იოანეს სახარება 7:1—52
7 იესო კვლავ გალილეაში ქადაგებდა; მას არ უნდოდა იუდეაში წასვლა, რადგან იუდეველები მოკვლას უპირებდნენ.+
2 ახლოვდებოდა იუდეველთა კარვობის დღესასწაული*.+
3 ამიტომ მას ძმებმა+ უთხრეს: „წადი იუდეაში, რათა შენმა მოწაფეებმა იქაც იხილონ შენი საქმეები;
4 როცა ვინმეს უნდა, ხალხმა გაიცნოს, უჩუმრად არაფერს აკეთებს, და, რაკი ამ ყოველივეს აკეთებ, ეჩვენე ხალხს!“
5 სინამდვილეში, მის ძმებს არ სწამდათ მისი.+
6 ამიტომ იესომ უთხრა მათ: „ჩემი დრო ჯერ არ დამდგარა,+ თქვენი დრო კი ყოველთვის არის.
7 ქვეყნიერებას თქვენი სიძულვილის მიზეზი არა აქვს, მე კი ვძულვარ, რადგან მის ბოროტ საქმეებს ვააშკარავებ.+
8 თქვენ წადით დღესასწაულზე; მე ჯერ არ წავალ, რადგან ჩემი დრო ჯერ არ დამდგარა“.+
9 მათ ეს უთხრა, თვითონ კი გალილეაში დარჩა.
10 როდესაც მისი ძმები დღესასწაულზე წავიდნენ, თვითონაც წავიდა, ოღონდ სხვებისგან მალულად.
11 იუდეველები ეძებდნენ მას დღესასწაულზე და კითხულობდნენ, სად არისო.
12 ხალხში მითქმა-მოთქმა ატყდა: ერთნი ამბობდნენ, კარგი კაციაო, მეორენი კი — არ არის კარგი, ხალხი შეცდომაში შეჰყავსო.+
13 თუმცა სახალხოდ ვერაფერს ამბობდნენ, რადგან იუდეველებისა ეშინოდათ.+
14 შუა დღესასწაულზე იესო ტაძარში ავიდა და ასწავლიდა.
15 გაკვირვებული იუდეველები კი კითხულობდნენ, საიდან იცის ასე წმინდა წერილები,+ როცა არსად უსწავლიაო*.+
16 იესომ მათ მიუგო: „რასაც ვასწავლი, ჩემგან კი არა, ჩემი გამომგზავნელისგანაა.+
17 ვისაც მისი ნების შესრულება უნდა, გაიგებს, ღვთისას ვასწავლი+ თუ ჩემსას.
18 ვინც თავისას ლაპარაკობს, დიდების მოხვეჭა სურს, ხოლო ვისაც თავისი გამომგზავნელის განდიდება სურს,+ მართალია და უმართლობისგან განმდგარი.
19 განა არ მოგცათ მოსემ კანონი?!+ მაგრამ არცერთი თქვენგანი არ ემორჩილება კანონს. რატომ მიპირებთ მოკვლას?“+
20 ხალხმა უპასუხა: „დემონი გყავს! ვინ გიპირებს მოკვლას?!“
21 იესომ მიუგო: „ერთი რამ გავაკეთე და ყველას გიკვირთ.
22 ამიტომ დაფიქრდით: მოსემაც ხომ დაგიწესათ წინადაცვეთა+ — თუმცა ეს მოსესგან კი არა, მამა-პაპისგან არის+ — და შაბათობით წინადაცვეთთ ხოლმე კაცს.
23 თუ კაცს წინადაცვეთთ შაბათს, რათა მოსეს კანონი არ დაირღვეს, მე რატომ მირისხდებით იმის გამო, რომ შაბათს კაცი სრულად განვკურნე?!+
24 ნუღარ განსჯით იმის მიხედვით, რასაც თვალი ხედავს, სამართლიანად განსაჯეთ!“+
25 მაშინ ზოგიერთმა იერუსალიმელმა თქვა: „ეს ის კაცი არ არის, მოკვლას რომ უპირებენ?!+
26 მაგრამ ნახეთ, სახალხოდ ლაპარაკობს და ვერაფერს ეუბნებიან! ხომ არ დარწმუნდნენ მმართველები, რომ ნამდვილად ქრისტეა?!
27 ჩვენ ვიცით, საიდან არის ეს კაცი,+ მაგრამ ქრისტე რომ მოვა, არავის ეცოდინება, საიდან იქნება იგი“.
