კანონი 17:1—20
17 „არ შესწირო იეჰოვას, შენს ღმერთს, მოზვერი ან ცხვარი, რომელსაც ნაკლი აქვს ან რაიმე სჭირს, რადგან სისაძაგლეა ეს იეჰოვასთვის, შენი ღვთისთვის.+
2 თუ ერთ-ერთ იმ ქალაქში, რომელსაც იეჰოვა, შენი ღმერთი, მოგცემს, ვინმე, ქალი იქნება თუ კაცი, ბოროტებას ჩაიდენს იეჰოვას, შენი ღვთის, თვალში და მის შეთანხმებას დაარღვევს,+
3 გზიდან გადაუხვევს, თაყვანს სცემს სხვა ღმერთებს და პირქვე დაემხობა მათ წინაშე ან მზის, ან მთვარის ან ციური ლაშქრის წინაშე,+ რაც არ მიბრძანებია,+
4 შენ კი გეტყვიან ან ყურს მოკრავ ამას, საგულდაგულოდ გამოიკვლიე. თუ აღმოჩნდება, რომ ეს სიმართლეა+ და სისაძაგლე მომხდარა ისრაელში,
5 ვინც ეს ბოროტება ჩაიდინა, კაცი იქნება თუ ქალი, გაიყვანე კარიბჭესთან და ჩაქოლე, გინდ კაცი იყოს, გინდ ქალი.+
6 ორი ან სამი მოწმის ჩვენებით მოკვდეს.+ ერთი მოწმის ჩვენებით არ უნდა მოკვდეს.+
7 ჯერ მოწმეებმა აღმართონ ხელი მის მოსაკლავად და მერე დანარჩენმა ხალხმა; ამოძირკვე ბოროტება.+
8 თუ შენს ქალაქში რაიმე საქმე განსასჯელად მეტისმეტად რთული იქნება შენთვის, მაგალითად, როცა საქმე სისხლის ღვრას,+ ძალადობას, საჩივარს ან სხვა სადავო საქმეს შეეხება, ადექი და წადი იმ ადგილზე, რომელსაც იეჰოვა, შენი ღმერთი, ამოირჩევს.+
9 მიდი ლევიან მღვდლებთან და მსაჯულთან,+ ვინც იმ დროს იქნება, და დაეკითხე. ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებას და გაუწყებენ.+
10 რასაც ისინი გეტყვიან იეჰოვას მიერ ამორჩეულ ადგილზე, შენც ისე მოიქეცი. ყველაფერი, რასაც ისინი მიგითითებენ, გულდასმით შეასრულე.
11 იმ კანონის თანახმად მოიქეცი, რომელზეც მიგითითებენ, და იმ გადაწყვეტილების თანახმად, რომელსაც გაუწყებენ.+ არ გადაუხვიო მათ სიტყვას არც მარჯვნივ და არც მარცხნივ.+
12 ვინც გაკადნიერდება და არ მოუსმენს მღვდელს, რომელიც იეჰოვას, შენს ღმერთს, ემსახურება, ან მსაჯულს, უნდა მოკვდეს.+ ამოძირკვე ბოროტება ისრაელში.+
13 გაიგებს ხალხი ამას, შეეშინდებათ და კადნიერად აღარ მოიქცევიან.+
14 როცა შეხვალთ იმ მიწაზე, რომელსაც იეჰოვა, თქვენი ღმერთი, მოგცემთ, დაიმკვიდრებთ მას და იტყვით, მეზობელი ერებივით ჩვენც ვინმე გავამეფოთო,+
15 მხოლოდ ის გაამეფეთ, ვისაც იეჰოვა, თქვენი ღმერთი, ამოარჩევს.+ თქვენი მოძმეებიდან ამორჩეული გაამეფეთ. უფლება არა გაქვთ, უცხოელი გაამეფოთ, ის, ვინც არ არის თქვენი მოძმე.
16 ოღონდ არ იყოლიოს ბევრი ცხენი+ და არ გაგზავნოს ხალხი ეგვიპტეში ცხენების ჩამოსაყვანად,+ რადგან იეჰოვამ გითხრათ, რომ აღარასოდეს დაბრუნებულიყავით ეგვიპტეში.
17 არც ბევრი ცოლი მოიყვანოს, რათა არ გადაუხვიოს სწორი გზიდან;+ არც დიდძალი ოქრო-ვერცხლი დააგროვოს.+
18 როცა სამეფო ტახტზე დაჯდება, გადაიწეროს ეს კანონი ლევიანი მღვდლებისგან.+
19 თან ჰქონდეს და იკითხოს მთელი სიცოცხლე,+ რათა ისწავლოს იეჰოვას, თავისი ღვთის, შიში და ზედმიწევნით დაიცვას ეს კანონები და წესები.+
20 თუ ასე მოიქცევა, მაშინ არ გაუდიდგულდება თავის მოძმეთ და არ გადაუხვევს მცნებებიდან არც მარჯვნივ და არც მარცხნივ, და ისიც და მისი ვაჟებიც დიდხანს იმეფებენ ისრაელში, თავიანთ სამეფოში“.