იოანეს სახარება 19:1—42

  • იესოს შოლტავენ და დასცინიან (1—7).

  • პილატე მორიგ დაკითხვას უწყობს იესოს (8—16ა).

  • იესოს ძელზე აკრავენ (16ბ—24).

  • იესო ზრუნავს დედამისზე (25—27).

  • იესოს სიკვდილი (28—37).

  • იესოს დაკრძალვა (38—42).

19  შემდეგ პილატეს ბრძანებით იესო წაიყვანეს და გაშოლტეს.+  ჯარისკაცებმა ეკლებისგან გვირგვინი დაწნეს, თავზე დაადგეს და იისფერი მოსასხამი მოასხეს.+  მიდიოდნენ მასთან და ეუბნებოდნენ: „მოგესალმებით, იუდეველთა მეფეო!“, და სილას აწნავდნენ.+  პილატე ისევ გარეთ გამოვიდა და უთხრა ხალხს: „აჰა, გამომყავს იგი თქვენთან, რათა იცოდეთ, რომ ვერაფერში ვდებ ბრალს!“+  მაშინ იესო გარეთ გამოვიდა თავზე ეკლის გვირგვინითა და იისფერი მოსასხამით. პილატემ მიმართა ხალხს: „აი კაცი!“  მის დანახვაზე უფროსი მღვდლები და მცველები აყვირდნენ: „ძელზე გააკარი! ძელზე გააკარი!“+ პილატემ უთხრა მათ: „წაიყვანეთ და თქვენ თვითონ გააკარით, რადგან მე ვერაფერში ვდებ ბრალს!“+  იუდეველებმა მიუგეს: „ჩვენ გვაქვს კანონი, რომლის მიხედვითაც ის სიკვდილს იმსახურებს,+ რადგან ღვთის ძედ მოაქვს თავი“.+  ეს რომ გაიგო, პილატე კიდევ უფრო შეშინდა,  შიგნით შევიდა და იესოს ჰკითხა: „საიდან ხარ?“ იესოს პასუხი არ გაუცია.+ 10  მაშინ პილატემ უთხრა მას: „მე არ მცემ პასუხს?! ნუთუ არ იცი, რომ შენი გათავისუფლებაც და ძელზე გაკვრაც ჩემს ხელთაა?!“ 11  იესომ უპასუხა: „ჩემზე არავითარი უფლებამოსილება არ გექნებოდა, ზევიდან რომ არ გქონდეს მოცემული. ამიტომაც მას, ვინც ჩემი თავი შენ გადმოგცა, უფრო დიდი ცოდვა აწევს!“ 12  ამის გამო პილატე ცდილობდა, როგორმე გაეთავისუფლებინა იგი. იუდეველები კი გაჰყვიროდნენ: „შენ თუ მაგას გაათავისუფლებ, კეისრის მეგობარი არ ყოფილხარ! ვისაც მეფედ მოაქვს თავი, კეისრის მოწინააღმდეგეა!“+ 13  ეს სიტყვები რომ მოისმინა, პილატემ გარეთ გაიყვანა იესო და დაჯდა სასამართლო ტახტზე, რომელიც „ქვაფენილად“ წოდებულ ადგილას იდგა; ებრაულად მას „გაბათა“ ერქვა. 14  ხალხი პასექის სამზადისში+ იყო; მეექვსე საათი* იქნებოდა. პილატემ იუდეველებს მიმართა: „აი თქვენი მეფე!“ 15  ისინი კი აყვირდნენ: „მოგვაშორე! მოგვაშორე! ძელზე გააკარი!“ პილატემ ჰკითხა მათ: „თქვენი მეფე გავაკრა ძელზე?“ უფროსმა მღვდლებმა უპასუხეს: „ჩვენ არ გვყავს მეფე კეისრის გარდა!“ 16  მაშინ გადასცა პილატემ იგი მათ ძელზე გასაკრავად.+ მათაც წაიყვანეს იესო. 17  მიიტანა მან თავისი წამების ძელი* „თავის ქალად“ წოდებულ ადგილას,+ რომელსაც ებრაულად „გოლგოთა“ ჰქვია.+ 18  იქ ის ძელზე+ გააკრეს. მასთან ერთად აქეთ-იქით გაკრული იყო ორი სხვაც; იესო მათ შორის იყო.+ 19  პილატეს ბრძანებით წარწერაც გააკეთეს და წამების ძელზე* დაამაგრეს. წარწერა ასეთი იყო: „იესო ნაზარეთელი, იუდეველთა მეფე“.+ 20  ბევრმა იუდეველმა წაიკითხა ეს წარწერა, რადგან ადგილი, სადაც იესო ძელზე გააკრეს, ქალაქთან ახლოს იყო, თანაც წარწერა ებრაულ, ლათინურ და ბერძნულ ენებზე იყო შესრულებული. 21  იუდეველთა უფროსი მღვდლები პილატეს ეუბნებოდნენ: «ნუ წერ: „იუდეველთა მეფე“, დაწერე, როგორც მან თქვა: „მე ვარ იუდეველთა მეფე“». 22  პილატემ უპასუხა: „რაც დავწერე, დავწერე!