იოანეს სახარება 10:1—42
10 „ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: ვინც ფარეხში სხვა გზით შედის და არა კარიდან, ქურდი და მძარცველია,+
2 მაგრამ ვინც კარიდან შედის, მწყემსია.+
3 კართან მდგომი გუშაგი მას კარს უღებს+ და ცხვარიც ისმენს მის ხმას.+ ის სახელით უხმობს თავის ცხვარს და გარეთ გამოჰყავს,
4 და, როცა თავისებს გამორეკავს, წინ მიუძღვის მათ. ცხვარიც მიჰყვება, რადგან ცნობს მის ხმას;
5 უცხოს კი არ გაჰყვება, გაექცევა, რადგან ვერ ცნობს უცხოთა ხმას“.
6 იესომ მათ ეს შედარება მოუყვანა, მათ კი ვერ გაიგეს, რას გულისხმობდა.
7 მაშინ იესომ კვლავ უთხრა მათ: „ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: მე კარი ვარ ცხვრისთვის.+
8 ყველა, ვინც ჩემ ნაცვლად მოსულა, ქურდი და მძარცველია, და ცხვარმა არ მოუსმინა მათ.
9 მე კარი ვარ. ვინც ჩემით შედის, გადარჩება; შევა, გამოვა და საძოვარს იპოვის.+
10 ქურდი მხოლოდ იმისთვის მოდის, რომ მოიპაროს, მოკლას და მოსპოს,+ მე კი იმისთვის მოვედი, რომ ცხვარს სიცოცხლე ჰქონდეს, თანაც უხვად.
11 მე კარგი მწყემსი ვარ,+ კარგი მწყემსი თავს სწირავს ცხვრისთვის.+
12 დაქირავებული მუშა, რომელიც მწყემსი არ არის და არც ცხვარია მისი, მგლის დანახვაზე ტოვებს ცხვარს და გარბის (მგელი კი იტაცებს მათ და ფანტავს),
13 რადგან ის დაქირავებული მუშაა და არ ადარდებს ცხვარი.
14 მე კარგი მწყემსი ვარ. მე ვიცნობ ჩემს ცხვარს, ჩემი ცხვარი კი მიცნობს მე,+
15 როგორც მამა მიცნობს მე და მე ვიცნობ მამას;+ მე თავს ვწირავ ცხვრისთვის.+
16 მე სხვა ცხვარიც მყავს, არა ამ ფარეხისა,+ ისინიც უნდა მოვიყვანო. ისინი მოისმენენ ჩემს ხმას და იქნება ერთი სამწყსო და ერთი მწყემსი.+
17 მამას იმიტომ ვუყვარვარ,+ რომ სიცოცხლეს ვწირავ,+ რათა კვლავ მივიღო ის.
18 ვინმე კი არ მართმევს მას, ჩემი ნებით ვწირავ. მაქვს უფლებამოსილება მის გასაწირადაც და კვლავ მისაღებადაც.+ ეს მამამ დამიდო მცნებად“.
19 ამ სიტყვების გამო იუდეველებს შორის+ აზრი გაიყო.
20 ბევრი ამბობდა: „დემონი ჰყავს და შეშლილია! რას უსმენთ მას?“
21 ზოგი კი ამბობდა: „ეს დემონით შეპყრობილი კაცის სიტყვებს არ ჰგავს. განა შეუძლია დემონს უსინათლოსთვის თვალის ახელა?!“
22 იმ დროს იერუსალიმში მიძღვნის დღესასწაულს აღნიშნავდნენ; ზამთარი იდგა.
23 იესო ტაძარში, სოლომონის სვეტებიან დერეფანში,+ მიმოდიოდა.
24 მას გარს შემოეხვივნენ იუდეველები და უთხრეს: „როდემდე უნდა გვამყოფო გაურკვევლობაში?! თუ ქრისტე ხარ, პირდაპირ გვითხარი!“
25 იესომ უპასუხა: „გითხარით და არ დაიჯერეთ. საქმეები, რომლებსაც მამაჩემის სახელით ვაკეთებ, მოწმობენ ჩემზე,+
26 მაგრამ თქვენ არ ერწმუნეთ მათ, რადგან ჩემი ცხვრები არ ხართ.+
27 ჩემი ცხვრები ისმენენ ჩემს ხმას; მე ვიცნობ მათ და ისინი მომყვებიან.+
28 მე მათ მარადიულ სიცოცხლეს ვუბოძებ+ და ისინი არასოდეს დაიღუპებიან; მათ ვერავინ გამომტაცებს ხელიდან.+
29 ისინი, ვინც მამაჩემმა მომცა, ყველაფერზე ძვირფასნი არიან, და მათ ვერავინ გამოსტაცებს ხელიდან მამას.+
30 მე და მამა ერთნი* ვართ“.+
31 იუდეველებმა კვლავ ქვებს დაავლეს ხელი მის ჩასაქოლად,
32 იესომ კი მათ უთხრა: „ბევრი კარგი საქმე გიჩვენეთ მამისგან და რომელი ერთისთვის მქოლავთ?“
33 იუდეველებმა მიუგეს: „კარგი საქმისთვის კი არ გქოლავთ, არამედ მკრეხელობისთვის,+ რადგან კაცი ხარ და თავი ღმერთად მოგაქვს!“
34 იესომ უპასუხა: «განა თქვენს კანონში არ წერია: „მე ვთქვი: თქვენ ღმერთები* ხართ“?!+
35 თუ მან ღმერთები+ უწოდა მათ, ვისაც მსჯავრს სდებს ღვთის სიტყვა, და ამით წმინდა წერილები არ უფასურდება,
36 ნუთუ მას, ვინც მამამ განწმინდა და ქვეყნიერებაში გამოგზავნა, ეუბნებით, მკრეხელობო, რადგან ვთქვი, ღვთის ძე ვარ-მეთქი?+
37 თუ მამაჩემის საქმეებს არ ვაკეთებ, ნუ მერწმუნებით,
38 მაგრამ, თუ ვაკეთებ, ჩემი თუ არ გწამთ, საქმეებს მაინც ერწმუნეთ,+ რათა გაიგოთ და იცოდეთ, რომ მამა ერთობაშია ჩემთან, მე კი — მამასთან».+
39 მაშინ კვლავ შეეცადნენ მის შეპყრობას, მაგრამ იესო ხელიდან დაუსხლტა მათ.
40 იესომ კვლავ იორდანის გაღმა გაცურა და იმ ადგილას მივიდა, სადაც ადრე იოანე ნათლავდა,+ და იქ დარჩა.
41 ბევრი მივიდა მასთან და ამბობდა: „იოანეს ერთი სასწაულიც არ მოუხდენია, მაგრამ რაც ამ კაცზე უთქვამს, ყველაფერი მართალი ყოფილა!“+
42 იქ მრავალმა ირწმუნა იგი.