იერემია 44:1—30

  • ეგვიპტეში მყოფი იუდეველებისთვის ნაწინასწარმეტყველები უბედურება (1—14).

  • ხალხი არად აგდებს ღვთის გაფრთხილებას (15—30).

    • ცის დედოფალს ეთაყვანებიან (17—19).

44  ეუწყა იერემიას ღვთის სიტყვა იმ იუდეველთათვის გადასაცემად, რომლებიც ეგვიპტეში+ ცხოვრობდნენ — მიგდოლში,+ თახფანხესში,+ ნოფსა*+ და ფათროსში+:  «აი, რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: „თქვენ საკუთარი თვალით იხილეთ ის უბედურება, რაც იერუსალიმსა და იუდას ყველა ქალაქს დავატეხე;+ გაპარტახებულია იქაურობა და იქ აღარავინ ცხოვრობს.+  ეს იმიტომ დაგემართათ, რომ ბოროტებას სჩადიოდით, რათა შეურაცხყოფა მოგეყენებინათ ჩემთვის, მსხვერპლს სწირავდით+ და ემსახურებოდით სხვა ღმერთებს, რომლებსაც არც თქვენ და არც თქვენი მამა-პაპა არ იცნობდით.+  გიგზავნიდით წინასწარმეტყველებს, ჩემს მსახურებს, დილაადრიან ვდგებოდი და გიგზავნიდით, გთხოვდით, ნუ ჩაიდენთ-მეთქი სისაძაგლეს, რომელიც მძულს.+  თქვენ კი არ მისმინეთ, ყურიც არ დამიგდეთ, მაინც სჩადიოდით ბოროტებას და სხვა ღმერთებს სწირავდით მსხვერპლს.+  ამიტომაც აენთო ჩემი რისხვა და მრისხანება და უბედურება დავატეხე იუდას ქალაქებსა და იერუსალიმის ქუჩებს; გაპარტახდა და გაუკაცრიელდა იქაურობა, რაც დღესაც ასეა“.+  აი, რას ამბობს იეჰოვა, ლაშქართა ღმერთი, ისრაელის ღმერთი: „რატომ იუბედურებთ თავს?! გინდათ, რომ იუდადან კაციც მოისპოს, ქალიც, ბავშვიც, ჩვილიც და აღარავინ დარჩეს?!  რატომ შეურაცხმყოფთ თქვენი საქმეებით, რატომ სწირავთ მსხვერპლს ღმერთებს ეგვიპტეში, სადაც საცხოვრებლად წახვედით?! დაიღუპებით, დედამიწაზე მცხოვრები ყველა ერი წყევლისას გახსენებთ და დაგძრახავთ.+  ხომ არ დაგავიწყდათ თქვენი მამა-პაპის, იუდას მეფეებისა+ და მათი ცოლების ბოროტი საქმეები,+ თქვენი და თქვენი ცოლების ბოროტი საქმეები,+ რომლებსაც სჩადიოდით იუდას მიწაზე და იერუსალიმის ქუჩებში?! 10  დღემდე არ დაგიმდაბლებიათ თავი, არ გამოგივლენიათ ჩემდამი შიში+ და არ დაგიცავთ ჩემი კანონები და წესები, რომლებიც თქვენ და თქვენს მამა-პაპას დაგიდგინეთ“.+ 11  ამიტომ აი, რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: „უბედურებას დაგატეხთ, მოვსპობ მთელ იუდას. 12  ხელს ჩავავლებ იუდადან დარჩენილებს, რომლებმაც არ დაიშალეს და მაინც წავიდნენ ეგვიპტეში საცხოვრებლად, და იქ მოვუღებ ბოლოს.+ მახვილით დაეცემიან და შიმშილით დაიხოცებიან; განურჩევლად ყველას მახვილი და შიმშილი მოუღებს ბოლოს. მათ დანახვაზე ყველას თავზარი დაეცემა, დაძრახავენ მათ და წყევლისას ახსენებენ.+ 13  მახვილით, შიმშილითა და ჭირით დავსჯი ეგვიპტის მიწაზე დასახლებულთ, როგორც იერუსალიმი დავსაჯე.+ 14  იუდადან დარჩენილთაგან, რომლებიც ეგვიპტის მიწას შეეხიზნენ, თავს ვერავინ უშველის, ვერ გადარჩება და ვერ დაბრუნდება იუდას მიწაზე. მოინდომებენ იქ დაბრუნებას და ცხოვრებას, მაგრამ ვერ დაბრუნდებიან; მხოლოდ თითო-ოროლა გადარჩენილი დაბრუნდება“». 