იესო ნავეს ძე 5:1—15
5 როცა გაიგეს იორდანის დასავლეთით მცხოვრებმა ამორეველთა+ მეფეებმა და ზღვასთან მცხოვრებმა ქანაანელთა+ მეფეებმა, რომ იეჰოვამ იორდანის წყალი დააშრო ისრაელთათვის, გული შეუდრკათ+ და მხნეობა დაკარგეს ისრაელების შიშით.+
2 მაშინ იეჰოვამ უთხრა იესო ნავეს ძეს: „კაჟის დანები გააკეთე და წინადაცვითე+ ისრაელი მამაკაცები“.
3 იესო ნავეს ძემაც გააკეთა კაჟის დანები და წინადაცვითა ისრაელი მამაკაცები გიბათ-ჰაარალოთში*.+
4 აი, რატომ წინადაცვითა ისინი: ეგვიპტიდან გამოსული ყველა ბრძოლისუნარიანი მამაკაცი უდაბნოში, გზაში დაიხოცა ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ;+
5 ეგვიპტიდან გამოსული მთელი ხალხი წინადაცვეთილი იყო, მაგრამ ვინც უდაბნოში, გზაში, დაიბადა ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ, არ ყოფილა წინადაცვეთილი;
6 ისრაელებმა 40 წელი+ იარეს უდაბნოში, სანამ მთლიანად არ გაწყდა ეგვიპტიდან გამოსული მთელი მეომარი ხალხი, რომელიც არ დაემორჩილა იეჰოვას.+ მათ იეჰოვამ დაუფიცა, რომ ვერასდროს იხილავდნენ მიწას,+ რომლის ჩვენთვის მოცემაც იეჰოვამ ჩვენს მამა-პაპას ფიცით აღუთქვა,+ მიწას, სადაც რძე და თაფლი მოედინება.+
7 მათ ნაცვლად მათი შვილები აირჩია.+ წინადაცვითა ისინი იესო ნავეს ძემ, რადგან წინადაუცვეთელნი იყვნენ; გზაში მათი წინადაცვეთა არ მომხდარა.
8 წინადაიცვითა მთელმა ერმა და დარჩნენ ისინი თავიანთ ბანაკში ჭრილობების მოშუშებამდე.
9 უთხრა იეჰოვამ იესო ნავეს ძეს: „დღეს ჩამოგაშორეთ* ეგვიპტის სირცხვილი“. ამიტომ იმ ადგილს გილგალი*+ ეწოდა და დღემდე ასე ჰქვია.
10 თვის მე-14 დღეს,+ საღამოს, გილგალში დაბანაკებულმა ისრაელებმა იერიხონის ველზე პასექი აღნიშნეს.
11 პასექის მეორე დღესვე ჭამეს იმ მიწაზე მოწეული მოსავლით მომზადებული ხმიადი+ და მოხალული მარცვლეული.
12 იმ დღის შემდეგ, რაც მათ აღებული მოსავლიდან ჭამეს, შეწყდა მანანა;+ აღარ ეძლეოდა ის ისრაელებს და იმ წელს ქანაანის მიწის მოსავალს ჭამდნენ.+
13 იერიხონთან იყო იესო ნავეს ძე, როცა გაიხედა და დაინახა მის წინ მდგარი ხმალამოწვდილი+ კაცი.+ მივიდა მასთან იესო და ჰკითხა: „მტერი ხარ თუ მოყვარე?“
14 მან მიუგო: „არც ერთი და არც მეორე. იეჰოვას ლაშქრის მეთაური ვარ!“+ მუხლი მოიდრიკა იესო ნავეს ძემ, პირქვე დაემხო მის წინაშე და უთხრა: „რას ეტყვის ჩემი ბატონი თავის მსახურს?“
15 იეჰოვას ლაშქრის მეთაურმა მიუგო იესო ნავეს ძეს: „გაიხადე სანდლები, ვინაიდან წმინდა ადგილზე დგახარ!“ იესო ნავეს ძეც მაშინვე ასე მოიქცა.+
სქოლიოები
^ ნიშნავს „ჩუჩების გორას“.
^ სიტყვასიტყვით — „ჩამოგაგორეთ“.
^ ნიშნავს „გაგორებას“, „გადაგორებას“.