“ 23  როცა ჯარისკაცებმა იესო ძელზე გააკრეს, აიღეს მისი მოსასხამი და სამოსელი. მოსასხამი ოთხ ნაწილად გაყვეს, რომ თითოეულ ჯარისკაცს თითო ნაწილი შეხვედროდა, სამოსელი კი უნაკერო იყო, თავიდან ბოლომდე ნაქსოვი. 24  ერთმანეთს უთხრეს: „ნუ დავხევთ, კენჭი ვყაროთ და ვისაც შეხვდება, იმისი იყოს!“+ ეს იმიტომ მოხდა, რომ შესრულებულიყო წმინდა წერილში ჩაწერილი: „ჩემი მოსასხამი გაინაწილეს და ჩემს სამოსელზე წილი ყარეს“.+ ჯარისკაცებიც სწორედ ასე მოიქცნენ. 25  იესოს წამების ძელთან* იდგნენ დედამისი,+ დეიდამისი, კლოპას ცოლი მარიამი და მაგდალელი მარიამი.+ 26  იქ მდგომი დედამისი და თავისი საყვარელი მოწაფე+ რომ დაინახა, იესომ დედას უთხრა: „აი შენი ვაჟი!“ 27  მერე კი მოწაფეს უთხრა: „აი დედაშენი!“ იმ მოწაფემ მარიამი თავისთან წაიყვანა. 28  იესომ იცოდა, რომ უკვე ყველაფერი შესრულდა, და თქვა: „მწყურია!“,+ რითაც აღასრულა წმინდა წერილში ჩაწერილი. 29  იქვე ძმრით სავსე ჭურჭელი იდგა. ძმრით გაჟღენთილი ღრუბელი უსუპის ღეროს წამოაცვეს და იესოს პირთან მიუტანეს. + 30  როცა ძმარი იგემა, იესომ თქვა: „აღსრულდა!“+ თავი დახარა და სული განუტევა.+ 31  სამზადისის დღე+ იყო და გვამები ძელზე* რომ არ დარჩენილიყო+ შაბათს (რადგან დიდი შაბათი დგებოდა),+ იუდეველებმა პილატეს სთხოვეს, რომ წვივები გადაემტვრიათ მათთვის და ჩამოეხსნათ. 32  მაშინ მივიდნენ ჯარისკაცები და იმ კაცებს, იესოსთან ერთად რომ იყვნენ ძელზე გაკრულნი, წვივები გადაუმტვრიეს. 33  როცა იესოსთან მივიდნენ, ნახეს, რომ ის უკვე მკვდარი იყო და წვივები აღარ გადაუმტვრევიათ მისთვის. 34  მაგრამ ერთმა ჯარისკაცმა შუბი აძგერა ფერდში,+ და მას მაშინვე სისხლი და წყალი წამოუვიდა. 35  ამის შესახებ თვითმხილველმა დაამოწმა და მისი მოწმობა უტყუარია. მან იცის, რომ სიმართლეს ამბობს, რათა ეს თქვენც ირწმუნოთ.+ 36  ეს ყოველივე იმიტომ მოხდა, რომ შესრულებულიყო წმინდა წერილში ჩაწერილი: „მისი ძვალი არ გადატყდება“.+ 37  წმინდა წერილში ესეც ეწერა: „შეხედავენ მას, ვინც განგმირეს“.+ 38  ამის შემდეგ იოსებ არიმათეელმა, რომელიც იესოს მოწაფე იყო, ოღონდ ფარულად, რადგან იუდეველების ეშინოდა,+ პილატეს იესოს ცხედრის ჩამოხსნის ნებართვა სთხოვა. პილატემ ნება დართო. ისიც მივიდა და ჩამოხსნა ცხედარი.+ 39  მივიდა ნიკოდემეც,+ რომელმაც პირველად ღამით მიაკითხა მას, და მიიტანა 100 ლიტრამდე* ზმირინისა და ალოეს ნაზავი.+ 40  იესოს ცხედარი ამ ნაზავთან ერთად გაახვიეს სახვევებში+ იუდეველთა დაკრძალვის ჩვეულებისამებრ. 41  იმ ადგილას, სადაც ის ძელზე გააკრეს, ბაღი იყო, ბაღში კი — ახალი სამარხი,+ რომელშიც მანამდე არავინ დაესვენებინათ. 42  იუდეველები სამზადისში+ იყვნენ, და რადგან სამარხი ახლოს იყო, იესო იქ დაასვენეს.

სქოლიოები

დაახლ. დღის 12 სთ.
იხ. „ძელი, წამების ძელი“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
იხ. „ძელი, წამების ძელი“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
იხ. „ძელი, წამების ძელი“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
იხ. „ძელი, წამების ძელი“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
დედანში გამოყენებული ბერძნული სიტყვა მიუთითებს წონის ერთეულზე, რომელიც უდრიდა 327 გრ-ს.