ლევიანები 13:1—59
13 იეჰოვამ მოსესა და აარონს უთხრა:
2 «თუ ვინმეს კანი შეუსივდება, წყლული ან ლაქა გამოაჩნდება, რაც შესაძლოა კეთრი* იყოს,+ იგი აარონ მღვდელს ან მის ერთ-ერთ ვაჟს, მღვდელს, მიუყვანონ.+
3 მღვდელმა მის კანზე დაავადებული ადგილი უნდა დაათვალიეროს. თუ ამ ადგილას თმა გათეთრებულია და კანი ღრმადაა დაზიანებული, ეს კეთრია. მღვდელმა დაზიანებული ადგილი უნდა დაათვალიეროს და დაავადებული გაუწმინდურებულად გამოაცხადოს.
4 თუ ვინმეს კანზე თეთრი ლაქა გაუჩნდება, ლაქა ზედაპირული იქნება და მასზე თმა გათეთრებული არ იქნება, დაავადებული მღვდელმა შვიდი დღით უნდა გააცალკეოს.+
5 მეშვიდე დღეს მღვდელმა დაავადებული უნდა დაათვალიეროს. თუ ლაქა არ შეცვლილა და არ გავრცელებულა, იგი მღვდელმა კიდევ შვიდი დღით უნდა გააცალკეოს.
6 მეშვიდე დღეს მღვდელმა დაავადებული ხელმეორედ უნდა დაათვალიეროს. თუ დაავადებული ადგილი გაფერმკრთალებულია და ლაქა არაა გავრცელებული, მღვდელი მას განწმენდილად გამოაცხადებს.+ ეს უბრალოდ წყლულია. მან ტანსაცმელი უნდა გაირეცხოს და ის განწმენდილი იქნება.
7 თუ მის კანზე წყლული მას შემდეგ გავრცელდება, რაც მღვდელს ეჩვენება და განწმენდილად გამოცხადდება, იგი მღვდელს ხელმეორედ უნდა ეჩვენოს.
8 მღვდელმა წყლული უნდა დაათვალიეროს. თუ წყლული კანზე გავრცელებული იქნება, მღვდელმა ის გაუწმინდურებულად უნდა გამოაცხადოს. ეს კეთრია.+
9 თუ ვინმეს კეთრი აღმოაჩნდება, იგი მღვდელს უნდა მიუყვანონ.
10 მღვდელმა იგი უნდა დაათვალიეროს.+ თუ შესიებული ადგილიც თეთრი იქნება და მასზე ამოსული თმაც, აგრეთვე ამ ადგილზე ღია ჭრილობა+ იქნება,
11 ეს უკურნებელი კეთრია. მღვდელმა იგი აღარ უნდა გააცალკეოს და გაუწმინდურებულად უნდა გამოაცხადოს;+ ის გაუწმინდურებულია.
12 თუ ვინმეს კეთრი თავიდან ფეხებამდე მთელ კანს დაუფარავს, რასაც მღვდელი ერთი თვალის შევლებით დაინახავს,
13 და მისი დათვალიერების შემდეგ აღმოაჩენს, რომ კეთრი მას მთელ სხეულზე მოსდებია, მან იგი განწმენდილად უნდა გამოაცხადოს. მას კანი მთლიანად გათეთრებული აქვს. ის განწმენდილია.
14 მაგრამ როგორც კი კანზე ღია წყლული გაუჩნდება, გაუწმინდურდება.
15 როცა მღვდელი ღია წყლულს დაინახავს, მან იგი გაუწმინდურებულად უნდა გამოაცხადოს.+ ღია წყლულის გამო ის გაუწმინდურებულია. მას კეთრი აქვს.+
16 თუ მას ღია წყლული გაუთეთრდება, ისევ უნდა მივიდეს მღვდელთან.
17 მღვდელი მას დაათვალიერებს.+ თუ დაავადებული ადგილი გათეთრებული აქვს, მღვდელმა იგი განწმენდილად უნდა გამოაცხადოს. ის განწმენდილია.
18 თუ ვინმეს კანზე მუწუკი გამოუვა, მოურჩება,
19 მაგრამ მერე ეს ადგილი შეუსივდება, გაუთეთრდება ან მასზე მოწითალო-მოთეთრო ლაქა გაუჩნდება, იგი მღვდელს უნდა ეჩვენოს.
20 მღვდელმა ეს ადგილი უნდა დაათვალიეროს.+ თუ დაავადება კანში ღრმად იქნება და მასზე თმა გათეთრებული იქნება, მღვდელმა იგი გაუწმინდურებულად უნდა გამოაცხადოს. ეს მუწუკზე გაჩენილი კეთრია.
