ლევიანები 26:1—46

  • კერპთაყვანისმცემლობისგან თავის შორს დაჭერა (1, 2).

  • მორჩილების შედეგად მიღებული კურთხევები (3—13).

  • ურჩობით გამოწვეული სასჯელი (14—46).

26  „არ გაიკეთოთ უსარგებლო ღმერთები,+ არ აღმართოთ ქანდაკებები,+ არც სათაყვანო სვეტები, და არ დაიდგათ ქვის ფიგურები+ თაყვანსაცემად,+ რადგან მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი.  დაიცავით ჩემი შაბათები და მოწიწება გქონდეთ ჩემი წმინდა ადგილის მიმართ. მე ვარ იეჰოვა.  თუ დაიცავთ ჩემს წესებსა და მცნებებს,+  დროულად მოგივლენთ წვიმას,+ მიწა მოგცემთ მოსავალს+ და ხე — ნაყოფს.  ლეწვა რთვლამდე გასტანს, რთველი კი — თესვამდე. ძღომამდე შეჭამთ პურს და უსაფრთხოდ იცხოვრებთ თქვენს მიწაზე.+  მშვიდობიანად გაცხოვრებთ იმ მიწაზე,+ მშვიდად დაიძინებთ და არავის შიში არ გექნებათ;+ მოგაშორებთ მტაცებელ ცხოველებს და არავინ აღმართავს მახვილს თქვენ წინააღმდეგ.  დაედევნებით მტრებს და მახვილით განგმირავთ მათ.  ხუთნი ასს განდევნით და ასნი — ათი ათასს; მახვილით განგმირავთ თქვენს მტრებს.+  მოწყალე თვალით გადმოგხედავთ და გაგამრავლებთ,+ შევასრულებ თქვენთან დადებულ ჩემს შეთანხმებას.+ 10  ჯერ კიდევ ძველი მოსავალი გექნებათ საჭმელად, როცა ახალი მოსავლისთვის ადგილის გათავისუფლება მოგიწევთ. 11  თქვენ შორის დავდგამ ჩემს კარავს+ და არ უარგყოფთ. 12  თქვენთან ვიქნები და თქვენი ღმერთი ვიქნები,+ თქვენ კი ჩემი ხალხი იქნებით.+ 13  მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი; მე გამოგიყვანეთ ეგვიპტიდან, დაგიხსენით მონობიდან და დავამსხვრიე თქვენი უღელი, რომ წელში გამართულიყავით. 14  მაგრამ, თუ არ მომისმენთ და არ დაიცავთ ჩემს მცნებებს,+ 15  უარყოფთ ჩემს წესებს,+ შეიძულებთ ჩემს სამართალს, არ შეასრულებთ ჩემს მცნებებს და დაარღვევთ ჩემს შეთანხმებას,+ 16  ასე მოგექცევით: შიშის ზარს დაგცემთ, ჭლექსა და ციებ-ცხელებას შეგყრით, თვალისჩინს წაგართმევთ და დაგაუძლურებთ. ტყუილუბრალოდ დათესავთ, რადგან მაინც მტერი შეგიჭამთ.+ 17  ზურგს შეგაქცევთ და მტერი დაგამარცხებთ;+ თქვენი მოძულენი გაგთელავენ+ და გაიქცევით, მაშინ როცა მდევარი არ გეყოლებათ.+ 18  თუ მაინც არ მომისმენთ, შვიდმაგად დაგსჯით თქვენი ცოდვებისთვის. 19  მოვდრეკ თქვენს სიამაყეს, ცას რკინად გიქცევთ+ და მიწას — სპილენძად. 20  ტყუილუბრალოდ გაირჯებით, რადგან მიწა მაინც არ მოგცემთ მოსავალს+ და ხე — ნაყოფს. 21  თუ კვლავაც ჩემ წინააღმდეგ წახვალთ და არ მომისმენთ, შვიდმაგად დაგსჯით თქვენი ცოდვებისთვის. 22  შემოგასევთ მხეცებს+ და ისინი დაგიხოცავენ შვილებს,+ გაგიწყვეტენ შინაურ ცხოველებს, თითო-ოროლაღა დარჩებით და გაუკაცრიელდება თქვენი გზები.+ 23  თუ მაინც არ გამოსწორდებით+ და კვლავ წინააღმდეგობას გამიწევთ, 24  მაშინ მეც დაგიპირისპირდებით და შვიდმაგად დაგსჯით თქვენი ცოდვებისთვის. 25  შეთანხმების დარღვევის გამო მტერს შემოგასევთ.+ თუ თქვენს ქალაქებს შეაფარებთ თავს, ჭირს შეგყრით;+ მტრის ხელში ჩაცვივდებით.+ 26  როცა პურის მარაგს* გამოგილევთ,+ ათი ქალი ერთ ღუმელში გამოგიცხობთ პურს და წონით მოგცემთ.+ შეჭამთ, თუმცა ვერ გაძღებით.