იერემია 42:1—22

  • ხალხი იერემიას სთხოვს, რომ ღმერთს რჩევისთვის მიმართოს (1—6).

  • იეჰოვა პასუხობს, რომ ეგვიპტეში არ წავიდნენ (7—22).

42  ჯარის ყველა მეთაური, კარეახის ძე იოხანანი,+ ჰოშაიას ძე იეზანია და მთელი ხალხი, განურჩევლად ყველა, მივიდნენ  იერემია წინასწარმეტყველთან და სთხოვეს: „შეისმინე ჩვენი სათხოვარი და შეევედრე იეჰოვას, შენს ღმერთს, ჩვენთვის, დარჩენილი ხალხისთვის, რადგან ერთ დროს ბევრნი ვიყავით, ახლა კი ცოტანი დავრჩით,+ რასაც თავადაც ხედავ.  გვითხრას იეჰოვამ, შენმა ღმერთმა, რა გზას დავადგეთ და როგორ მოვიქცეთ“.  იერემია წინასწარმეტყველმა მიუგო: „კეთილი, გავითვალისწინებ თქვენს თხოვნას და შევევედრები იეჰოვას, თქვენს ღმერთს; გეტყვით, რასაც იეჰოვა გიპასუხებთ, არაფერს დაგიმალავთ“.  მათ იერემიას უთხრეს: „იეჰოვა იყოს ჭეშმარიტი და სარწმუნო მოწმე ჩვენ წინააღმდეგ, თუ ყველაფერს ზუსტად ისე არ გავაკეთებთ, როგორც შენი ღმერთი იეჰოვა შენი მეშვეობით გვეტყვის;  რაც არ უნდა გვითხრას, მაინც დავემორჩილებით იეჰოვას, ჩვენს ღმერთს, რომელთანაც გგზავნით; დავემორჩილებით იეჰოვას, ჩვენს ღმერთს, რომ ხელი მოგვემართოს“.  იეჰოვას სიტყვა იერემიას ათი დღის შემდეგ ეუწყა.  მოუხმო იერემიამ იოხანანს, კარეახის ძეს, მასთან ერთად მყოფ ჯარის ყველა მეთაურს, მთელ ხალხს, განურჩევლად ყველას,+  და უთხრა: «აი, რას ამბობს იეჰოვა, ისრაელის ღმერთი, რომელთანაც თქვენი სათხოვრის გადასაცემად გამგზავნეთ: 10  „თუ ამ მიწაზე დარჩებით, აგაშენებთ და არ დაგაქცევთ, დაგრგავთ და არ ამოგძირკვავთ; შემებრალებით იმ უბედურების გამო, რომელიც დაგატეხეთ.+ 11  ნუ შეგეშინდებათ ბაბილონის მეფის, რომლისაც გეშინიათ.+ ნუ შეგეშინდებათ მისი, — ამბობს იეჰოვა, — რადგან თქვენთანა ვარ, დაგიხსნით მისი ხელიდან და გადაგარჩენთ. 12  მე შეგიწყალებთ;+ ისიც შეგიწყალებთ და დაგაბრუნებთ თქვენს მიწაზე. 13  მაგრამ, თუ იტყვით, არ ვიცხოვრებთო ამ მიწაზე, და არ დაემორჩილებით იეჰოვას, თქვენს ღმერთს, 14  და იტყვით: ეგვიპტეში წავალთ,+ სადაც არც ომს ვიხილავთ, არც საყვირის ხმას გავიგონებთ, არც მოგვშივდება, და იქ ვიცხოვრებთო, 15  ისმინეთ იეჰოვას დანაბარები, იუდადან დარჩენილებო; აი, რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: თუ მაინც წახვალთ ეგვიპტეში და იქ იცხოვრებთ, 16  მაშინ მოგწვდებათ მახვილი, რისიც გეშინიათ, და დაგედევნებათ შიმშილი, რაც გაშინებთ; ეგვიპტეში დაიხოცებით.+ 17  ყველა, ვინც ეგვიპტეში წავა და იქ იცხოვრებს, მახვილით, შიმშილითა და ჭირით დაიხოცება; ვერავინ გადარჩება და ვერავინ დააღწევს თავს უბედურებას, რომელსაც მოვუვლენ“. 18  აი, რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: „როგორც იერუსალიმის მკვიდრთ დავატეხე ჩემი რისხვა და მრისხანება,+ თქვენც ისევე დაგატეხთ ჩემს რისხვას, თუ ეგვიპტეში წახვალთ. თქვენს დანახვაზე ყველას თავზარი დაეცემა, დაგძრახავენ და წყევლა-კრულვისას გახსენებენ;+ ვეღარასოდეს იხილავთ ამ ადგილს“». 19  იუდადან დარჩენილებო, იეჰოვა ლაპარაკობს თქვენ წინააღმდეგ, არ წახვიდეთ ეგვიპტეში! იცოდეთ, რომ დღეს გაგაფრთხილეთ; 20  სიცოცხლის ფასად დაგიჯდებათ დანაშაული. თქვენ თვითონ არ გამგზავნეთ იეჰოვასთან, თქვენს ღმერთთან, და მთხოვეთ, შეავედრე ჩვენი თავი იეჰოვას, ჩვენს ღმერთს, და გვითხარი ყველაფერი, რასაც იეჰოვა, ჩვენი ღმერთი, იტყვის და შევასრულებთო?!+ 21  მე კი გითხარით ეს დღეს, მაგრამ თქვენ მაინც არ დაემორჩილებით იეჰოვას, თქვენს ღმერთს, და არც იმას გააკეთებთ, რაც მან თქვენთან დამაბარა.+ 22  იცოდეთ, რომ მახვილით, შიმშილითა და ჭირით დაიხოცებით იქ, სადაც გინდათ, რომ წახვიდეთ და იცხოვროთ.+

სქოლიოები