იესო ნავეს ძე 22:1—34
22 მოუხმო იესო ნავეს ძემ რეუბენელებს, გადელებსა და მენაშეს ტომის ნახევარს
2 და უთხრა: „თქვენ ყველაფერს ასრულებდით, რაც იეჰოვას მსახურმა მოსემ გიბრძანათ,+ ემორჩილებოდით ყველა ჩემს ბრძანებას.+
3 დღემდე, მთელი ამ ხნის განმავლობაში, არ მიგიტოვებიათ თქვენი მოძმეები+ და იცავდით იეჰოვას, თქვენი ღვთის, მცნებას.+
4 მოასვენა მტრებისგან იეჰოვამ, თქვენმა ღმერთმა, თქვენი მოძმეები, როგორც დაჰპირდა.+ დაბრუნდით თქვენს კარვებში იმ მიწაზე, რომელიც იეჰოვას მსახურმა მოსემ მოგცათ იორდანის გაღმა,+
5 ოღონდ გულდასმით დაიცავით მცნება და კანონი, რომლებიც იეჰოვას მსახურმა მოსემ მოგცათ:+ გიყვარდეთ იეჰოვა, თქვენი ღმერთი,+ იარეთ მისი გზით,+ დაიცავით მისი მცნებები,+ უერთგულეთ მას+ და ემსახურეთ+ მთელი სულითა და გულით“.+
6 შემდეგ დალოცა ისინი იესომ და გაუშვა. ისინიც წავიდნენ თავ-თავიანთი კარვებისკენ.
7 მენაშეს ტომის ერთ ნახევარს მოსემ მისცა ბაშანში+ სამკვიდრო, მეორე ნახევარს კი იესომ მისცა მიწა იორდანის+ დასავლეთით მათი მოძმეების გვერდით. როცა იესომ ისინი თავ-თავიანთი კარვებისკენ გაუშვა, დალოცა
8 და უთხრა მათ: „დაბრუნდით თქვენ-თქვენს კარვებში აურაცხელი სიმდიდრითა და საქონლით, ოქრო-ვერცხლით, სპილენძით, რკინითა და უამრავი ტანსაცმლით;+ წაიღეთ თქვენი წილი+ მტრისგან წამოღებული ნადავლიდან თქვენთვის და თქვენი მოძმეებისთვის!“
9 წავიდნენ რეუბენელები, გადელები და მენაშეს ტომის ნახევარი ქანაანის მიწიდან, შილოდან, დატოვეს დანარჩენი ისრაელები და დაბრუნდნენ გალაადში,+ თავიანთ სამკვიდრო მიწაზე, რომელიც დამკვიდრებული ჰქონდათ იეჰოვას ბრძანებისამებრ, მოსეს პირით რომ ემცნოთ.+
10 როცა რეუბენელები, გადელები და მენაშეს ტომის ნახევარი ქანაანის მიწაზე იორდანეს მიადგნენ, იორდანესთან უზარმაზარი სამსხვერპლო ააგეს.
11 გაიგეს ეს დანარჩენმა ისრაელებმა+ და თქვეს: „რეუბენელებს, გადელებსა და მენაშეს ტომის ნახევარს სამსხვერპლო აუგიათ იორდანის მხარეში, ქანაანის მიწის საზღვართან, ჩვენს მხარეს“.
12 როცა შეიტყვეს ეს ისრაელებმა, მთელი ხალხი შილოში+ შეიკრიბა მათ წინააღმდეგ გასალაშქრებლად.
13 გაგზავნეს ისრაელებმა ფინხასი,+ ელეაზარ მღვდლის ვაჟი, რეუბენელებთან, გადელებთან და მენაშეს ტომის ნახევართან გალაადის მიწაზე
14 და თან ათი კაცი გააყოლეს, თითო თავკაცი ისრაელის თითოეული ტომიდან, შტოთა თავკაცები.+
15 მივიდნენ რეუბენელებთან, გადელებთან და მენაშეს ტომის ნახევართან გალაადის მიწაზე და უთხრეს მათ:
16 «აი, რას ამბობს იეჰოვას ხალხი: „რატომ უღალატეთ ისრაელის ღმერთს?+ რატომ აქციეთ ზურგი იეჰოვას და აიშენეთ სამსხვერპლო, რითაც ეურჩეთ იეჰოვას?+
17 არ გვეყო ფეორთან ჩადენილი დანაშაული, რისგანაც დღემდე ვერ განვწმენდილვართ?! დაგავიწყდათ, რა უბედურება დაატყდა თავს იეჰოვას მთელ ხალხს?!+
18 თქვენ კი ზურგი აქციეთ დღეს იეჰოვას. თუ დღეს ეურჩებით იეჰოვას, ხვალ იგი მთელ ისრაელს განურისხდება.+
19 თუ უწმინდურია თქვენი სამკვიდრო მიწა, გადმოდით იეჰოვას სამკვიდრო მიწაზე,+ სადაც იეჰოვას კარავია,+ და ჩვენ შორის დამკვიდრდით; ნურც თქვენ ეურჩებით იეჰოვას და ნურც ჩვენ გაგვხდით ურჩებს, რადგან იეჰოვას, თქვენი ღვთის სამსხვერპლოს გარდა, სხვა სამსხვერპლოც აიგეთ.+
20 ზერახის ვაჟი აქანი+ არ იყო, ორგულად რომ მოიქცა და აიღო ის, რაც გასანადგურებელი იყო, და მთელ ისრაელს დაატეხა რისხვა?!+ თავისი დანაშაულის გამო მარტო ის არ მომკვდარა“».+
21 რეუბენელებმა, გადელებმა და მენაშეს ტომის ნახევარმა მიუგეს ისრაელის დანარჩენი ტომების შტოთა თავკაცებს:+
22 «უზენაესმა ღმერთმა იეჰოვამ,+ უზენაესმა ღმერთმა იეჰოვამ იცის, და ისრაელიც გაიგებს: თუ ეს ურჩობაა და იეჰოვას ღალატი, ნუ დაგვინდობს დღეს!
