იოანეს სახარება 11:1—57
11 ერთი კაცი, სახელად ლაზარე, ავად გახდა; ის მარიამსა და მის დასთან, მართასთან+ ერთად, სოფელ ბეთანიაში ცხოვრობდა.
2 ეს ის მარიამი იყო, უფალს რომ ნელსაცხებელი დაასხა ფეხებზე და შემდეგ თავისი თმით შეუმშრალა.+ სწორედ მისი ძმა იყო ლაზარე, რომელიც ავად გახდა.
3 ამიტომ მისმა დებმა იესოს შეუთვალეს: „უფალო, ის, ვინც გიყვარს, ავადაა!“
4 ეს რომ გაიგო, იესომ თქვა: „ეს ავადმყოფობა სასიკვდილო არ არის, ის ღვთის სადიდებლადაა;+ ამით განდიდდება ღვთის ძე!“
5 იესოს მართაც უყვარდა, მისი დაც და ლაზარეც.
6 იგი კიდევ ორი დღე დარჩა იქ, სადაც ლაზარეს ავადმყოფობის ამბავი შეიტყო.
7 ამის შემდეგ მან თავის მოწაფეებს უთხრა: „მოდი ისევ იუდეაში წავიდეთ!“
8 მოწაფეებმა უთხრეს: „რაბი,+ იუდეველები ახლახან ჩაქოლვას გიპირებდნენ+ და ისევ იქ მიდიხარ?“
9 იესომ უპასუხა: „დღის განმავლობაში ხომ 12 საათია სინათლე?!+ ვინც დღე დადის, არ წაიბორძიკებს, რადგან ხედავს ქვეყნიერების სინათლეს,
10 მაგრამ ვინც ღამით დადის, წაიბორძიკებს, რადგან სინათლე არ არის მასში“.
11 ამის შემდეგ იესომ უთხრა მათ: „ჩვენმა მეგობარმა ლაზარემ დაიძინა,+ მე მის გასაღვიძებლად მივდივარ“.
12 მოწაფეებმა უთხრეს: „უფალო, თუ სძინავს, გამოკეთდება“.
13 იესო ლაზარეს სიკვდილს გულისხმობდა, მათ კი ეგონათ, რომ უბრალოდ ძილზე საუბრობდა.
14 მაშინ იესომ პირდაპირ უთხრა მათ: „ლაზარე მოკვდა.+
15 მიხარია თქვენ გამო, იქ რომ არ ვიყავი, რათა ირწმუნოთ. წავიდეთ მასთან!“
16 მაშინ თომამ, რომელსაც ტყუპისცალს უწოდებდნენ, სხვა მოწაფეებს უთხრა: „ჩვენც წავიდეთ, რათა მასთან ერთად დავიხოცოთ!“+
17 მივიდა იესო და ნახა, რომ ლაზარე უკვე მეოთხე დღე იყო, რაც სამარხში დაესვენებინათ.
18 ბეთანია იერუსალიმთან ახლოს იყო, დაახლოებით 3 კილომეტრის* მანძილზე;
19 ბევრი იუდეველი მისულიყო ძმის სიკვდილით დამწუხრებული დების, მართასა და მარიამის, სანუგეშებლად.
20 როცა მართამ გაიგო, იესო მოდისო, მის შესაგებებლად გაემართა, მარიამი+ კი სახლში დარჩა.
21 მართამ იესოს უთხრა: „უფალო, აქ რომ ყოფილიყავი, არ მოკვდებოდა ჩემი ძმა,
22 მაგრამ ახლაც მჯერა, რომ რაც არ უნდა სთხოვო ღმერთს, ღმერთი მოგცემს!“
23 იესომ მას უთხრა: „აღდგება შენი ძმა!“
24 მართამ მიუგო: „ვიცი, რომ აღდგება აღდგომისას,+ უკანასკნელ დღეს!“
25 იესომ უთხრა: „მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე.+ ვისაც მე ვწამვარ, რომც მოკვდეს, გაცოცხლდება,
26 და ყოველი ცოცხალი, ვისაც ვწამვარ, არასოდეს მოკვდება!+ გწამს ეს?“
27 მართამ მიუგო: „დიახ, უფალო, მწამს, რომ ქრისტე ხარ, ღვთის ძე, რომელიც ქვეყნიერებაში უნდა მოსულიყო!“
28 ეს რომ თქვა, წავიდა, დაუძახა თავის დას, მარიამს, და ჩუმად უთხრა: „მოძღვარია+ მოსული, და გეძახის“.
29 ამის გაგონებაზე იგი სწრაფად წამოდგა და იესოსკენ გაემართა.
30 იესო ჯერაც არ იყო სოფელში შესული; ის კვლავ იქ იყო, სადაც მართა შეეგება.
31 როდესაც მარიამთან სახლში სანუგეშებლად მისულმა იუდეველებმა დაინახეს, რომ იგი საჩქაროდ წამოდგა და გარეთ გავიდა, თან გაჰყვნენ, რადგან ეგონათ, რომ სამარხთან+ მიდიოდა სატირლად.
