იესო ნავეს ძე 9:1—27
9 როცა მომხდარის შესახებ გაიგეს ხეთელთა, ამორეველთა, ქანაანელთა, ფერიზელთა, ხიველთა და იებუსელთა+ მეფეებმა, რომლებიც იორდანის დასავლეთით+ — მთიან მხარეში, შეფელაში, დიდი ზღვის* მთელ სანაპიროსა+ და ლიბანის წინ ცხოვრობდნენ,
2 კავშირი შეკრეს, რომ შებრძოლებოდნენ იესო ნავეს ძესა და ისრაელს.+
3 გაიგეს გაბაონელებმა,+ რა დამართა იესო ნავეს ძემ იერიხონსა+ და აის.+
4 მათ წინდახედულობა გამოიჩინეს; საგზალი მოიმარაგეს, აჰკიდეს ვირებს გაცვეთილი ტომრები და ძველი, დახეთქილი და დაკერებული ტიკები,
5 ფეხზეც გაცვეთილი და დაკერებული სანდლები ჩაიცვეს და ტანზეც — გაცვეთილი ტანსაცმელი, საგზლად წაღებული პური კი გამხმარი იყო და იფშვნებოდა.
6 მივიდნენ იესო ნავეს ძესთან გილგალის ბანაკში+ და უთხრეს მას და ისრაელებს, შორი ქვეყნიდან მოვედით და გთხოვთ, დაგვიზავდითო.
7 ისრაელებმა უთხრეს ხიველებს*,+ იქნებ ჩვენთან ახლოს ცხოვრობთ და როგორ დაგიზავდეთო.+
8 უთხრეს მათ იესოს: „შენი მსახურები ვართ!“
ჰკითხა მათ იესომ: „ვინა ხართ და საიდან მოსულხართ?“
9 მათ მიუგეს: „შორი ქვეყნიდან+ მოვიდნენ შენი მსახურები იეჰოვას, შენი ღვთის სახელის გამო, რადგან გავიგეთ მისი დიდების ამბავი და ყველაფერი, რაც მან ეგვიპტეში მოიმოქმედა,+
10 და რაც ამორეველთა ორ მეფეს დამართა იორდანის გაღმა, სიხონს+ — ხეშბონის მეფეს, და ოგს+ — ბაშანის მეფეს აშთაროთში.
11 გვითხრეს ჩვენმა უხუცესებმა და ჩვენმა ხალხმა, წაიღეთ საგზალი, შეხვდით მათ და უთხარით, თქვენი მსახურები ვიქნებით,+ დაგვიზავდით-თქო.+
12 ეს პური, საგზლად რომ წამოვიღეთ, ჯერ კიდევ ცხელი იყო იმ დღეს, როცა სახლიდან წამოვედით და თქვენკენ გამოვემართეთ. ახლა კი, ხომ ხედავთ, ხმელია და იფშვნება.+
13 ეს ღვინის ტიკები ახალი იყო, როცა გავავსეთ, ახლა კი დამსკდარია;+ ტანსაცმელი და სანდლებიც შორი გზის გამო შემოგვაცვდა“.
14 ისრაელებმა ისე გამოართვეს საგზალი შესამოწმებლად, რომ არ დაეკითხნენ იეჰოვას.+
15 დაუზავდა მათ იესო+ და პირობა დაუდო, რომ ცოცხლებს დატოვებდა; ხალხის თავკაცებმაც შეჰფიცეს მათ.+
16 პირობის მიცემიდან სამი დღის შემდეგ გაიგეს, რომ ისინი მათი მეზობლები ყოფილან და მათ სიახლოვეს უცხოვრიათ.
17 დაიძრნენ ისრაელები და მესამე დღეს მიადგნენ მათ ქალაქებს: გაბაონს,+ ქეფირას, ბეეროთსა და კირიათ-იეარიმს.+
18 თავს აღარ დასხმიან მათ ისრაელები, რადგან ისრაელის ღმერთი იეჰოვა დაუფიცეს+ ხალხის თავკაცებმა. მთელმა ხალხმა ჩივილი დაიწყო თავკაცების წინააღმდეგ.
19 უთხრეს თავკაცებმა ხალხს: „ისრაელის ღმერთი იეჰოვა დავუფიცეთ მათ და ვეღარაფერს დავუშავებთ.
20 ასე მოვექცევით მათ: ცოცხლებს დავტოვებთ, რომ რისხვა არ დაგვატყდეს დადებული ფიცის გამო“.+
21 თავკაცებმა დასძინეს: „დაე იცოცხლონ, ოღონდ ისრაელებს ხის მჭრელებად და წყლის მზიდავებად დაუდგნენ!“ ასე გადაწყვიტეს თავკაცებმა გაბაონელების საქმე.
22 მოუხმო მათ იესო ნავეს ძემ და უთხრა: „მეზობლები ყოფილხართ და რატომ მოგვატყუეთ, შორიდან ვართო?!+
23 ამიერიდან დაწყევლილი იქნებით,+ ყოველთვის მონები, ხის მჭრელები და წყლის მზიდავები იქნებით ჩემი ღვთის სახლისთვის!“
24 მიუგეს მათ იესო ნავეს ძეს: „გაგებული ჰქონდათ შენს მსახურებს, რაც იეჰოვამ, შენმა ღმერთმა, თავის მსახურ მოსეს უბრძანა, რომ თქვენ მოგცემდათ მთელ მიწას და თქვენ თვალწინ მოსპობდა ამ მიწის მკვიდრთ;+ ძლიერ შეგვეშინდა თქვენი, გვეგონა, სიცოცხლეს გამოგვასალმებდით,+ და ასე ამიტომ მოვიქეცით.+
25 შენს ხელში ვართ. რაც სწორად და მართებულად მიგაჩნია, ის გვიყავი“.
26 ასეც მოექცა იგი მათ, იხსნა ისრაელთა ხელიდან და არ დაახოცვინა ისინი.
27 დაუყენა ისინი იესო ნავეს ძემ ხის მჭრელებად და წყლის მზიდავებად+ ხალხსა და იეჰოვას სამსხვერპლოს, რომლის ადგილსაც დღემდე თავად ღმერთი ირჩევს.+