კანონი 9:1—29

  • რატომ დაიმკვიდრეს ისრაელებმა აღთქმული მიწა (1—6).

  • ისრაელებმა იეჰოვა ოთხჯერ განარისხეს (7—29).

    • ოქროს ხბო (7—14).

    • მოსე ხალხს ღმერთთან შუამავლობს (15—21, 25—29).

    • კიდევ სამჯერ განარისხეს ღმერთი (22).

9  «მომისმინე, ისრაელო! დღეს კვეთ იორდანეს,+ რათა შეხვიდე იმ მიწაზე და განდევნო იქიდან შენზე დიდი და ძლიერი ხალხები+ ცამდე აწვდილი გამაგრებული ქალაქებიდან,+  ხალხი, დიდი და მაღალი, ანაკიმის შთამომავლები,+ ვისზეც გსმენია და ვისზეც უთქვამთ, ვინ აღუდგება წინ ანაკიმის შთამომავლებსო,  მაგრამ იცოდე, რომ იეჰოვა, შენი ღმერთი, წაგიძღვება;+ შთამნთქმელი ცეცხლია იგი+ და მოსპობს მათ. დაგიმორჩილებს იმ ხალხს, რომ ადვილად განდევნო და გაანადგურო, როგორც იეჰოვამ აღგითქვა.+  როცა იეჰოვა, შენი ღმერთი, მათ განდევნის, ნუ იტყვი გულში, ჩემი სიმართლის გამო მომიყვანა იეჰოვამ ამ მიწის დასამკვიდრებლადო;+ იეჰოვა იმ ერებს მათი ბოროტების გამო დევნის.+  მათი მიწის დასაპატრონებლად შენი სიმართლის ან შენი პატიოსნების გამო კი არ შედიხარ, არამედ იმიტომ რომ იეჰოვა, შენი ღმერთი, იმ ერებს მათი ბოროტების გამო დევნის,+ რათა შეასრულოს სიტყვა, რომელიც იეჰოვამ შენს მამა-პაპას, აბრაამს,+ ისაკსა+ და იაკობს,+ მისცა.  არ იფიქრო, რომ იეჰოვა, შენი ღმერთი, შენი სიმართლის გამო გაძლევს იმ მადლიან მიწას დასაპატრონებლად, რადგან ჯიუტი ხალხი ხართ.+  გახსოვდეთ, როგორ განარისხეთ იეჰოვა, თქვენი ღმერთი, უდაბნოში,+ არასოდეს დაივიწყოთ. იმ დღიდან მოყოლებული, რაც ეგვიპტიდან გამოხვედით, დღემდე ეურჩებით იეჰოვას.+  ხორებშიც კი განარისხეთ იეჰოვა. ისე განარისხეთ იეჰოვა, რომ კინაღამ მოგსპოთ.+  როცა მთაზე ქვის ფილების ჩამოსატანად ავედი,+ იეჰოვას მიერ თქვენთან დადებული შეთანხმების ფილების ჩამოსატანად,+ მთაზე 40 დღე და ღამე დავრჩი;+ არც საჭმელი მიჭამია და არც წყალი დამილევია. 10  მომცა იეჰოვამ ორი ქვის ფილა, რაზედაც მისი თითით იყო დაწერილი ის სიტყვები, რომლებიც იეჰოვამ მთაზე ცეცხლიდან გითხრათ იმ დღეს, როცა შეკრებილები იყავით.+ 11  როცა 40 დღე და ღამე დასრულდა, იეჰოვამ ორი ქვის ფილა მომცა, შეთანხმების ფილები, 12  და მითხრა იეჰოვამ: „სწრაფად ჩადი დაბლა, რადგან შენმა ხალხმა, რომელიც ეგვიპტიდან გამოიყვანე, თავი წაიბილწა.