ლუკას სახარება 10:1—42

  • იესოს მიერ 70 მოწაფის გაგზავნა (1—12).

  • ვაი მოუნანიებელ ქალაქებს! (13—16).

  • 70 მოწაფის დაბრუნება (17—20).

  • იესოს მიერ მამის განდიდება იმის გამო, რომ ის თავმდაბლებს სწყალობს (21—24).

  • იგავი კეთილ სამარიელზე (25—37).

  • იესოს სტუმრობა მართასა და მარიამთან (38—42).

10  ამის შემდეგ უფალმა 70 მოწაფე ამოარჩია, ორ-ორად+ გაგზავნა ყველა იმ ქალაქსა და სოფელში, სადაც თავადაც აპირებდა წასვლას,  და უთხრა: «სამკალი ბევრია, მომკელები კი ცოტანი არიან. ამიტომ ევედრეთ სამკლის ბატონს, რომ მომკელები გამოგზავნოს თავის სამკალში.+  წადით, გგზავნით როგორც ბატკნებს მგლებში.+  ნურც ქისას წაიღებთ, ნურც საგზლის აბგას, ნურც სანდლებს+ და ნურც მისალმებისას გადაეხვევით ვინმეს გზაში.  სახლში შესვლისას თქვით: „მშვიდობა ამ სახლს“.+  თუ იქ მშვიდობისმოყვარე დაგხვდებათ, თქვენი მშვიდობა მასთან დაივანებს, თუ არადა, მშვიდობა თქვენვე დაგიბრუნდებათ.  დარჩით იმ სახლში+ და მიირთვით, რასაც შემოგთავაზებენ,+ რადგან მშრომელი გასამრჯელოს ღირსია.+ ერთი სახლიდან მეორეში ნუ გადახვალთ.  რომელ ქალაქშიც შეხვალთ და მიგიღებენ, ჭამეთ, რასაც გამოგიტანენ;  განკურნეთ ავადმყოფები და ყველას უთხარით, ღვთის სამეფო მოახლოვდა-თქო.+ 10  რომელ ქალაქშიც შეხვალთ და არ მიგიღებენ, გადით მთავარ ქუჩებში და თქვით: 11  „ფეხებიდან ვიბერტყავთ თქვენი ქალაქის მტვერს*,+ მაგრამ იცოდეთ, რომ ღვთის სამეფო მოახლოებულია“. 12  გეუბნებით: სოდომისთვის უფრო ადვილი გადასატანი იქნება ის დღე, ვიდრე იმ ქალაქისთვის.+ 13  ვაი შენ, ქორაზინო! და ვაი შენ, ბეთსაიდა! ვინაიდან ტვიროსსა და სიდონში რომ მომხდარიყო ის სასწაულები, რომლებიც თქვენთან მოხდა, ისინი დიდი ხნის წინათ მოინანიებდნენ ჯვალოსა და ნაცარში.+ 14  ამიტომ ტვიროსისა და სიდონისთვის უფრო ადვილი გადასატანი იქნება სასამართლოს დღე, ვიდრე თქვენთვის. 15  შენ კი, კაპერნაუმო, განა ცამდე ამაღლდები?! სამარეში* ჩახვალ! 16  ვინც თქვენ გისმენთ, მეც მისმენს,+ ხოლო ვინც თქვენ არაფრად გაგდებთ, მეც არაფრად მაგდებს. მეტიც, ვინც მე არაფრად მაგდებს, ის ჩემს გამომგზავნელსაც არაფრად აგდებს».+ 17  70–ვე მოწაფე გახარებული დაბრუნდა და იესოს ეუბნებოდა: „უფალო, შენი სახელის ხსენებაზე დემონებიც კი გვემორჩილებიან“.+ 18  იესომ მათ უთხრა: „დავინახე, რომ სატანა ელვასავით ჩამოვარდა+ ციდან. 19  გველებისა და მორიელების გათელვის და მტრის ყოველი ძალის დათრგუნვის უფლებამოსილება მოგეცით,+ და ვერაფერი ვერ გავნებთ. 20  მაგრამ ის კი ნუ გიხარიათ, რომ ბოროტი სულები გემორჩილებიან, ის გიხაროდეთ, რომ თქვენი სახელები ზეცაში ჩაიწერა“.+ 21  მაშინ იესომ დიდად გაიხარა წმინდა სულით და თქვა: „მამა, ცისა და დედამიწის უფალო, გაქებ ყველას წინაშე, რადგან ეს ყველაფერი ბრძენებსა და ჭკვიანებს დაუფარე+ და ბავშვებს გაუმჟღავნე. მამა, ასე იყო მოსაწონი შენთვის.