კანონი 21:1—23
21 «თუ მინდორში იმ მიწაზე, რომელსაც იეჰოვა, თქვენი ღმერთი, გაძლევთ დასამკვიდრებლად, გვამს იპოვიან და არავის ეცოდინება, ვინ ჩაიდინა მკვლელობა,
2 გავიდნენ უხუცესები და მსაჯულები+ და გადაზომონ მანძილი გვამიდან ირგვლივ მდებარე ქალაქებამდე.
3 გვამთან ყველაზე ახლოს მდებარე ქალაქის უხუცესებმა გამოარჩიონ უღელდაუდგმელი დეკეული, რომელსაც არასოდეს უმუშავია;
4 ჩაიყვანონ ის დეკეული იმ ქალაქის უხუცესებმა ხევში, სადაც წყალი მოედინება, სადაც მიწა არ დამუშავებულა და თესლი არ დათესილა, და იქ გადაუმტვრიონ კისერი დეკეულს.+
5 მივიდნენ მღვდლები, ლევიანები, რომლებიც იეჰოვას, თქვენს ღმერთს, ჰყავს ამორჩეული, რომ მას ემსახურონ,+ და იეჰოვას სახელით წარმოთქვან კურთხევა.+ ისინი იტყვიან, როგორ უნდა მოგვარდეს ძალადობის გამო წამოჭრილი ნებისმიერი სადავო საქმე.+
6 შემდეგ გვამთან ყველაზე ახლოს მდებარე ქალაქის უხუცესებმა ხევში ხელი დაიბანონ+ კისერგადამტვრეულ დეკეულზე
7 და თქვან: „არც ჩვენი ხელით დაღვრილა ეს სისხლი და არც ჩვენი თვალით გვინახავს, როგორ დაიღვარა.
8 იეჰოვა, ნუ მოსთხოვ პასუხს ისრაელს, შენს ხალხს, რომელიც შენ გამოისყიდე,+ და ნუ მოჰკითხავ შენს ხალხს, ისრაელს, უდანაშაულო სისხლს“,+ და აღარ მოეთხოვებათ მათ პასუხი სისხლის ღვრაზე.
9 ასე ჩამოირეცხავთ უდანაშაულო სისხლს, რადგან იმას გააკეთებთ, რაც იეჰოვას თვალში სწორია.
10 როცა მტერს შეებრძოლები და მას იეჰოვა ჩაგიგდებს ხელში, წამოიყვან ტყვეებს+ და
11 ტყვეებს შორის ლამაზ ქალს დაინახავ, მოგეწონება და მის შერთვას მოინდომებ,
12 წაიყვანე სახლში. ქალმა თავი გადაიპარსოს და ფრჩხილები დაიჭრას,
13 გაიხადოს ტყვეობის ტანსაცმელი და იცხოვროს შენს სახლში. მთელი თვე იგლოვოს დედ-მამა.+ მერე დაწექი მასთან; შენ მისი ქმარი გახდები, ის კი — შენი ცოლი.
14 თუ მისით უკმაყოფილო იქნები, გაუშვი,+ სადაც იგი მოისურვებს, ოღონდ არ გაყიდო და ულმობლად არ მოექცე, ვინაიდან ისედაც ძალით გყავს წამოყვანილი.
15 თუ კაცს ორი ცოლი ეყოლება, ერთი ეყვარება, მეორე კი — არა, ორივენი ვაჟებს გაუჩენენ, პირმშო კი მისგან შეეძინება, ვინც არ ეყვარება,+
16 როცა ვაჟებს მემკვიდრეობას დაუნაწილებს, მას უფლება არ ექნება, რომ პირმშოობა საყვარელი ცოლის ვაჟს მიაკუთვნოს და არა მის ვაჟს, ვინც არ ეყვარება.
17 მან პირმშოდ იმ ცოლის ვაჟი უნდა ცნოს, რომელიც არ ეყვარება, და ორმაგი წილი უნდა მისცეს თავისი ქონებიდან, რადგან ის არის მისი პირველი შვილი*. პირმშოობა მას ეკუთვნის.+
18 თუ კაცს ჯიუტი და თავნება ვაჟი ეყოლება, რომელიც დედ-მამის ურჩი იქნება,+ ისინი მის გამოსწორებას შეეცდებიან, მაგრამ ის არ დაუჯერებს მათ,+
19 მოჰკიდოს მას დედ-მამამ ხელი და უხუცესებს მიუყვანოს ქალაქის კარიბჭესთან.
20 უთხრან ქალაქის უხუცესებს: „ჩვენი ვაჟი ჯიუტი და ურჩია, არ გვიჯერებს, გაუმაძღარი+ და ლოთია“.+
21 ჩაქოლონ იგი იმ ქალაქის კაცებმა. ამოძირკვეთ ბოროტება; გაიგებს ამას მთელი ისრაელი და შეეშინდება.+
22 თუ კაცი ისეთ ცოდვას ჩაიდენს, რომ სიკვდილს დაიმსახურებს, მოკლავენ+ და ძელზე ჩამოჰკიდებენ,+
23 გვამი ძელზე მთელი ღამე არ დატოვოთ,+ იმ დღესვე დამარხეთ, რადგან ძელზე დაკიდებული დაწყევლილია ღვთისგან.+ არ წაბილწოთ მიწა, რომელსაც იეჰოვა, თქვენი ღმერთი, გაძლევთ».+
სქოლიოები
^ სიტყვასიტყვით — „წარმომქმნელი ძალის საწყისი“.