+ მალევე გადაუხვიეს იმ გზიდან, რომლითაც ჩემი ბრძანებისამებრ უნდა ევლოთ, და ქანდაკება ჩამოასხეს“.+ 13  შემდეგ იეჰოვამ მითხრა: „ვხედავ, რომ ეს ხალხი ჯიუტია;+ 14  ახლავე მუსრს გავავლებ და ამოვშლი მათ სახსენებელს ცისქვეშეთიდან, შენგან კი მათზე ძლიერ და მრავალრიცხოვან ერს წარმოვშობ“.+ 15  გამოვტრიალდი და ჩამოვედი მთიდან; იწვოდა მთა.+ ორივე ხელში შეთანხმების ფილები მეჭირა.+ 16  დავინახე, რომ შეგიცოდავთ თქვენი ღვთისთვის, იეჰოვასთვის! ხბოს ქანდაკება გაგეკეთებინათ. მალე გადაუხვიეთ იმ გზიდან, რომლითაც იეჰოვას ბრძანებისამებრ უნდა გევლოთ.+ 17  ორივე ხელით დავანარცხე ფილები და თქვენ თვალწინ დავამსხვრიე.+ 18  იეჰოვას წინაშე 40 დღე და ღამე პირქვე ვიყავი დამხობილი, როგორც პირველად; არც საჭმელი მიჭამია და არც წყალი დამილევია,+ რადგან შესცოდეთ იეჰოვას, ბოროტება ჩაიდინეთ მის თვალში და გული ატკინეთ; 19  განარისხეთ იეჰოვა და შემეშინდა,+ რომ არ მოესპეთ; თუმცა მაშინაც მომისმინა იეჰოვამ.+ 20  იეჰოვა აარონზეც ძლიერ განრისხდა და მოკვლა დაუპირა;+ მაშინ მას აარონის გულისთვისაც შევევედრე; 21  ავიღე თქვენი გაკეთებული ხბო, რითაც შესცოდეთ,+ ცეცხლში დავწვი, შემდეგ დავფშვენი და იმ წყაროში ჩავყარე, მთიდან რომ მოედინება.+ 22  თაბერაში,+ მასაში+ და კიბროთ-ჰათაავაშიც+ განარისხეთ იეჰოვა. 23  როცა იეჰოვას ნებისამებრ კადეშ-ბარნეიდან+ წამოხვედით, მან გითხრათ, წადით და დაეპატრონეთ იმ მიწას, რომელსაც გაძლევთო, თქვენ ისევ ეურჩეთ იეჰოვას,+ თქვენი ღვთის ბრძანებას, არ ერწმუნეთ+ მას და არ დაემორჩილეთ. 24  რაც გიცნობთ, სულ ეურჩებით იეჰოვას. 25  იეჰოვას წინაშე 40 დღე და ღამე პირქვე ვიყავი დამხობილი;+ ეს იმიტომ, რომ იეჰოვა მოსპობას გიპირებდათ. 26  შევევედრე იეჰოვას: „უზენაესო უფალო, იეჰოვა, ნუ მოსპობ შენს ხალხს, შენს საკუთრებას;+ ისინი ხომ შენი ძლევამოსილებით გამოისყიდე და შენი ძლიერი ხელით გამოიყვანე ეგვიპტიდან!+ 27  გაიხსენე შენი მსახურები: აბრაამი, ისაკი და იაკობი.+ ნუ მიაქცევ ყურადღებას ამ ხალხის სიჯიუტეს, მათ ბოროტებასა და ცოდვას,+ 28  თორემ იტყვიან იმ მიწის მკვიდრნი, საიდანაც გამოგვიყვანე, ვერ დაამკვიდრებინა იეჰოვამ ის მიწა, რომელიც აღუთქვა, რადგან სძულდა ისინი, და იმიტომ წაიყვანა, რომ უდაბნოში დაეხოცაო.+ 29  ისინი ხომ შენი ხალხი არიან, შენი საკუთრება,+ რომელიც დიდი ძალითა და გაწვდილი მკლავით გამოიყვანე“».+

სქოლიოები