+ 22  ყველაფერი მამაჩემმა გადმომცა. ძეს ისე არავინ იცნობს, როგორც მამა, და არც მამას იცნობს ვინმე ისე, როგორც ძე+ და ის, ვისაც ძეს სურს, რომ მამის შესახებ გაუმჟღავნოს“.+ 23  შემდეგ მოწაფეებს განცალკევებით უთხრა: „ბედნიერნი არიან ისინი, ვინც იმას ხედავენ, რასაც თქვენ ხედავთ.+ 24  გეუბნებით: ბევრ წინასწარმეტყველსა და მეფეს სურდა იმის ხილვა, რასაც თქვენ ხედავთ, მაგრამ ვერ იხილეს,+ და იმის მოსმენა, რასაც თქვენ ისმენთ, მაგრამ ვერ მოისმინეს“. 25  მაშინ წამოდგა ერთი კანონის მცოდნე და გამოსაცდელად ჰკითხა: „მოძღვარო, რა უნდა გავაკეთო, რომ მარადიული სიცოცხლე მივიღო?“+ 26  იესომ ჰკითხა: „კანონში რა წერია? შენ როგორ იცი?“ 27  მან უპასუხა: «„გიყვარდეს იეჰოვა*, შენი ღმერთი, მთელი სულით, მთელი გულით, მთელი ძალით და მთელი გონებით“+ და „მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს“».+ 28  იესომ უთხრა: „სწორია. ასე მოიქეცი და მიიღებ მარადიულ სიცოცხლეს“.+ 29  მას საკუთარი თავის მართლად წარმოჩენა უნდოდა+ და იესოს ჰკითხა: „ვინ არის ჩემი მოყვასი?“ 30  იესომ მიუგო: „ერთი კაცი იერუსალიმიდან იერიხონში მიდიოდა და ყაჩაღები დაესხნენ თავს. ტანსაცმელი გახადეს*, სცემეს, ცოცხალმკვდარი მიაგდეს და წავიდნენ. 31  იმ გზაზე ერთმა მღვდელმა ჩაიარა, დაინახა და გზის მეორე მხარეს გადავიდა. 32  იქ ლევიანმაც ჩაიარა და, როცა დაინახა, ისიც მეორე მხარეს გადავიდა. 33  იმ გზაზე ერთმა სამარიელმაც+ ჩაიარა და, როცა დაინახა, გული დაეწვა. 34  მივიდა, ჭრილობები ზეთითა და ღვინით დაუმუშავა და შეუხვია; თავის პირუტყვზე შესვა, სასტუმროში მიიყვანა და მოუარა. 35  მეორე დღეს ამოიღო ორი დინარი, სასტუმროს პატრონს მისცა და უთხრა, ამ კაცს მიმიხედე და, თუ მეტი დაგეხარჯება, რომ დავბრუნდები, გადაგიხდიო. 36  როგორ ფიქრობ, რომელია ამ სამიდან ყაჩაღების ხელში ჩავარდნილის მოყვასი?“+ 37  მან მიუგო: „ვინც გულმოწყალება გამოიჩინა“.+ იესომ უთხრა: „ჰოდა, წადი და შენც ასე მოიქეცი“.+ 38  შემდეგ გზა განაგრძეს. იესო ერთ სოფელში შევიდა და იქ ერთმა ქალმა, სახელად მართამ,+ სახლში მიიპატიჟა. 39  მართას ჰყავდა და, მარიამი. უფალს ფერხთით დაუჯდა ის და უსმენდა, 40  მართას კი მთელი ყურადღება გამასპინძლებაზე ჰქონდა გადატანილი. იგი იესოსთან მივიდა და უთხრა: „უფალო, ხომ ხედავ, ჩემმა დამ ყველაფერი მე შემომატოვა?! უთხარი, მოვიდეს და მომეხმაროს“. 41  უფალმა მიუგო: „მართა, მართა, შენ ბევრ რამეზე წუხხარ, 42  არადა, სულ ცოტაა საჭირო, თუნდაც ერთი. მარიამმა უკეთესი აირჩია+ და არ წაერთმევა“.

სქოლიოები

პასუხისმგებლობის მოხსნის მაჩვენებელი ჟესტი.
ბერძნ. „ჰადეს“. იხ. „სამარე“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
სხვაგვარად — „გაძარცვეს“.