32 როცა მარიამი მივიდა იქ, სადაც იესო იყო და დაინახა იგი, ფეხებში ჩაუვარდა მას და უთხრა: „უფალო, აქ რომ ყოფილიყავი, არ მოკვდებოდა ჩემი ძმა!“
33 როდესაც იესომ დაინახა, რომ მარიამიც ტიროდა და მასთან ერთად მისული იუდეველებიც, დამწუხრდა და ამოიოხრა.
34 შემდეგ იკითხა: „სად დაასვენეთ?“ მათ მიუგეს: „უფალო, მოდი, ნახე!“
35 იესო აცრემლდა.+
36 იუდეველები ამბობდნენ, ნახეთ, როგორ ჰყვარებიაო;
37 ზოგი მათგანი ამბობდა, ნუთუ ამ კაცმა, რომელმაც უსინათლოს თვალი აუხილა,+ ვერაფერი იღონა, რომ ის არ მომკვდარიყოო.
38 იესომ კვლავ ამოიოხრა და სამარხთან მივიდა. ეს იყო გამოქვაბული, რომელსაც ლოდი ჰქონდა მიფარებული.
39 იესომ თქვა: „მოაშორეთ ლოდი!“ მიცვალებულის დამ, მართამ, უთხრა: „უფალო, უკვე აყროლდებოდა, მეოთხე დღეა!“
40 იესომ უთხრა მას: „ხომ გითხარი, თუ ირწმუნებ, ღვთის დიდებას იხილავ-მეთქი?!“+
41 სამარხს ლოდი მოაშორეს. იესომ თვალები ზეცად აღაპყრო+ და თქვა: „მამა, გმადლობ, რომ მისმინე!
42 ვიცი, რომ ყოველთვის მისმენ, მაგრამ ეს ირგვლივ მდგომი ხალხის გასაგონად ვთქვი, რათა ირწმუნონ, რომ შენ გამომგზავნე!“+
43 ეს თქვა და დაიძახა: „ლაზარე, გამოდი!“+
44 კაცი, რომელიც მკვდარი იყო, სახვევებით ხელფეხშეკრული გამოვიდა; სახეც ნაჭრით ჰქონდა შეხვეული. იესომ უთხრა მათ: „გახსენით, იაროს!“
45 მაშინ ბევრმა იუდეველმა, რომლებიც მარიამს ახლდნენ, იხილა, რაც იესომ გააკეთა და ირწმუნა იგი.+
46 თუმცა ზოგი მათგანი წავიდა და რაც იესომ გააკეთა, ფარისევლებს შეატყობინა.
47 უფროსმა მღვდლებმა და ფარისევლებმა სინედრიონი შეკრიბეს, და ამბობდნენ: „რა ვქნათ, ეს კაცი ბევრ სასწაულს რომ ახდენს?!+
48 თავის ნებაზე რომ მივუშვათ, ყველა ირწმუნებს მას, მოვლენ რომაელები და ტაძარსაც ხელში ჩაიგდებენ და ხალხსაც“.
49 ერთ-ერთმა მათგანმა, კაიაფამ,+ რომელიც იმ წელს მღვდელმთავრად მსახურობდა, უთხრა მათ: „არაფერი გესმით
50 და ვერც იმას მიმხვდარხართ, რომ თქვენთვისვე აჯობებს, ერთი კაცი მოკვდეს ხალხისთვის, ვიდრე მთელი ერი დაიღუპოს!“
51 ეს თავისით არ უთქვამს; ის მღვდელმთავარი იყო იმ წელს და იწინასწარმეტყველა, რომ იესო ერისთვის უნდა მომკვდარიყო,
52 და არა მარტო ერისთვის, არამედ ღვთის გაფანტული შვილების შესაკრებადაც.
53 იმ დღეს შეითქვნენ, რომ მოეკლათ იგი.
54 ამიტომ ამის შემდეგ იესო იუდეველებს შორის გამოჩენას ერიდებოდა. ის წავიდა უდაბნოს ახლომდებარე მხარეში, ქალაქ ეფრემში,+ და იქ დარჩა მოწაფეებთან ერთად.
55 ახლოვდებოდა იუდეველთა პასექი+ და მთელი ქვეყნიდან მრავალი ჩავიდა იერუსალიმში პასექამდე, რათა წესისამებრ განწმენდილიყვნენ.
56 ტაძარში მყოფი ხალხი იესოს ეძებდა და ერთმანეთს ეკითხებოდა: „როგორ ფიქრობთ, დღესასწაულზეც არ მოვა იგი?!“
57 უფროს მღვდლებსა და ფარისევლებს ნაბრძანები ჰქონდათ, რომ, თუ ვინმე შეიტყობდა მის ადგილსამყოფელს, მათთვის უნდა ეცნობებინა, და ისინიც შეიპყრობდნენ.
სქოლიოები
^ სიტყვასიტყვით — „დაახლოებით 15 სტადიონის“. სტადიონი უდრიდა 185 მ-ს. იხ. დანართი ბ14.