15  იმ კაცებმა, რომლებმაც იცოდნენ, რომ მათი ცოლები სხვა ღმერთებს სწირავდნენ მსხვერპლს, იქვე მდგომმა მათმა ცოლებმა, დიდმა ჯგუფმა, და ეგვიპტის მიწაზე,+ ფათროსში+ მცხოვრებმა მთელმა ხალხმა იერემიას მიუგეს: 16  „არ შევასრულებთ იმას, რასაც იეჰოვას სახელით გვეუბნები, 17  პირიქით, იმას გავაკეთებთ, რასაც ჩვენ ვამბობთ: შევწირავთ მსხვერპლს ცის დედოფალს* და დავუღვრით მას დასაღვრელ შესაწირავს,+ როგორც ამას ვაკეთებდით ჩვენ, ჩვენი მამა-პაპა, ჩვენი მეფეები და ჩვენი მთავრები იუდას ქალაქებსა და იერუსალიმის ქუჩებში, მაშინ როცა პურს ძღომამდე ვჭამდით, კეთილდღეობაში ვცხოვრობდით და უბედურება არ გვენახა. 18  მას მერე, რაც ცის დედოფალს აღარ ვწირავთ მსხვერპლს და აღარ ვუღვრით დასაღვრელ შესაწირავს, ყველაფერი მოგვაკლდა და მახვილითა და შიმშილით ვიხოცებით“. 19  ქალებმა თქვეს: „როცა ცის დედოფალს მსხვერპლს ვწირავდით და დასაღვრელ შესაწირავს ვუღვრიდით, განა ჩვენი ქმრების დაუკითხავად ვუცხობდით მას მისი გამოსახულების კვერებს შესაწირავად და ვუღვრიდით დასაღვრელ შესაწირავს?!“ 20  იერემიამ მთელ ხალხს, კაცებს, მათ ცოლებსა და ყველას, ვინც მას ესაუბრებოდა, მიუგო: 21  „იეჰოვას ახსოვდა, არ დავიწყებია, მსხვერპლს რომ სწირავდით იუდას ქალაქებსა და იერუსალიმის ქუჩებში+ თქვენ, თქვენი მამა-პაპა, თქვენი მეფეები, მთავრები და მთელი ხალხი! 22  ბოლოს ვეღარ აიტანა იეჰოვამ თქვენი ბოროტი და საძულველი საქმეები; ამიტომაც გააპარტახა და გააუკაცრიელა თქვენი მიწა, რომლის შემხედვარეთაც დღემდე თავზარი ეცემათ და წყევლაში გახსენებენ.+ 23  ეს იმიტომ დაგემართათ, რომ ამ შესაწირავებს სწირავდით და სცოდავდით იეჰოვას, არ ემორჩილებოდით იეჰოვას და არ იცავდით მის კანონებს, წესებსა და მითითებებს*. ამიტომაც დაგატყდათ თავს ეს უბედურება და ამიტომაც ხართ ამ დღეში“.+ 24  აი, კიდევ რა უთხრა იერემიამ მთელ ხალხს და ყველა ქალს: «ისმინეთ იეჰოვას სიტყვა, ეგვიპტეში მყოფნო, მთელო იუდავ! 25  აი, რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: „რაც თქვენ და თქვენმა ცოლებმა თქვით, ასრულებთ კიდეც; თქვენ თქვით, შევასრულებთ ჩვენს აღთქმებს, შევწირავთ მსხვერპლს ცის დედოფალს და დასაღვრელ შესაწირავს დავუღვრითო.+ ქალებო, თქვენ კვლავაც შეასრულებთ და დაიცავთ თქვენს აღთქმებს“. 26  ამიტომ ისმინეთ იეჰოვას სიტყვა, ეგვიპტეში დასახლებულნო, მთელო იუდავ: „ჩემს დიდებულ სახელს ვფიცავ, — ამბობს იეჰოვა, — მთელ ეგვიპტეში ვერცერთი იუდეველი ვეღარ დაიფიცებს ჩემი სახელით+ და ვეღარ იტყვის, ცოცხალ ღმერთს, უზენაეს უფალს, იეჰოვას, ვფიცავო.+ 27  უბედურებას ვიზრახავ თქვენთვის და არა სიკეთეს;+ ეგვიპტის მიწაზე მყოფ ყველა იუდეველს მახვილი და შიმშილი შემუსრავს; ყველანი გაწყდებიან.+ 28  თითო-ოროლა გადაურჩება მახვილს და დაბრუნდება ეგვიპტიდან იუდას მიწაზე;+ გაიგებენ იუდადან დარჩენილები, რომლებიც ეგვიპტის მიწას შეეხიზნენ, ვისი სიტყვა სრულდება — ჩემი თუ მათი. 29  დაგსჯით ამ ადგილზე, — ამბობს იეჰოვა, — და მიხვდებით, რომ ჩემი ნაწინასწარმეტყველები უბედურება დაგატყდათ. 30  აი, რას ამბობს იეჰოვა: ფარაონ ხოფრას, ეგვიპტის მეფეს, ჩავაგდებ მისი მტრების ხელში, მათ ხელში, ვისაც მისი მოკვლა უნდა, როგორც იუდას მეფე ციდკია ჩავაგდე ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორის, მისი მტრის, ხელში, ვისაც მისი მოკვლა უნდოდა“».+

სქოლიოები

იგივე მემფისი.
შესაძლოა იგულისხმებოდეს ნაყოფიერების ქალღმერთი.
დედანში ეს სიტყვა ნათქვამის გამეორების, შეხსენების აზრს ატარებს.