23 თუ იმიტომ აგვეშენებინოს სამსხვერპლო, რომ იეჰოვასთვის ზურგი გვექცია, ზედ დასაწვავი მსხვერპლი და მარცვლეული შესაწირავი შეგვეწირა და სამშვიდობო მსხვერპლი აღგვევლინა, იეჰოვამ დაგვსაჯოს!+
24 ასე იმიტომ მოვიქეცით, რომ ხვალ თქვენს შვილებს ჩვენი შვილებისთვის არ ეთქვათ: „რა გაქვთ საერთო იეჰოვასთან, ისრაელის ღმერთთან?!
25 რეუბენელებო და გადელებო, იეჰოვამ იორდანე დაგვიდო საზღვრად, და რა ხელი გაქვთ იეჰოვასთან?!“ ასე თქვენი შვილები ჩვენს შვილებს იეჰოვას თაყვანისცემის ნებას არ მისცემენ.
26 ამიტომ ვთქვით: „მოდი ავაგოთ სამსხვერპლო, ოღონდ დასაწვავი ან სხვა მსხვერპლის შესაწირად კი არა,
27 არამედ თქვენ და ჩვენ შორის,+ თქვენსა და ჩვენს შთამომავლებს შორის იმის მოწმედ, რომ ჩვენც წარვდგებით იეჰოვას წინაშე და ჩვენც შევწირავთ დასაწვავ, სამშვიდობო თუ სხვა მსხვერპლს;+ და ვერ ეტყვიან ხვალ თქვენი შვილები ჩვენს შვილებს, რა ხელი გაქვთო იეჰოვასთან“.
28 ვთქვით: „თუ ასე გვეტყვიან ხვალ ჩვენ და ჩვენს შთამომავლებს, მივუგებთ, აი ისეთივე სამსხვერპლო, როგორიც იეჰოვას სამსხვერპლოა, რომელიც ჩვენმა მამა-პაპამ ააგო, არა დასაწვავი თუ სხვა მსხვერპლისთვის, არამედ ჩვენ და თქვენ შორის მოწმედო“.
29 როგორ ვეურჩებოდით იეჰოვას და როგორ შევაქცევდით ზურგს იეჰოვას,+ როგორ ავაშენებდით სხვა სამსხვერპლოს მარცვლეული შესაწირავისა და დასაწვავი თუ სხვა მსხვერპლისთვის, იეჰოვას, ჩვენი ღვთის სამსხვერპლოს გარდა, რომელიც მისი კარვის წინაა!»+
30 მოისმინეს რეუბენის, გადისა და მენაშეს შთამომავლების სიტყვები მღვდელმა ფინხასმა და მასთან ერთად მყოფმა ხალხის თავკაცებმა, ისრაელის შტოთა თავკაცებმა, და მოიწონეს.+
31 უთხრა ფინხასმა, ელეაზარ მღვდლის ვაჟმა, რეუბენის, გადისა და მენაშეს შთამომავლებს: „ახლა ვიცით, რომ იეჰოვა ჩვენ შორისაა, რადგან არ გიღალატიათ იეჰოვასთვის. თქვენ იხსენით ისრაელები იეჰოვას ხელიდან“.
32 წამოვიდნენ ფინხასი, ელეაზარ მღვდლის ვაჟი, და თავკაცები რეუბენელებისა და გადელებისგან; გალაადიდან ქანაანის მიწაზე დაბრუნდნენ და ამბავი მიუტანეს დანარჩენ ისრაელებს.
33 მოეწონათ ეს ამბავი ისრაელებს; განადიდეს მათ ღმერთი და გადაიფიქრეს რეუბენელებსა და გადელებზე გალაშქრება და მათი სამკვიდროს აოხრება.
34 სახელი დაარქვეს სამსხვერპლოს* რეუბენელებმა და გადელებმა, ამბობდნენ, ეს არის ჩვენ შორის იმის მოწმე, რომ იეჰოვააო ღმერთი.
სქოლიოები
^ როგორც კონტექსტიდან ჩანს, სამსხვერპლოს „მოწმე“ უწოდეს.