იერემია 36:1—32

  • გრაგნილი იერემიას კარნახით იწერება (1—7).

  • ბარუქი გრაგნილიდან ხმამაღლა კითხულობს (8—19).

  • იეჰოიაკიმი გრაგნილს წვავს (20—26).

  • ცნობა ახალ გრაგნილზე იწერება (27—32).

36  იუდას მეფე იეჰოიაკიმის,+ იოშიას ძის, მეფობის მე-4 წელს იეჰოვას სიტყვა ეუწყა იერემიას:  „აიღე გრაგნილი და დაწერე მასზე ყველაფერი, რაც ისრაელზე, იუდასა+ და ყველა ხალხზე+ შენთვის მაქვს ნათქვამი იოშიას დროიდან მოყოლებული, როცა პირველად დაგელაპარაკე, დღემდე.+  როცა გაიგებენ იუდას მკვიდრნი იმ უბედურების შესახებ, რის დატეხვასაც ვუპირებ, იქნებ მობრუნდნენ თავიანთი ბოროტი გზიდან, და მერე მეც ვაპატიებ დანაშაულსა და ცოდვას“.+  მოუხმო იერემიამ ბარუქს,+ ნერიას ძეს. უკარნახა იერემიამ ბარუქს ყველაფერი, რაც იეჰოვას მისთვის ჰქონდა ნათქვამი. ბარუქმაც ყველაფერი გრაგნილზე დაწერა.+  შემდეგ იერემიამ ბარუქს უთხრა: „მე იეჰოვას ტაძარში ვერ შევდივარ.  შენ შედი და ხმამაღლა წაიკითხე იეჰოვას სიტყვები, რომელიც ჩემი კარნახით გრაგნილზე დაწერე. ხალხის გასაგონად წაიკითხე ის იეჰოვას ტაძარში მარხვის დღეს; ასე გააგებინებ ჩემს სიტყვებს იუდას ქალაქებიდან ჩამოსულ ხალხს.  იქნებ მისწვდეს იეჰოვას მათი ვედრება და მობრუნდნენ თავიანთი ბოროტი გზიდან; მეტისმეტად განრისხებულია იეჰოვა ამ ხალხზე“.  იერემია წინასწარმეტყველის დავალებისამებრ მოიქცა ბარუქი, ნერიას ძე, და იეჰოვას ტაძარში ხმამაღლა წაიკითხა გრაგნილიდან იეჰოვას სიტყვები.+  იუდას მეფე იეჰოიაკიმის,+ იოშიას ძის, მეფობის მე-5 წლის მე-9 თვეს, იერუსალიმის მკვიდრებმა და იუდას ქალაქებიდან იერუსალიმში ჩამოსულმა ხალხმა მარხვა გამოაცხადეს იეჰოვას წინაშე.+ 10  ბარუქმა მთელი ხალხის გასაგონად გრაგნილიდან ხმამაღლა წაიკითხა იერემიას სიტყვები იეჰოვას ტაძარში, გემარიას,+ გადამწერ შაფანის+ ძის, ოთახში, რომელიც ზემო ეზოში, იეჰოვას ტაძრის ახალი კარიბჭის შესასვლელთან იყო.+ 11  როცა მიქაიამ, შაფანის ძის, გემარიას, ძემ, გრაგნილში ჩაწერილი იეჰოვას სიტყვა მოისმინა, 12  შევიდა ის მეფის სასახლეში, მწერლის ოთახში; იქ დახვდა ყველა მთავარი: მწერალი ელიშამა,+ შემაიას ძე დელაია, აქბორის+ ძე ელნათანი,+ შაფანის ძე გემარია, ხანანიას ძე ციდკია და სხვა მთავრები. 13  გადასცა მიქაიამ მათ ყველაფერი, რაც ბარუქისგან მოისმინა, როცა ის ხალხს გრაგნილს უკითხავდა. 14  მაშინ მთავრებმა იეჰუდი, ქუშის ძის, შელემიას ძის, ნეთანიას ძე, ბარუქთან გაგზავნეს და შეუთვალეს: „წამოიღე გრაგნილი, რომელიც ხალხს წაუკითხე, და წამოდი“. ბარუქმაც, ნერიას ძემ, აიღო გრაგნილი და მივიდა მათთან. 