21 მაგრამ, თუ მღვდელი ლაქის დათვალიერების შემდეგ დაინახავს, რომ მასზე თმა გათეთრებული არ არის, ლაქა კანში ღრმად არაა და გაფერმკრთალებულია, მღვდელმა იგი შვიდი დღით უნდა გააცალკეოს.+
22 თუ ლაქა კანზე გავრცელდება, მღვდელმა იგი გაუწმინდურებულად უნდა გამოაცხადოს. ეს კეთრია.
23 მაგრამ, თუ ლაქა ერთ ადგილას დარჩება და არ გავრცელდება, ეს უბრალოდ ანთებაა. მღვდელი მას განწმენდილად გამოაცხადებს.+
24 თუ ვინმეს დამწვრობის შედეგად კანზე ჭრილობა ექნება, რომელსაც მოშუშებისას მოწითალო-მოთეთრო ან თეთრი ლაქა დააჩნდება,
25 მღვდელმა ეს ადგილი უნდა დაათვალიეროს. თუ ლაქაზე თმა გათეთრებულია და ლაქა კანში ღრმად არის, ეს კეთრია. ლაქა ჭრილობაზე გაჩნდა და დაავადებული მღვდელმა გაუწმინდურებულად უნდა გამოაცხადოს. ეს კეთრია.
26 თუ მღვდელი ნახავს, რომ ლაქაზე თმა არ გათეთრებულა, ლაქა ღრმად არ არის კანში და ფერმკრთალია, მღვდელი მას შვიდი დღით გააცალკევებს.+
27 მეშვიდე დღეს მღვდელმა იგი ისევ უნდა დაათვალიეროს. თუ დაინახავს, რომ კანზე ლაქა გავრცელებულია, მას გაუწმინდურებულად გამოაცხადებს. ეს კეთრია.
28 მაგრამ, თუ ლაქა არ გაქრება, თუმცა არც გავრცელდება, და ისევ ფერმკრთალი დარჩება, ეს უბრალოდ ჭრილობის შესიებაა. მღვდელი მას განწმენდილად გამოაცხადებს. ეს ანთებაა.
29 თუ კაცს ან ქალს თავი ან ნიკაპი აქვს დასნეულებული,
30 მღვდელმა მას დასნეულებული ადგილი უნდა დაუთვალიეროს.+ თუ დაავადება კანში ღრმად იქნება წასული და კანზე თმა გაყვითლებული და შეთხელებული ექნება, იგი მღვდელმა გაუწმინდურებულად უნდა გამოაცხადოს; ეს თავზე ან წვერქვეშ გაჩენილი სნეულებაა, თავის ან ნიკაპის კეთრია.
31 თუ დაავადება ღრმად არ არის კანში წასული და დასნეულებულ ადგილას თმა არ არის შავი, მღვდელმა დაავადებული შვიდი დღით უნდა გააცალკეოს.+
32 მეშვიდე დღეს მღვდელი ისევ დაუთვალიერებს დასნეულებულ ადგილს. თუ დაავადება არ გავრცელებულა, კანში ღრმად არ წასულა და ამ ადგილას თმა არ გაყვითლებულა,
33 მან პირი უნდა გაიპარსოს ან თავი გადაიპარსოს, მაგრამ დასნეულებული ადგილი არ გაიპარსოს. შემდეგ მღვდელმა იგი კიდევ შვიდი დღით უნდა გააცალკეოს.
34 მეშვიდე დღეს მღვდელი კვლავ დაუთვალიერებს მას დასნეულებულ ადგილს. თუ დაავადება არ გავრცელებულა და არც ღრმად არის კანში, მღვდელი მას განწმენდილად გამოაცხადებს. მან ტანსაცმელი უნდა გაირეცხოს და ის განწმენდილი იქნება.
35 თუ მას განწმენდილად გამოცხადების შემდეგ კანზე დაავადება ისევ გაუჩნდება,
36 მღვდელმა მას დასნეულებული ადგილი უნდა დაუთვალიეროს. თუ იგი დაინახავს, რომ დაავადება კანზე გავრცელებულია, გაყვითლებული თმის ძებნას აღარ დაიწყებს. ის გაუწმინდურებულია.
37 თუ მღვდელი დაინახავს, რომ დაავადება არ არის გავრცელებული და დაავადებულ ადგილას შავი თმაა ამოსული, დაავადება მორჩენილია. ის განწმენდილია და მღვდელი მას განწმენდილად გამოაცხადებს.+
38 თუ კაცს ან ქალს კანზე თეთრი ლაქები გამოაჩნდება,
39 მღვდელმა უნდა დაათვალიეროს.+ თუ კანზე ლაქები ფერმკრთალია, ეს უბრალოდ გამონაყარია. იგი გაუწმინდურებული არ არის.
40 თუ კაცს თავზე თმა გასცვივდება და გამელოტდება, ის გაუწმინდურებული არ არის.
