იოანეს სახარება 17:1—26
17 ამის თქმის შემდეგ იესომ თვალები ზეცად აღაპყრო და თქვა: „მამა, მოვიდა დრო; განადიდე შენი ძე, რათა ძემ განგადიდოს შენ!+
2 შენ დაუმორჩილე მას ყოველი ხორციელი,+ რათა ყველას, ვინც მას გადაეცი, მარადიული სიცოცხლე+ მისცეს.+
3 მარადიული სიცოცხლის+ მისაღებად უნდა გეცნობოდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს,+ და მას, ვინც შენ გამოგზავნე, იესო ქრისტეს.+
4 მე განგადიდე დედამიწაზე,+ დავასრულე საქმე, რომელიც დამავალე.+
5 ახლა კი, მამა, კვლავ მიბოძე ის დიდება, ქვეყნიერების შექმნამდე რომ მქონდა შენ გვერდით ყოფნისას.+
6 შენი სახელი ვამცნე ადამიანებს, რომლებიც შენ მომეცი ქვეყნიერებიდან.+ შენები იყვნენ ისინი და მე მომეცი, და შენი სიტყვა დაიცვეს.
7 ახლა ჩასწვდნენ, რომ ყველაფერი, რაც მომეცი, შენგანაა,
8 რადგან შენგან მოსმენილი მათ გადავეცი;+ მათაც მოისმინეს და დაიჯერეს, რომ შენგან ვარ,+ და ირწმუნეს, რომ შენ გამომგზავნე.+
9 მათთვის გთხოვ, ქვეყნიერებისთვის კი არა, მათთვის, ვინც შენ მომეცი, რადგან ისინი შენები არიან;
10 ყველაფერი, რაც ჩემია, შენია, შენი კი — ჩემი,+ და მე მათ შორის განვდიდდი.
11 მე აღარ ვარ ქვეყნიერებაში, ისინი კი არიან.+ მე შენთან მოვდივარ. წმინდა მამა, დაიცავი ისინი+ შენი სახელის გულისთვის, რომელიც მიბოძე, რათა ისინიც ჩვენსავით ერთნი* იყვნენ.+
12 როცა მათთან ვიყავი, ვიცავდი მათ შენი სახელის გულისთვის,+ რომელიც მიბოძე. დავიფარე ისინი და მათგან არავინ დაღუპულა+ დაღუპვის ძის გარდა,+ რათა შესრულებულიყო წმინდა წერილში ჩაწერილი.+
13 ახლა კი შენთან მოვდივარ, და, სანამ ქვეყნიერებაში ვარ ამ ყოველივეს ვამბობ, რათა მათაც განიცადონ ის სიხარული, რასაც მე განვიცდი.+
14 შენი სიტყვა ვამცნე მათ, და ქვეყნიერებამ შეიძულა ისინი, რადგან არ არიან ქვეყნიერების ნაწილი,+ როგორც მე არ ვარ ქვეყნიერების ნაწილი.
15 იმას კი არ გთხოვ, ქვეყნიერებიდან წაიყვანო ისინი, არამედ იმას, რომ ბოროტისგან დაიცვა.+
16 ისინი არ არიან ქვეყნიერების ნაწილი,+ როგორც მე არ ვარ ქვეყნიერების ნაწილი.+
17 განწმინდე ისინი ჭეშმარიტებით;+ შენი სიტყვა ჭეშმარიტებაა!+
18 როგორც შენ გამომგზავნე ქვეყნიერებაში, ისე მე გავგზავნე ისინი ქვეყნიერებაში.+
19 მათი გულისთვის ვიწმინდები, რათა ისინიც განიწმინდონ ჭეშმარიტებით.
20 მხოლოდ ამათზე კი არ გთხოვ, არამედ იმათზეც, ვინც მათი ნათქვამით მირწმუნებს,
21 რათა ყველანი ერთნი იყვნენ,+ როგორც შენ, მამა, ჩემთან ხარ ერთობაში, მე კი — შენთან,+ რათა ისინიც ერთობაში იყვნენ ჩვენთან და ქვეყნიერებამ ირწმუნოს, რომ შენ გამომგზავნე.
22 მათაც ვუბოძე ის დიდება, შენ რომ მიბოძე, რათა ერთნი იყვნენ, როგორც ჩვენ ვართ ერთნი.+
23 მე მათთან ვარ ერთობაში, შენ კი — ჩემთან, რათა სრულყოფილ ერთობას მიაღწიონ და ქვეყნიერებამ იცოდეს, რომ შენ გამომგზავნე და ისე შეიყვარე ისინი, როგორც მე შემიყვარე.
24 მამა, მსურს, რომ ისინიც ჩემთან იყვნენ,+ ვინც შენ მომეცი, რათა დაინახონ ჩემი დიდება, შენგან ბოძებული, რადგან მანამ შემიყვარე, სანამ ქვეყნიერებას დასაბამი მიეცემოდა.+
25 მართალო მამა, ქვეყნიერებას არ შეუცნიხარ,+ მაგრამ მე გიცნობ+ და ესენიც მიხვდნენ, რომ შენ გამომგზავნე.
26 ვამცნე მათ შენი სახელი და კვლავაც ვამცნობ,+ რათა მათაც ჰქონდეთ ის სიყვარული, რომლითაც შემიყვარე, და მე მათთან ვიყო ერთობაში“.+
სქოლიოები
^ სხვაგვარად — „ერთობაში“.