იოანეს სახარება 3:1—36
3 იყო ერთი ფარისეველი კაცი, სახელად ნიკოდემე,+ იუდეველთა ერთ-ერთი მმართველი.
2 ღამით იგი იესოსთან მივიდა+ და უთხრა: „რაბი,+ ვიცით, რომ ღვთისგან გამოგზავნილი მოძღვარი ხარ, რადგან ვერავინ, თუ მასთან ღმერთი არ არის,+ ვერ მოახდენს იმ სასწაულებს,+ შენ რომ ახდენ“.
3 იესომ მიუგო: „ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნები: თუ კაცი ხელახლა არ დაიბადება*,+ ვერ იხილავს ღვთის სამეფოს“.+
4 ნიკოდემემ ჰკითხა მას: „მოხუცი კაცი ხელახლა როგორ დაიბადება? ისევ ხომ არ შევა დედის მუცელში და ხელმეორედ ხომ არ გაჩნდება?!“
5 იესომ მიუგო: „ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნები: თუ კაცი წყლისა+ და სულისგან+ არ დაიბადება, ვერ დაიმკვიდრებს ღვთის სამეფოს.
6 ხორცისგან შობილი ხორცია, სულისგან შობილი — სული.
7 ნუ გიკვირს, რომ გითხარი ხელახლა უნდა დაიბადოთ-მეთქი.
8 ქარი იქით უბერავს, საითაც მოისურვებს. მისი ხმა გესმის, მაგრამ არ იცი, საიდან მოქრის ან საით მიქრის. ასევეა ყველა, ვინც სულისგან არის შობილი“.+
9 ნიკოდემემ ჰკითხა მას: „როგორ მოხდება ეს?“
10 იესომ უპასუხა: „მოძღვარი ხარ ისრაელში და ეს არ იცი?!
11 ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნები: რაც ვიცით, იმას ვლაპარაკობთ, და რაც გვინახავს, იმის შესახებ ვამოწმებთ, მაგრამ თქვენ არ იღებთ ჩვენ მიერ დამოწმებულს.
12 მიწიერზე გელაპარაკეთ და არ იწამეთ, და ზეციურზე რომ გელაპარაკოთ, როგორღა ირწმუნებთ?!
13 ზეცაში არავინ ასულა+ ზეციდან ჩამოსული+ კაცის ძის გარდა.
14 როგორც მოსემ აღმართა გველი უდაბნოში,+ ასევე უნდა აღიმართოს კაცის ძე,+
15 რათა ყველას, ვისაც ის სწამს, მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს.+
16 ღმერთმა ქვეყნიერება ისე შეიყვარა, რომ თავისი მხოლოდშობილი ძე მისცა,+ რათა ვისაც ის სწამს, არ დაიღუპოს, არამედ მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს.+
17 ღმერთმა ქვეყნიერების გასასამართლებლად კი არ გამოგზავნა თავისი ძე, არამედ იმიტომ, რომ მისი მეშვეობით ეხსნა ქვეყნიერება.+
18 ვისაც ის სწამს, არ გასამართლდება;+ ვისაც არ სწამს, უკვე გასამართლებულია, რადგან არ ირწმუნა ღვთის მხოლოდშობილი ძე*.+
19 აი გასამართლების საფუძველი: ქვეყნიერებას სინათლე მოევლინა,+ მაგრამ ხალხმა სინათლის მაგივრად სიბნელე შეიყვარა, რადგან ბოროტებას სჩადიოდნენ ისინი.
20 ბოროტების ჩამდენს სძულს სინათლე და არ მიდის სინათლისკენ, რათა არ ამხილონ თავისი საქმეების გამო,
21 მაგრამ ვინც იმას აკეთებს, რაც სწორია, სინათლისკენ მიდის,+ რათა ცხადი გახდეს მისი საქმეები, რომლებიც ღვთის ნების შესაბამისად აქვს გაკეთებული“.
22 ამის შემდეგ იესო თავის მოწაფეებთან ერთად იუდეის სოფლებისკენ გაემართა; რაღაც ხანს იქ მათთან ერთად დარჩა და ხალხს ნათლავდა.+
23 იოანეც ნათლავდა ენონში, სალიმის მახლობლად, რადგან ის ადგილი წყალუხვი იყო+ და ხალხიც მიდიოდა მასთან მოსანათლავად.+
24 მაშინ იოანე ჯერ კიდევ არ იყო დაპატიმრებული.+
25 იოანეს მოწაფეებს განწმენდის წესების თაობაზე ერთ იუდეველთან დავა მოუვიდათ.
26 ისინი მივიდნენ იოანესთან და უთხრეს: „რაბი, ის, ვინც იორდანის გაღმა შენთან იყო და ვის შესახებაც ამოწმებდი,+ ხალხს ნათლავს და ყველა მასთან მიდის“.
27 იოანემ მიუგო: „კაცი ვერაფერს მიიღებს, თუ ზეციდან არ აქვს მიცემული.
28 თქვენ თვითონ დამემოწმებით, რომ ვთქვი, ქრისტე კი არ ვარ,+ მის წინ ვარ გამოგზავნილი-მეთქი.+
29 ვისაც პატარძალი ჰყავს, ის ნეფეა,+ ხოლო ნეფის მეგობარი, რომელიც მის გვერდითაა და ისმენს ნეფის ხმას, დიდად ხარობს. მეც ამიტომ ვხარობ ასე.
30 ის უნდა იზრდებოდეს, მე კი ვმცირდებოდე“.
31 ზევიდან მომავალი+ ყველაზე აღმატებულია; ვინც მიწიდანაა, მიწიერია და მიწიერზე ლაპარაკობს, ზეციდან მომავალი კი ყველას აღემატება.+
32 რაც მას უხილავს და მოუსმენია,+ იმის შესახებ ამოწმებს, მაგრამ მის მიერ დამოწმებულს არავინ იღებს.+
33 ვინც ირწმუნა მის მიერ დამოწმებული, ბეჭედი დაასვა იმას, რომ ღმერთი ჭეშმარიტია.+
34 ვინც ღმერთმა გამოგზავნა, ღვთის სიტყვებს ლაპარაკობს,+ რადგან ღმერთი გულუხვად იძლევა სულს.
35 მამას უყვარს ძე+ და ყველაფერი მას გადასცა.+
36 ვისაც ძე სწამს, მარადიული სიცოცხლე აქვს,+ ხოლო ვინც ძეს არ ემორჩილება, ვერ მიიღებს სიცოცხლეს+ და ღვთის რისხვას ვერ დააღწევს თავს.+