი ვაჟი და რექაბელთა მთელი სახლეულობა.  მივიყვანე ისინი იეჰოვას ტაძარში, ღვთის კაცის, იგდალიას ძის, ხანანის, ძეთა სასადილო ოთახში, რომელიც მაასეიას, კარის მცველ შალუმის ძის, სასადილო ოთახის ზემოთ მდებარე მთავრების სასადილო ოთახის გვერდით იყო.  დავუდგი რექაბელებს ღვინით სავსე ფიალები და თასები და ვუთხარი, დალიეთ-მეთქი.  მათ მომიგეს: «ვერ დავლევთ ღვინოს, რადგან იეჰონადაბმა*,+ ჩვენი წინაპრის, რექაბის, ძემ, გვიბრძანა: „არასოდეს დალიოთ ღვინო, არც თქვენ და არც თქვენმა ვაჟებმა.  სახლები არ აიშენოთ და თესლი არ დათესოთ; არც გააშენოთ და არც იქონიოთ ვენახი. მთელი სიცოცხლე კარვებში იცხოვრეთ, რათა დღეგრძელნი იყოთ იმ მიწაზე, რომელსაც შეეხიზნეთ“.  ჩვენც ვემორჩილებით იეჰონადაბს, ჩვენი წინაპრის, რექაბის, ძეს ყველაფერში, რაც გვიბრძანა, და არ ვსვამთ ღვინოს არც ჩვენ, არც ჩვენი ცოლები, არც ჩვენი ვაჟები და არც ჩვენი ასულები;  არ ვიშენებთ სახლებს საცხოვრებლად, არც ვენახი გვაქვს, არც ყანა და არც თესლი. 10  კარვებში ვცხოვრობთ, ვემორჩილებით ჩვენს წინაპარს, იეჰონადაბს, და ვასრულებთ ყველაფერს, რაც გვიბრძანა. 11  მაგრამ, როდესაც ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა ამ ქვეყანაზე გამოილაშქრა,+ ვთქვით, მოდი წავიდეთ იერუსალიმში, რომ ქალდეველთა და სირიელთა ჯარის ხელში არ ჩავცვივდეთო, და ახლა იერუსალიმში ვცხოვრობთ». 12  კვლავ ეუწყა იეჰოვას სიტყვა იერემიას: 13  «აი, რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: „წადი და უთხარი იუდასა და იერუსალიმის მკვიდრთ: თქვენ ხომ ყოველთვის გესმით მოწოდება, რომ დამემორჩილოთ?!+ — ამბობს იეჰოვა. — 14  იეჰონადაბმა, რექაბის ძემ, თავის შთამომავლებს უბრძანა, რომ არ დაელიათ ღვინო, ისინიც ემორჩილებიან თავიანთ წინაპარს და დღემდე არ სვამენ ღვინოს.+ მე კი სულ გელაპარაკებით, დილაადრიან ვდგები და გელაპარაკებით, მაგრამ თქვენ მაინც არ მემორჩილებით.+ 15  გიგზავნიდით ჩემს მსახურებს, წინასწარმეტყველებს, დილაადრიან ვდგებოდი, გიგზავნიდით მათ+ და გეუბნებოდით: მობრუნდით თითოეული თქვენი ბოროტი გზიდან,+ აკეთეთ, რაც სწორია, თაყვანს ნუ სცემთ სხვა ღმერთებს, ნუ ემსახურებით მათ და იცხოვრებთ იმ მიწაზე, რომელიც თქვენ და თქვენს მამა-პაპას მოგეცით-მეთქი,+ მაგრამ თქვენ არ მომისმინეთ, ყურიც არ მათხოვეთ. 16  რექაბის ძის, იეჰონადაბის, შთამომავლები ასრულებენ თავიანთი წინაპრის ბრძანებას,+ ეს ხალხი კი არ მემორჩილება“. 17  ამიტომ აი, რას ამბობს იეჰოვა, ლაშქართა ღმერთი, ისრაელის ღმერთი: „მოვაწევ იუდაზე და იერუსალიმის ყველა მკვიდრზე მთელ იმ უბედურებას, რის შესახებაც ვაფრთხილებდი,+ რადგან ველაპარაკებოდი და არ მისმენდნენ, ვეძახდი და არ მპასუხობდნენ“».+ 18  იერემიამ რექაბელებს უთხრა: «აი, რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: „რაკი ემორჩილებით თქვენი წინაპრის, იეჰონადაბის, ბრძანებას, კვლავაც იცავთ ყველა მის ბრძანებას და ყველაფერს ისე აკეთებთ, როგორც მან გიბრძანათ, 19  ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, ისრაელის ღმერთი, ამბობს: იეჰონადაბის, რექაბის ძის, შთამომავალი მუდამ იმსახურებს ჩემ წინაშე“».

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — „იონადაბმა“; იეჰონადაბის შემოკლებული ფორმა.