კანონი 20:1—20

  • როგორ უნდა მოქცეულიყვნენ ომის დროს (1—20).

    • ვინ თავისუფლდებოდა ომში წასვლისგან (5—9).

20  «მტერთან შესაბრძოლებლად რომ გახვალთ და დაინახავთ ცხენებს, საომარ ეტლებსა და თქვენზე მრავალრიცხოვან ჯარს, ნუ შეგეშინდებათ, რადგან თქვენთანაა იეჰოვა, თქვენი ღმერთი, რომელმაც ეგვიპტიდან გამოგიყვანათ.+  ბრძოლის დაწყების წინ მივიდეს მღვდელი ხალხთან და მიმართოს:+  „ისრაელო! დღეს შეებრძოლებით მტერს. გული ნუ შეგიკრთებათ, ნუ შეგეშინდებათ, ნუ შეძრწუნდებით და კანკალი ნუ აგიტანთ,  რადგან იეჰოვა, თქვენი ღმერთი, თქვენთან ერთად მოდის თქვენს მტერთან საბრძოლველად, რათა გადაგარჩინოთ“.+  მთავრებმა ხალხს უთხრან: „ვინც სახლი აიშენა და არ უზეიმია, შინ დაბრუნდეს, რომ ბრძოლაში არ მოკვდეს და მის მაგივრად სხვამ არ იზეიმოს.  ვინც ვენახი ჩაყარა და მოსავალი ჯერ არ აუღია, წავიდეს და შინ დაბრუნდეს, რომ ბრძოლაში არ მოკვდეს და მის ვენახს სხვა არ დაეპატრონოს.  ვინც ქალი დანიშნა, მაგრამ ჯერ არ მოუყვანია, წავიდეს და შინ დაბრუნდეს,+ რომ ბრძოლაში არ მოკვდეს და ქალი სხვამ არ შეირთოს“.  აი, კიდევ რა უნდა უთხრან მთავრებმა ხალხს: „ვისაც ეშინია და ვინც მხდალია,+ შინ დაბრუნდეს, თავის მოძმეებსაც რომ არ შეუკრთოს გული“.+  როცა მთავრები ხალხთან ლაპარაკს დაასრულებენ, მეთაურები დაუყენონ ჯარს. 10  როცა ქალაქს საბრძოლველად მიადგებით, ზავის პირობები გამოუცხადეთ.+ 11  თუ დაგთანხმდებიან და თავიანთ ქალაქში შეგიშვებენ, იქ მცხოვრები ხალხი მონებად დაიყენეთ; ისინი თქვენი მსახურები გახდებიან.+ 12  თუ არ დაგთანხმდებიან და საბრძოლველად გამოვლენ, ქალაქს ალყა შემოარტყით. 13  ხელში ჩაგიგდებთ მათ იეჰოვა, თქვენი ღმერთი; ყველა მამაკაცი მახვილით ამოხოცეთ; 14  ქალები, ბავშვები და პირუტყვი თან წამოიყვანეთ, და ყველაფერი, რაც ქალაქში იქნება, წამოიღეთ.+ თქვენ დაგრჩებათ ის ნადავლი, რომელიც იეჰოვამ, თქვენმა ღმერთმა, ჩაგიგდოთ ხელში.+ 15  ასე უყავით ყველა შორს მდებარე ქალაქს, რომლებიც თქვენს მეზობელ ხალხებს არ ეკუთვნით; 16  ოღონდ იმ ქალაქებში, რომლებსაც იეჰოვა, თქვენი ღმერთი, დაგამკვიდრებინებთ, არცერთი სულდგმული ცოცხალი არ დატოვოთ.+ 17  გაანადგურეთ ხეთელები, ამორეველები, ქანაანელები, ფერიზელები, ხიველები და იებუსელები,+ როგორც იეჰოვამ, თქვენმა ღმერთმა, გიბრძანათ, 18  რომ არ გასწავლონ ყველა ის სისაძაგლე, რასაც თავიანთი ღმერთების წინაშე სჩადიან, და არ შესცოდოთ იეჰოვას, თქვენს ღმერთს.+ 19  თუ ქალაქი დასაპყრობად დიდხანს გეყოლებათ ალყაში მოქცეული, არ მოჭრათ იქ ხეები, არ მოუღეროთ ცული, რადგან ეს ხეები ნაყოფს მოგცემთ; არ მოჭრათ.+ მინდორში მდგარი ხე ადამიანი ხომ არ არის, რომ შეებრძოლოთ?! 20  მხოლოდ ის ხეები მოჭერით, რომლებიც საჭმელად ვარგის ნაყოფს არ ისხამს; მოჭერით ეს ხეები და იმ ქალაქის ალყაში მოსაქცევად გამოიყენეთ, რომელიც გებრძვით, ვიდრე არ დაეცემა».

სქოლიოები