41 თუ მას თავზე თმა წინიდან გასცვივდება და გამელოტდება, ის გაუწმინდურებული არ არის.
42 თუ მელოტ თავზე მოწითალო-მოთეთრო წყლული გაუჩნდება, ეს მელოტ თავზე გაჩენილი კეთრია.
43 ის მღვდელმა უნდა დაათვალიეროს. თუ მის მელოტ თავზე შესიებული ადგილი მოწითალო-მოთეთრო ფერისაა და კეთრს წააგავს,
44 მას კეთრი აქვს. ის გაუწმინდურებულია. მღვდელმა იგი გაუწმინდურებულად უნდა გამოაცხადოს, რადგან მას თავზე კეთრი აქვს.
45 კეთროვანმა დახეული ტანსაცმლით და მოუვლელი თავით უნდა იაროს; პირი აიკრას და იყვიროს: „გაუწმინდურებული ვარ, გაუწმინდურებული!“
46 იგი გაუწმინდურებული იქნება, სანამ კეთრი ექნება. მან განცალკევებით უნდა იცხოვროს, რადგან გაუწმინდურებულია; ბანაკის გარეთ უნდა იცხოვროს.+
47 თუ კეთრი შალის ან სელის ტანსაცმელს,
48 სელის ან შალის ქსოვილს, ტყავს ან ტყავის ნებისმიერ ნივთს გაუჩნდება
49 და მოყვითალო-მომწვანო ან მოწითალო ლაქა ტანსაცმელს, ქსოვილს, ტყავს ან ტყავის ნებისმიერ ნივთს დააჩნდება, მღვდელს უნდა აჩვენონ.
50 მღვდელმა უნდა დაათვალიეროს დაავადებული ადგილი და შვიდი დღით ცალკე დადოს ის ნივთი, რომელზეც დაავადება გაჩნდა.+
51 მეშვიდე დღეს, როცა მღვდელი დაათვალიერებს დაავადებულ ადგილს და დაინახავს, რომ დაავადება ტანსაცმელზე, ქსოვილზე ან ტყავზე (რისთვისაც არ უნდა გამოიყენებოდეს ტყავი) გავრცელებულია, ეს მწვავე კეთრია. ეს ნივთი უწმინდურია.+
52 მან უნდა დაწვას ტანსაცმელი, შალის ან სელის ქსოვილი ან ტყავის ნივთი, რაზეც დაავადება გავრცელდა, რადგან ეს მწვავე კეთრია. ეს ნივთი ცეცხლში უნდა დაიწვას.
53 მაგრამ, თუ მღვდელი დაინახავს, რომ დაავადება ტანსაცმელზე, ქსოვილზე ან ტყავის ნივთზე არ გავრცელებულა,
54 ბრძანებს იმ ნივთის გარეცხვას, რასაც დაავადება გაუჩნდა, და ისევ შვიდი დღით დადებს ცალკე.
55 შემდეგ მღვდელი კარგად გარეცხილ ნივთს, რომელსაც დაავადება გაუჩნდა, დაათვალიერებს. თუ დაავადება ისევ ისე დარჩა, არ გავრცელებულა, ეს ნივთი მაინც უწმინდურია. ის ცეცხლში უნდა დაიწვას იმის მიუხედავად, დაავადებამ ის შიგნიდან ამოჭამა თუ გარედან.
56 თუ მღვდელმა დაინახა, რომ კარგად გარეცხვის შემდეგ დაავადებული ადგილი გაფერმკრთალებულია, ის ადგილი ტანსაცმელს, ტყავს ან ქსოვილს მოაცილოს.
57 მაგრამ, თუ ტანსაცმელს, ქსოვილს ან ტყავის ნივთს დაავადება სხვა ადგილას გაუჩნდება, დაავადება არ გამქრალა. დაავადებული ნივთი ცეცხლში უნდა დაიწვას.+
58 მაგრამ, თუ ტანსაცმელზე, ქსოვილზე ან ტყავის ნივთზე დაავადება გაქრება, ნივთი მეორედ გაირეცხოს და წმინდა იქნება.
59 ეს არის კანონი კეთრზე, რომელიც უჩნდება შალის ან სელის ტანსაცმელს, შალის ან სელის ქსოვილს, ან ტყავის ნივთს, რათა ის წმინდად ან უწმინდურად იქნეს გამოცხადებული».
სქოლიოები
^ „კეთრად“ ნათარგმნ ებრაულ სიტყვას ფართო მნიშვნელობა აქვს. მასში შესაძლოა იგულისხმებოდეს კანის ინფექციური დაავადებები და აგრეთვე ზოგიერთი დაავადება, რომელიც ჩნდება სამოსზე თუ სახლში.