კანონი 5:1—33
5 მოუხმო მოსემ მთელ ისრაელს და მიმართა: «ისრაელებო, მოისმინეთ წესები და სამართალი, რომლებსაც დღეს გაუწყებთ; ისწავლეთ ისინი და გულდასმით დაიცავით.
2 იეჰოვამ, ჩვენმა ღმერთმა, შეთანხმება დაგვიდო ხორებთან.+
3 ეს შეთანხმება იეჰოვას ჩვენი მამა-პაპისთვის არ დაუდია, ჩვენ დაგვიდო, ვინც დღეს ცოცხლები ვართ.
4 იეჰოვა პირისპირ დაგელაპარაკათ მთაზე ცეცხლიდან.+
5 მაშინ მე იეჰოვასა და თქვენ შორის ვიდექი,+ რომ იეჰოვას სიტყვა თქვენთვის გადმომეცა, რადგან ცეცხლისა გეშინოდათ და მთაზე არ ამოსულხართ.+ მან თქვა:
6 „მე ვარ იეჰოვა, შენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანე ეგვიპტიდან, სადაც მონა იყავი.+
7 არ სცე თაყვანი სხვა ღმერთებს ჩემ გარდა.+
8 არ გაიკეთო არც ქანდაკება+ და არც არანაირი მსგავსება იმისა, რაც მაღლა ცაშია, რაც დაბლა მიწაზეა და რაც წყალშია, მიწის ქვემოთ.
9 არ სცე მათ თაყვანი და არ ემსახურო,+ რადგან მე, იეჰოვა, შენი ღმერთი, არ ვიწყნარებ ორგულობას.+ ჩემი მოძულე მამების დანაშაულის გამო ვსჯი მათ შთამომავლებს მესამე და მეოთხე თაობამდე,+
10 მაგრამ მეათასე თაობამდე ვიჩენ სიყვარულს* მათ მიმართ, ვისაც ვუყვარვარ და ვინც იცავს ჩემს მცნებებს.
11 არ მოიხსენიო უპატივცემულოდ* შენი ღვთის სახელი,+ იეჰოვა, რადგან დაუსჯელს არ დატოვებს იეჰოვა მას, ვინც უპატივცემულოდ მოიხსენიებს მის სახელს.+
12 დაიცავი შაბათი დღე და წმინდა იყოს შენთვის, როგორც იეჰოვამ, შენმა ღმერთმა, გიბრძანა;+
13 ექვსი დღე იმუშავე და აკეთე შენი საქმეები,+
14 მეშვიდე დღე კი შენი ღვთის, იეჰოვას, შაბათია.+ არ იმუშაოთ+ არც შენ, არც შენმა ვაჟმა, არც შენმა ასულმა, არც შენმა მონამ, არც შენმა მხევალმა, არც შენმა ხარმა, არც შენმა ვირმა, არც სხვა შინაურმა ცხოველმა, არც შენს ქალაქში მცხოვრებმა უცხოელმა,+ რათა შენმა მონამაც დაისვენოს და შენმა მხევალმაც.+
15 გახსოვდეს, რომ შენც მონა იყავი ეგვიპტეში და იეჰოვამ, შენმა ღმერთმა, გამოგიყვანა იქიდან ძლიერი ხელით და გაწვდილი მკლავით.+ ამიტომ გიბრძანა იეჰოვამ, შენმა ღმერთმა, შაბათის დაცვა.
16 პატივი ეცი მამას და დედას,+ როგორც იეჰოვამ, შენმა ღმერთმა, გიბრძანა, რათა ხელი მოგემართოს და დღეგრძელი იყო იმ მიწაზე, რომელსაც იეჰოვა, შენი ღმერთი, გაძლევს.+
17 არ მოკლა.+
18 არ იმრუშო.+
19 არ იქურდო.+
20 არ გამოხვიდე ცრუმოწმედ შენი მოძმის წინააღმდეგ.+
21 არ ისურვო შენი მოძმის ცოლი,+ არც მისი სახლი, არც მინდორი, არც მონა, არც მხევალი, არც ხარი, არც ვირი და არაფერი, რაც შენი მოძმისაა“.+
22 ეს მცნებები გაუწყათ ხმამაღლა იეჰოვამ მთიდან, ცეცხლიდან და შავი ღრუბლიდან;+ მეტი აღარაფერი დაუმატებია. შემდეგ მცნებები ორ ქვის ფილაზე დაწერა და გადმომცა.+
23 როგორც კი გაიგეთ ხმა სიბნელიდან, როცა მთა იწვოდა,+ ტომების თავკაცები და უხუცესები მოხვედით ჩემთან
24 და მითხარით: „იეჰოვამ, ჩვენმა ღმერთმა, თავისი სიდიადე და დიდებულება გვახილვინა და ცეცხლიდან გაგვაგონა თავისი ხმა.+ დღეს დავინახეთ, რომ შესაძლებელია, ღმერთი ადამიანს დაელაპარაკოს და ადამიანი ცოცხალი დარჩეს.+
25 რატომ უნდა დავიხოცოთ?! გვშთანთქავს ეს დიდი ცეცხლი! თუ კიდევ გავიგებთ იეჰოვას, ჩვენი ღვთის, ხმას, უეჭველად დავიხოცებით.
26 ჩვენ გარდა რომელ ხორციელს სმენია ცეცხლიდან ცოცხალი ღვთის ხმა და ცოცხალი დარჩენილა?!
27 შენ წადი და მოისმინე ის, რასაც ჩვენი ღმერთი იეჰოვა გეტყვის. შემდეგ მოგვიყევი ყველაფერი, რასაც იეჰოვა, ჩვენი ღმერთი, გეტყვის, ჩვენ კი მოგისმენთ და შევასრულებთ“.+
28 გაიგონა იეჰოვამ თქვენი ნათქვამი, როცა მელაპარაკებოდით, და მითხრა იეჰოვამ: „გავიგონე ამ ხალხის სიტყვები და კარგია, რაც თქვეს.+
29 ნეტავ ყოველთვის ასეთი შიში ჰქონდეთ ჩემდამი+ და იცავდნენ ჩემს მცნებებს,+ რომ მარადიულად მოემართოთ ხელი მათაც და მათ შვილებსაც.+
30 წადი და უთხარი მათ, თქვენ-თქვენს კარვებში დაბრუნდით-თქო;
31 შენ აქ დარჩი და გადმოგცემ ყველა მცნებას, წესსა და სამართალს, რაც მათ უნდა ასწავლო, რათა დაიცვან იმ მიწაზე, რომელსაც დასამკვიდრებლად ვაძლევ“.
32 გულდასმით დაიცავით ის, რაც იეჰოვამ, თქვენმა ღმერთმა, გიბრძანათ.+ არც მარჯვნივ გადაუხვიოთ და არც მარცხნივ.+
33 იმ გზით იარეთ, რომელზე სიარულიც იეჰოვამ გიბრძანათ,+ რათა იცოცხლოთ, ხელი მოგემართოთ და დღეგრძელნი იყოთ იმ მიწაზე, რომელსაც დაიმკვიდრებთ».+
სქოლიოები
^ ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
^ სხვაგვარად — „ფუჭად“, „უღირსად“.