კანონი 10:1—22

  • ფილების ხელახლა დამზადება (1—11).

  • რას ითხოვს იეჰოვა (12—22).

    • გეშინოდეთ იეჰოვასი და გიყვარდეთ (12).

10  «მაშინ იეჰოვამ მითხრა: „გამოთალე პირველი ფილების მსგავსი ორი ქვის ფილა+ და ამოდი ჩემთან მთაზე; კიდობანიც გააკეთე ხისგან.  ამ ფილებზეც დავწერ იმ სიტყვებს, რომლებიც პირველ ფილებზე ეწერა, შენ რომ დაამტვრიე, და კიდობანში ჩააწყვე“.  გავაკეთე აკაციის ხისგან კიდობანი და გამოვთალე პირველი ფილების მსგავსი ქვის ფილები. ავედი მთაზე; ხელში ის ორი ფილა მეჭირა.+  იეჰოვამ იმ ფილებზეც ის დაწერა, რაც პირველ ფილებზე ეწერა,+ ათი მცნება,+ რომლებიც იეჰოვამ იმ დროს გითხრათ მთაზე ცეცხლიდან,+ როცა შეკრებილები იყავით;+ შემდეგ მომცა მან ის ფილები.  მოვტრიალდი და ჩამოვედი მთიდან,+ ფილები იეჰოვას ბრძანებისამებრ ჩემ გაკეთებულ კიდობანში ჩავაწყვე, და ახლაც იქ აწყვია.  დაიძრნენ ისრაელები ბეეროთ ბენე-იააკანიდან და მოსერისკენ გაემართნენ. იქ მოკვდა აარონი და იქვე დამარხეს;+ მის ნაცვლად მღვდლად მსახურებას მისი ვაჟი ელეაზარი შეუდგა.+  იქიდან გუდგოდისკენ დაიძრნენ, გუდგოდიდან — იოტბათისკენ,+ იმ ადგილისკენ, სადაც წყაროებია.  იმ დროს გამოაცალკევა იეჰოვამ ლევის ტომი,+ რომ იეჰოვას შეთანხმების კიდობანი+ ეტარებინათ და იეჰოვას წინაშე მდგარიყვნენ, რათა ემსახურათ მისთვის და დაელოცათ ხალხი მისი სახელით,+ რაც ასეა დღესაც.  ამიტომ ლევის არ მიეცა წილი და სამკვიდრო თავის ძმებს შორის; იეჰოვაა მისი სამკვიდრო, როგორც იეჰოვამ, შენმა ღმერთმა, უთხრა მას.+ 10  40 დღე და ღამე დავრჩი მთაზე,+ როგორც პირველად. იეჰოვამ მაშინაც მომისმინა;+ გადაიფიქრა იეჰოვამ თქვენი განადგურება. 11  იეჰოვამ მითხრა: „წასასვლელად მოამზადე ხალხი, გაუძეხი, რომ შევიდნენ და დაიმკვიდრონ ის მიწა, რომლის მიცემაც მათ მამა-პაპას ფიცით აღვუთქვი“.+ 12  ისრაელო, რას ითხოვს შენგან იეჰოვა, შენი ღმერთი?+ იმას, რომ გეშინოდეს იეჰოვასი, შენი ღვთისა,+ იარო მისი გზით,+ გიყვარდეს იგი და ემსახურო იეჰოვას, შენს ღმერთს, მთელი სულითა და გულით,+ 13  დაიცვა იეჰოვას მცნებები და წესები, რომლებსაც დღეს გიბრძანებ შენდა საკეთილდღეოდ.+ 14  იეჰოვასია ზეცა, ზეცათა ზეცა, დედამიწა და ყველაფერი, რაც მასშია.+ 15  მაგრამ მხოლოდ შენს მამა-პაპას დაუახლოვდა იეჰოვა და შეიყვარა, თქვენ, მათი შთამომავლები,+ კი სხვა ხალხებიდან გამოგარჩიათ, რაც დღესაც ასეა. 16  გაისუფთავეთ* გულები+ და ნუღარ გაჯიუტდებით.+ 17  იეჰოვა, თქვენი ღმერთი, უზენაესი ღმერთი+ და უზენაესი უფალია, დიდებული ღმერთი, ძლევამოსილი და შიშის მომგვრელი. მიუკერძოებელია+ და ქრთამს არ იღებს; 18  სამართალს უჩენს ქვრივ-ობლებს,+ უყვარს ხიზნები+ და არ აკლებს მათ საკვებსა და სამოსს. 19  თქვენც უნდა გიყვარდეთ ხიზნები, რადგან თქვენც ხიზნები იყავით ეგვიპტეში.+ 20  გეშინოდეს იეჰოვასი, შენი ღვთისა, მას ემსახურე,+ მას უერთგულე და მისი სახელი დაიფიცე. 21  მხოლოდ ის განადიდე;+ ის არის შენი ღმერთი, რომელმაც ეს დიდებული და შიშის მომგვრელი საქმეები მოიმოქმედა შენთვის, რაც საკუთარი თვალით იხილე.+ 22  შენი მამა-პაპა სულ 70-ს ითვლიდა, როცა ეგვიპტეში ჩავიდა,+ ახლა კი იეჰოვამ ცის ვარსკვლავებივით გაგამრავლათ».+

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — „წინადაიცვითეთ“.