+ 27  თუ არც ამის შემდეგ მომისმენთ და წინააღმდეგობას გამიწევთ, 28  მეც უფრო განრისხებული დაგიპირისპირდებით+ და შვიდმაგად დაგსჯით თქვენი ცოდვებისთვის. 29  თქვენი ვაჟებისა და ასულების ხორცს შეჭამთ.+ 30  გავანადგურებ თქვენს სათაყვანო მაღლობებს+ და დავამსხვრევ თქვენს სასაკმევლეებს, თქვენს გვამებს კი თქვენს საზიზღარ კერპთა* ნამსხვრევებზე დავახვავებ;+ შეგიძულებთ და ზურგს შეგაქცევთ.+ 31  მიწასთან გავასწორებ თქვენს ქალაქებს+ და გავაცამტვერებ თქვენს სათაყვანო ადგილებს, აღარ მეამება თქვენი მსხვერპლის საამო* სურნელება. 32  გავაპარტახებ თქვენს მიწას+ და თქვენი მტრები, რომლებიც იქ დასახლდებიან, გაოგნებულები დაუწყებენ მას ყურებას.+ 33  ხალხებში გაგფანტავთ+ და შიშველ მახვილს დაგადევნებთ.+ გაპარტახდება თქვენი მიწა+ და თქვენი ქალაქები ნანგრევებად იქცევა. 34  მთელი იმ დროის განმავლობაში, როცა თქვენი მიწა გაპარტახებული იქნება და მტრების მიწაზე იცხოვრებთ, თქვენი მიწა შაბათებს აინაზღაურებს. მაშინ დაისვენებს მიწა, რომ აინაზღაუროს შაბათები.+ 35  როცა თქვენი მიწა გაპარტახებული იქნება, მაშინ დაისვენებს, რადგან არ დაუსვენია იმ შაბათების განმავლობაში, როცა იქ ცხოვრობდით. 36  მტრის მიწაზე ყოფნისას გულებს შეგიკრთობთ. ფოთლის შრიალზეც კი გაიქცევით, ისე გაიქცევით, თითქოს მახვილს გაურბოდეთ და დაეცემით, თუმცა მდევარი არ გეყოლებათ.+ 37  ერთმანეთს ფეხებში მოედებით, თითქოს მახვილს გაურბოდეთ და მდევარი მოგდევდეთ. ძალა არ გეყოფათ მტერთან გასამკლავებლად.+ 38  სხვა ხალხთა მიწაზე დაიღუპებით+ და მტრის მიწა შეგჭამთ. 39  ვინც გადარჩებით, თქვენი დანაშაულის გამო მტრის მიწაზე დალპებით;+ თქვენი მამების დანაშაულის გამო დალპებით.+ 40  მერეღა აღიარებთ თქვენს დანაშაულს,+ თქვენი მამების ორგულობასა და მათ დანაშაულს; აღიარებთ, რომ ისინი ჩემ წინააღმდეგ მიდიოდნენ და მღალატობდნენ.+ 41  მეც წავალ თქვენ წინააღმდეგ+ და მტრის მიწაზე მიგიყვანთ.+ იქნებ დაიმდაბლოთ თავი+ და გამოისყიდოთ თქვენი დანაშაული. 42  გავიხსენებ იაკობთან,+ ისაკთან+ და აბრაამთან დადებულ შეთანხმებებს;+ ისიც მეხსომება, რომ მიწის მიცემა აღვუთქვი. 43  თქვენგან მიტოვებული მიწა აინაზღაურებს შაბათებს+ და გაუკაცრიელდება; პასუხს აგებთ თქვენს დანაშაულზე, რადგან უკუაგდეთ ჩემი სამართალი და შეიზიზღეთ ჩემი წესები.+ 44  ამ ყოველივეს მიუხედავად, როცა თქვენი მტრის მიწაზე იქნებით, საბოლოოდ არ უარგყოფთ+ და არ მოგსპობთ, რომ არ დავარღვიო თქვენთან დადებული ჩემი შეთანხმება.+ მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი. 45  თქვენი გულისთვის გავიხსენებ თქვენს წინაპრებთან დადებულ შეთანხმებას,+ ხალხთა თვალწინ რომ გამოვიყვანე ეგვიპტიდან,+ რათა მათი ღმერთი ვყოფილიყავი. მე ვარ იეჰოვა“. 46  ესაა ის წესები, სამართალი და კანონები, რომლებიც იეჰოვამ მოსეს სინაის მთაზე მისცა ისრაელებისთვის გადასაცემად.+

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — „დავამტვრევ პურის ჯოხს“. შესაძლოა იგულისხმებოდეს ჯოხი, რომელზეც პურს ჰკიდებდნენ და ინახავდნენ.
ამ ფრაზად ნათარგმნი ებრაული სიტყვა შესაძლოა ენათესავებოდეს სიტყვა „ნეხვს“.
სიტყვასიტყვით — „დამამშვიდებელი“.