იესო ნავეს ძე 4:1—24
-
სამახსოვროდ დაწყობილი ქვები (1—24).
4 როცა მთელმა ერმა გადაკვეთა იორდანე, უთხრა იეჰოვამ იესო ნავეს ძეს:
2 „ამოარჩიე ხალხიდან 12 კაცი, თითო კაცი თითო ტომიდან,+
3 და უბრძანე, რომ 12 ქვა აიღონ შუა იორდანიდან, სადაც მღვდლებს უძრავად ედგმებათ ფეხი,+ თან წაიღონ და იმ ადგილზე დააწყონ, სადაც ღამეს გაათევენ“.+
4 მოუხმო იესო ნავეს ძემ ისრაელთაგან ამორჩეულ 12 კაცს, თითო კაცს თითო ტომიდან,
5 და უთხრა: „შედით შუა იორდანეში თქვენი ღვთის, იეჰოვას, კიდობნის წინ და ისრაელის ტომების რიცხვის მიხედვით თითოეულმა თითო ქვა დაიდეთ მხარზე,
6 რათა ეს იყოს ნიშანი თქვენთვის. თუ მომავალში გკითხავენ თქვენი შვილები, ეს რა ქვებიაო,+
7 უთხარით, იორდანის წყალი იეჰოვას შეთანხმების კიდობნის წინ გაჩერდა-თქო.+ როცა ის იორდანეზე გადაჰქონდათ, გაჩერდა იორდანის წყალი და ეს ქვები სამახსოვრო ქვებია-თქო ისრაელი ხალხისთვის სამარადისოდ“.+
8 ისე მოიქცნენ ისრაელები, როგორც იესო ნავეს ძემ უბრძანა. აიღეს 12 ქვა შუა იორდანიდან ისრაელის ტომების რიცხვის მიხედვით, როგორც იეჰოვას ჰქონდა ნაბრძანები იესოსთვის; მიიტანეს იქ, სადაც ღამე უნდა გაეთიათ, და დააწყვეს.
9 იესო ნავეს ძემ შუა იორდანეშიც დააწყო 12 ქვა, სადაც ფეხი ედგათ მღვდლებს, რომლებიც შეთანხმების კიდობანს ატარებდნენ,+ და ისინი დღემდე იქ აწყვია.
10 მღვდლები, რომლებსაც კიდობანი მიჰქონდათ, შუა იორდანეში იდგნენ, სანამ ყველაფერი ისე არ გაკეთდა, როგორც იეჰოვამ უბრძანა ხალხს იესო ნავეს ძის პირით და როგორც მოსეს ჰქონდა ნაბრძანები იესოსთვის. ხალხი აჩქარებით გადადიოდა გაღმა.
11 როცა ყველა გადავიდა, მღვდლებმა იეჰოვას კიდობანიც გადაიტანეს ხალხის თვალწინ.+
12 რეუბენელები, გადელები და მენაშეს ტომის ნახევარი დარაზმული+ გადავიდნენ სხვა ისრაელების თვალწინ, როგორც მოსეს ჰქონდა მათთვის ნაბრძანები.+
13 დაახლოებით 40 000 საომრად აღჭურვილი მეომარი გადავიდა იეჰოვას წინაშე იერიხონის ხრიოკ ველზე.
14 განადიდა იმ დღეს იეჰოვამ იესო ნავეს ძე მთელი ისრაელის თვალში;+ მთელი მისი სიცოცხლე ისეთივე რიდი ჰქონდათ იესოსი, როგორიც მოსესი.+
15 უთხრა იეჰოვამ იესო ნავეს ძეს:
16 „უბრძანე მღვდლებს, რომლებსაც მოწმობის კიდობანი უჭირავთ,+ გამოვიდნენ იორდანიდან“.
17 იესო ნავეს ძემაც უბრძანა მღვდლებს, რომ გამოსულიყვნენ იორდანიდან.
18 როცა შუა იორდანიდან გამოვიდნენ მღვდლები, რომლებსაც იეჰოვას შეთანხმების კიდობანი მოჰქონდათ,+ და ნაპირზე დადგეს ფეხი, კვლავ დაიწყო იორდანის წყალმა დინება და უწინდებურად გადმოვიდა ნაპირებიდან.+
19 პირველი თვის მე-10 დღეს გადაკვეთა ხალხმა იორდანე და გილგალში,+ იერიხონის აღმოსავლეთ საზღვართან, დაბანაკდა.
20 დააწყო გილგალში იესო ნავეს ძემ იორდანიდან აღებული 12 ქვა+
21 და უთხრა ისრაელებს: «როცა მომავალში თქვენი შვილები გკითხავენ, ეს რა ქვებიაო,+
22 აუხსენით მათ: „მშრალად გადალახა ისრაელმა იორდანე,+
23 როცა ჩვენმა ღმერთმა იეჰოვამ იორდანის წყალი დააშრო ჩვენ წინაშე, რომ გაღმა გავსულიყავით, როგორც წითელი ზღვა დააშრო ჩვენმა ღმერთმა იეჰოვამ, რომ ხალხს გადაეკვეთა ის,+
24 რათა სცოდნოდა დედამიწაზე მცხოვრებ ყველა ხალხს, რაოდენ ძლიერია იეჰოვას მკლავი+ და თქვენც ყოველთვის გქონოდათ იეჰოვას, თქვენი ღვთის, შიში“».