ლევიანები 22:1—33
22 იეჰოვამ მოსეს უთხრა:
2 „გადაეცი აარონსა და მის ვაჟებს, რომ უდიერად არ მოეპყრონ ისრაელების მიერ ჩემთვის გაღებულ წმინდა შესაწირავებს+ და არ შებღალონ ჩემი წმინდა სახელი.+ მე ვარ იეჰოვა.
3 უთხარი მათ, რომ, თუ მათი შთამომავლებიდან ვინმე გაუწმინდურებული მიეკარება ისრაელების მიერ იეჰოვასთვის გაღებულ შესაწირავებს, უნდა მოკვდეს.+ მე ვარ იეჰოვა.
4 აარონის შთამომავალთაგან არც კეთროვანმა+ და არც გამონადენიანმა+ არ ჭამოს ის, რაც წმინდაა, სანამ არ განიწმინდება;+ არც იმან ჭამოს, ვინც მკვდრით გაუწმინდურებულს შეეხო,+ ვისაც თესლდენა აქვს,+
5 ვინც შეეხო უწმინდურ არსებას+ ან მას, ვინც რაიმე მიზეზითაა გაუწმინდურებული.+
6 ვინც რომელიმე მათგანს შეეხება, საღამომდე გაუწმინდურებული იქნება და არ უნდა ჭამოს ის, რაც წმინდაა. მან უნდა იბანაოს.+
7 ის მზის ჩასვლის შემდეგ განიწმინდება და შეეძლება წმინდა შესაწირავიდან თავისი წილის ჭამა.+
8 არც მკვდარი ცხოველი ჭამოს და არც მხეცისგან დაგლეჯილი, რათა არ გაუწმინდურდეს.+ მე ვარ იეჰოვა.
9 შეასრულონ მათ თავიანთი ვალდებულება ჩემ წინაშე, რომ ბრალი არ დაედოთ და არ დაიხოცონ იმის შებღალვის გამო, რაც წმინდაა. მე ვარ იეჰოვა, მათი განმწმენდელი.
10 სხვამ* არ ჭამოს ის, რაც წმინდაა.+ არც მღვდელთან მცხოვრებმა ხიზანმა და არც დაქირავებულმა მუშამ არ უნდა ჭამოს ის, რაც წმინდაა.
11 მაგრამ, ვისაც მღვდელი იყიდის, მას შეუძლია ჭამოს; მის სახლში დაბადებულ მონებსაც შეუძლიათ ჭამონ.+
12 თუ მღვდლის ასული ცოლად გაჰყვება მას, ვინც მღვდელი არ არის*, მან აღარ უნდა ჭამოს წმინდა შესაწირავი.
13 თუ მღვდლის ასული დაქვრივდება ან ქმარს გასცილდება, შთამომავალი არ დარჩება და მამის სახლში დაბრუნდება, სადაც ბავშვობაში ცხოვრობდა, შეუძლია ჭამოს ის, რაც მამამისს წილად ხვდება;+ სხვამ არ ჭამოს.
14 თუ კაცი უნებურად შეჭამს იმას, რაც წმინდაა, აანაზღაუროს წმინდა შესაწირავი, დაუმატოს მეხუთედი და მღვდელს მისცეს.+
15 არ შებღალონ მღვდლებმა ის, რაც წმინდაა, რასაც ისრაელები იეჰოვას სწირავენ,+
16 ვინაიდან, თუ აჭმევენ ისრაელებს იმას, რაც წმინდაა, ხალხი დამნაშავე იქნება და დაისჯება. მე ვარ იეჰოვა, მათი განმწმენდელი“.
17 შემდეგ იეჰოვამ მოსეს უთხრა:
18 „აარონს, მის ვაჟებსა და დანარჩენ ისრაელებს გადაეცი, რომ, თუ რომელიმე ებრაელი ან მათ შორის მცხოვრები უცხოელი დასაწვავ მსხვერპლს,+ აღთქმულს ან ნებაყოფლობითს, შესწირავს იეჰოვას,+
19 მისი კეთილგანწყობა რომ მოიპოვონ, შესაწირავად საღი მოზვერი, მამალი თოხლი+ ან თხა უნდა გაიღონ.
20 ნაკლიანი არაფერი შესწიროთ,+ თორემ მის კეთილგანწყობას ვერ მოიპოვებთ.
21 თუ კაცი იეჰოვას სამშვიდობო მსხვერპლს შესწირავს+ აღთქმის შესასრულებლად ან ნებაყოფლობით შესაწირავად, მისი კეთილგანწყობა რომ მოიპოვოს, შესაწირავი, მსხვილფეხა იქნება თუ წვრილფეხა, საღი უნდა იყოს; არავითარი ნაკლი არ უნდა ჰქონდეს.
22 იეჰოვას არც ბრმა, არც მოტეხილობის მქონე, არც ჭრილობის მქონე, არც მეჭეჭიანი და არც კანის დაავადების მქონე შესაწირავი არ მიუყვანოთ; ასეთი შესაწირავი არ დადოთ სამსხვერპლოზე იეჰოვას წინაშე.
23 მოზვერი ან ცხვარი, რომელსაც რომელიმე ფეხი გრძელი ან მოკლე აქვს, შეგიძლიათ ნებაყოფლობით შესაწირავად შესწიროთ, მაგრამ აღთქმულ შესაწირავად არ შესწიროთ, რადგან არ იქნება მიღებული.
24 არ მიუყვანოთ და არ შესწიროთ იეჰოვას ისეთი ცხოველი, რომელსაც სათესლეები დაზიანებული, მოგლეჯილი ან მოკვეთილი აქვს.
25 ასეთი შესაწირავი არც უცხოელმა შესწიროს; ნაკლიანია და არ იქნება მიღებული“.
26 შემდეგ იეჰოვამ მოსეს უთხრა:
27 „ხბო, ბატკანი ან თიკანი მოგებიდან შვიდი დღე უნდა დატოვოთ დედასთან,+ მერვე დღიდან მოყოლებული კი მისი, როგორც ცეცხლში დასაწვავი შესაწირავის, შეწირვა მისაღები იქნება იეჰოვასთვის.
28 ძროხა და ცხვარი თავიანთ ნაშიერებთან ერთად ერთსა და იმავე დღეს არ დაკლათ.+
29 როცა იეჰოვას სამადლობელ მსხვერპლს შესწირავთ,+ ისე შესწირეთ, რომ მისი კეთილგანწყობა მოიპოვოთ.
30 ის იმავე დღეს უნდა ჭამოთ; დილამდე არ მოიტოვოთ.+ მე ვარ იეჰოვა.
31 დაიცავით ჩემი მცნებები.+ მე ვარ იეჰოვა.
32 არ შებღალოთ ჩემი წმინდა სახელი;+ ისრაელებს შორის წმინდა უნდა ვიყო.+ მე ვარ იეჰოვა, თქვენი განმწმენდელი;+
33 მე გამოგიყვანეთ ეგვიპტიდან, რათა გერწმუნათ, რომ თქვენი ღმერთი ვარ.+ მე ვარ იეჰოვა“.
სქოლიოები
^ სიტყვასიტყვით — „უცხომ“; იგულისხმება ის, ვინც აარონის შტოს არ ეკუთვნის.
^ სიტყვასიტყვით — „ვინც უცხოა“.