იესო ნავეს ძე 18:1—28

  • მიწის დარჩენილი ნაწილის დანაწილება შილოში (1—10).

  • ბენიამინის სამკვიდრო (11—28).

18  შეიკრიბა შილოში+ მთელი ისრაელი და გაშალეს მათ შეხვედრის კარავი,+ რადგან უკვე დაპყრობილი ჰქონდათ ის მიწა.+  მაგრამ ისრაელის შვიდ ტომს ჯერ კიდევ არ ჰქონდა სამკვიდრო დანაწილებული.  უთხრა იესო ნავეს ძემ ისრაელებს: „რაღას აყოვნებთ, წადით და დაეუფლეთ მიწას, რომელიც იეჰოვამ, თქვენი მამა-პაპის ღმერთმა, მოგცათ.+  გამოიყვანეთ სამ-სამი კაცი თითო ტომიდან და გავგზავნი მათ, რომ წავიდნენ და მოიარონ ის მიწა, შეადგინონ მისი გეგმა* სამკვიდროების მიხედვით და ჩემთან დაბრუნდნენ.  შვიდ ნაწილად დაყონ ის.+ იუდა სამხრეთით დარჩება,+ იოსების შთამომავლები კი — ჩრდილოეთით.+  შეადგინეთ შვიდ ნაწილად დაყოფილი მიწის გეგმა და მომიტანეთ, მე კი წილს გიყრით+ იეჰოვას, ჩვენი ღვთის წინაშე.  ლევიანებს არ ექნებათ წილი თქვენ შორის,+ რადგან იეჰოვას მღვდლობა ერგოთ მემკვიდრეობად;+ გადმა, რეუბენმა და მენაშეს ტომის ნახევარმა+ უკვე მიიღო სამკვიდრო იორდანის გაღმა, აღმოსავლეთით, რომელიც იეჰოვას მსახურმა მოსემ მისცა მათ“.  გაემზადნენ ისინი წასასვლელად. უბრძანა იესო ნავეს ძემ მათ, ვინც იმ მიწის გეგმის შესადგენად მიდიოდნენ: „წადით და მოიარეთ ის მიწა, შეადგინეთ მისი გეგმა და ჩემთან დაბრუნდით; აქ, შილოში,+ გიყრით წილს იეჰოვას წინაშე“.  ისინიც წავიდნენ, მოიარეს მიწა, შვიდ ნაწილად დაყვეს და გრაგნილზე შეადგინეს მისი გეგმა ქალაქების მიხედვით. შემდეგ დაბრუნდნენ იესოსთან შილოს ბანაკში, 10  უყარა მათ წილი იესომ შილოში იეჰოვას წინაშე+ და გაუნაწილა ისრაელებს მიწა.+ 11  წილისყრით მიწა ჯერ ბენიამინის ტომს ხვდა შტოთა მიხედვით. მისი მიწა იუდასა+ და იოსების შთამომავლების+ მიწებს შორის იყო მოქცეული. 12  ჩრდილოეთით მათი საზღვარი იორდანიდან იწყებოდა და იერიხონის+ ჩრდილოეთ ფერდობამდე ადიოდა, დასავლეთით მიუყვებოდა მთას და ბეთ-ავენის+ უდაბნომდე გრძელდებოდა. 13  იქიდან საზღვარი ლუზამდე მიდიოდა, ლუზის სამხრეთ ფერდობამდე ანუ ბეთელამდე,+ საიდანაც ატაროთ-ადარისკენ+ ეშვებოდა მთაზე, ქვემო ბეთ-ხორონის+ სამხრეთით. 14  გრძელდებოდა საზღვარი დასავლეთით და სამხრეთით უხვევდა იმ მთასთან, რომელიც ბეთ-ხორონის წინ არის სამხრეთით. საზღვარი მთავრდებოდა კირიათ-ბაალთან ანუ კირიათ-იეარიმთან,+ იუდას ქალაქთან. ეს იყო დასავლეთი მხარე. 15  სამხრეთი მხარე კირიათ-იეარიმიდან იწყებოდა, საზღვარი დასავლეთით გრძელდებოდა და ნეფთოახის წყარომდე+ მიდიოდა. 16  იქიდან საზღვარი ეშვებოდა მთის ძირამდე, ჰინომის+ ძის ველის პირდაპირ რომ მდებარეობს, რეფაიმის+ ველზე ჩრდილოეთით, და ჰინომის ველისკენ ჩადიოდა, იებუსელების+ სამხრეთ ფერდობისკენ, იქიდან კი — ენ-როგელისკენ.+ 17  გრძელდებოდა საზღვარი ჩრდილოეთისკენ და ენ-შემეშისკენ მიდიოდა, იქიდან — გელილოთისკენ, რომელიც ადუმიმის მაღლობის+ პირდაპირაა, საიდანაც რეუბენის ვაჟის, ბოჰანის,+ ქვისკენ+ ეშვებოდა. 18  საზღვარი ჩრდილოეთ ფერდობზე გადიოდა არაბის პირდაპირ და არაბისკენ ეშვებოდა. 19  იქიდან საზღვარი ბეთ-ხოგლის+ ჩრდილოეთ ფერდობზე გადიოდა და მარილოვანი ზღვის*+ ჩრდილოეთ ყურესთან მთავრდებოდა, იორდანის სამხრეთ შესართავთან. ეს იყო სამხრეთი საზღვარი. 20  აღმოსავლეთით მას იორდანე ესაზღვრებოდა. ეს იყო ბენიამინის შთამომავლების სამკვიდროს საზღვრები მათი შტოების მიხედვით. 21  ეს იყო ბენიამინის ტომის ქალაქები შტოების მიხედვით: იერიხონი, ბეთ-ხოგლა, ემეკ-კეციცი, 22  ბეთ-არაბა,+ ცემარაიმი, ბეთელი,+ 23  ავიმი, ფარა, ოფრა, 24  ქეფარ-ამონი, ოფნი და გება;+ სულ 12 ქალაქი მიმდებარე დასახლებებით. 25  გაბაონი,+ რამა, ბეეროთი, 26  მიცფე, ქეფირა, მოცა, 27  რეკემი, ირფეელი, თარალა, 28  ცელა,+ ელეფი, იებუსი ანუ იერუსალიმი,+ გიბა+ და კირიათი; სულ 14 ქალაქი მიმდებარე დასახლებებით. ეს იყო ბენიამინის შთამომავლების სამკვიდრო მათი შტოების მიხედვით.

სქოლიოები

სხვაგვარად — „შეადგინონ ნახაზი“.
იგივე მკვდარი ზღვა.