28 მაშინ იესომ, რომელიც ტაძარში იყო და ასწავლიდა, ხმამაღლა თქვა: „მეც მიცნობთ და ისიც იცით, საიდან ვარ. ჩემით არ მოვსულვარ,+ ჩემი გამომგზავნელი ნამდვილად არსებობს, მაგრამ თქვენ არ იცნობთ მას.+
29 მე ვიცნობ მას,+ რადგან მისგან ვარ და მან გამომგზავნა“.
30 ისინი მის შეპყრობას ცდილობდნენ,+ მაგრამ ხელი ვერავინ დააკარა, რადგან მისი დრო ჯერ არ დამდგარიყო.+
31 თუმცა ხალხიდან ბევრმა ირწმუნა იგი,+ და ამბობდნენ, როცა ქრისტე მოვა, განა ამაზე მეტ სასწაულს მოახდენსო?!
32 ფარისევლებმა გაიგეს, რომ ხალხში ასეთი მითქმა-მოთქმა ამტყდარიყო; მათ და უფროსმა მღვდლებმა მცველები გაგზავნეს მის შესაპყრობად.
33 იესომ თქვა: „კიდევ ცოტა ხანს ვიქნები თქვენთან, შემდეგ კი ჩემს გამომგზავნელთან წავალ.+
34 მომძებნით, მაგრამ ვერ მიპოვით, და სადაც მე ვიქნები, იქ თქვენ ვერ მოხვალთ“.+
35 იუდეველები ერთმანეთს ეუბნებოდნენ: „სად მიდის ისეთ ადგილზე, ჩვენ რომ ვერ ვიპოვით? ბერძნებს შორის გაფანტულ იუდეველებთან ხომ არ მიდის, ბერძნებს რომ ასწავლოს?
36 რას ნიშნავს მისი ნათქვამი, მომძებნით, მაგრამ ვერ მიპოვით, და სადაც მე ვიქნები, იქ თქვენ ვერ მოხვალთო?“
37 დღესასწაულის+ ბოლო, დიდ დღეს იესო ადგა და ხმამაღლა თქვა: «თუ ვინმეს სწყურია, მოვიდეს ჩემთან და დალიოს.+
38 ვისაც მე ვწამვარ, როგორც წმინდა წერილშია ნათქვამი, „მისგან სიცოცხლის წყლის ნაკადულები იდინებს“».+
39 მან იგულისხმა სული, რომელიც მის მორწმუნეებს უნდა მიეღოთ; მათ ჯერ არ ჰქონდათ სული მიღებული,+ ვინაიდან იესო ჯერ არ განდიდებულიყო.+
40 ზოგმა ამ სიტყვების მოსმენაზე თქვა, ეს ნამდვილად ის წინასწარმეტყველიაო,+
41 სხვები კი ამბობდნენ, ქრისტეაო,+ ზოგიც ამბობდა: „განა გალილეიდან უნდა მოსულიყო ქრისტე?!+
42 განა წმინდა წერილში არაა ნათქვამი, რომ ქრისტე დავითის შთამომავალი+ იქნებოდა და ბეთლემიდან,+ დავითის სოფლიდან, მოვიდოდა?!“+
43 მის გამო ხალხში აზრი გაიყო.
44 ზოგიერთს მისი შეპყრობა უნდოდა, მაგრამ ხელი ვერავინ დააკარა.
45 დაბრუნდნენ მცველები უფროს მღვდლებთან და ფარისევლებთან. მათ ჰკითხეს: „რატომ არ მოიყვანეთ?“
46 მცველებმა უპასუხეს: „მის მსგავსად ჯერ არავის ულაპარაკია!“+
47 ფარისევლებმა მიუგეს: „თქვენც ხომ არ შეგაცდინათ?!
48 განა ირწმუნა ის რომელიმე მმართველმა ან ფარისეველმა?!+
49 დაწყევლილია ეს კანონის უცოდინარი ხალხი!“
50 ერთმა მათგანმა, ნიკოდემემ, რომელიც მანამდე ნამყოფი იყო იესოსთან, უთხრა მათ:
51 „განა ასამართლებენ კაცს ჩვენი კანონით, თუ ჯერ არ მოუსმინეს მას და არ გაიგეს, რას აკეთებს იგი?!“+
52 მათ კი მიუგეს: „შენც გალილეიდან ხომ არ ხარ?! გამოიკვლიე და ნახავ, რომ გალილეიდან არცერთი წინასწარმეტყველი არ უნდა მოსულიყო“.*
სქოლიოები
^ იხ. „კარვობის დღესასწაული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
^ იგულისხმება რაბინთა სკოლებში სწავლა.
^ ბევრ უძველეს ავტორიტეტულ ხელნაწერში არ გვხვდება მონაკვეთი მე-7 თავის 53-ე მუხლიდან მე-8 თავის მე-11 მუხლის ჩათვლით.