15  მათ უთხრეს: „დაბრძანდი და წაგვიკითხე“. ბარუქმაც წაუკითხა მათ. 16  როგორც კი ეს სიტყვები მოისმინეს, შეშინებულებმა ერთმანეთს გადახედეს და ბარუქს უთხრეს: „აუცილებლად გადავცემთ მეფეს ამ სიტყვებს“. 17  შემდეგ ბარუქს ჰკითხეს: „მისი კარნახით დაწერე ეს სიტყვები?“ 18  ბარუქმა მიუგო: „ის მკარნახობდა და მეც მელნით ამ გრაგნილზე ვწერდი“. 19  მთავრებმა ბარუქს უთხრეს: „წადით შენ და იერემია, დაიმალეთ და არავის გააგებინოთ თქვენი ადგილსამყოფელი“.+ 20  შემდეგ მივიდნენ ისინი მეფესთან ეზოში, გრაგნილი მწერალ ელიშამას ოთახში შეინახეს და უამბეს მეფეს ყველაფერი, რაც მოისმინეს. 21  გაგზავნა მეფემ იეჰუდი+ გრაგნილის მოსატანად; მანაც წამოიღო ის მწერალ ელიშამას ოთახიდან და წაუკითხა მეფესა და მასთან მყოფ ყველა მთავარს. 22  მე-9 თვე იდგა; მეფე ზამთრის სასახლეში იყო და მის წინ ღუმელი ენთო. 23  როგორც კი იეჰუდი სამ-ოთხ სვეტს წაუკითხავდა, მეფე ამ ნაწილს მწერლის დანით ჭრიდა და ღუმელში ყრიდა, სანამ მთელი გრაგნილი ღუმელში არ დაწვა. 24  არც მეფესა და არც მის მსახურებს, რომელთაც ეს სიტყვები მოისმინეს, არ შეშინებიათ და ტანსაცმელი არ შემოუხევიათ. 25  ელნათანი,+ დელაია+ და გემარია+ ემუდარებოდნენ მეფეს, რომ არ დაეწვა გრაგნილი, მაგრამ მან ყური არ ათხოვა მათ. 26  მეფემ თავის ძეს, იერახმეელს, აზრიელის ძე სერაიას და აბდეელის ძე შელემიას უბრძანა, რომ შეეპყროთ მწერალი ბარუქი და წინასწარმეტყველი იერემია, მაგრამ იეჰოვა მალავდა მათ.+ 27  მას შემდეგ, რაც მეფემ დაწვა გრაგნილი, რომელიც ბარუქმა იერემიას კარნახით დაწერა,+ კვლავ ეუწყა იეჰოვას სიტყვა იერემიას: 28  «აიღე სხვა გრაგნილი და ხელახლა დაწერე ის, რაც იმ გრაგნილზე ეწერა, იუდას მეფე იეჰოიაკიმმა რომ დაწვა.+ 29  იუდას მეფე იეჰოიაკიმს კი უთხარი, აი, რას ამბობს-თქო იეჰოვა: „შენ დაწვი ის გრაგნილი და თქვი, რატომ დაწერე, ბაბილონის მეფე მოვა, ააოხრებს ამ მიწას და გაწყვეტს კაცსაც და პირუტყვსაცო.+ 30  ამიტომ აი, რას ამბობს იეჰოვა იუდას მეფე იეჰოიაკიმზე: მისი შთამომავლებიდან დავითის ტახტზე ვერავინ ავა,+ მისი გვამი დღისით პაპანაქებაში ეგდება, ღამით კი — ყინვაში.+ 31  პასუხს მოვთხოვ მას, მის შთამომავლებს და მის მსახურებს ჩადენილი დანაშაულის გამო. მოვუვლენ მათ და იერუსალიმისა და იუდას მკვიდრთ მთელ იმ უბედურებას, რის შესახებაც ვუთხარი,+ რადგან ყური არ დამიგდეს“».+ 32  აიღო იერემიამ სხვა გრაგნილი და მისცა მწერალ ბარუქს, ნერიას ძეს;+ მან კი დაწერა იერემიას კარნახით ის, რაც იმ გრაგნილზე ეწერა, იუდას მეფე იეჰოიაკიმმა ცეცხლში რომ დაწვა.+ ამ სიტყვებს სხვა მსგავსი სიტყვებიც დაემატა.

სქოლიოები