ლუკას სახარება 14:1—35

  • წყალმანკით დაავადებული კაცის განკურნება შაბათ დღეს (1—6).

  • მოკრძალებული სტუმარი (7—11).

  • მათი დაპატიჟება, ვისაც სანაცვლოდ არაფრის გადახდა არ შეუძლია (12—14).

  • იგავი მათ შესახებ, ვინც მოწვევას არ გამოეხმაურა (15—24).

  • რას ნიშნავს მოწაფეობა (25—33).

  • ძალადაკარგული მარილი (34, 35).

14  ერთ შაბათს, როცა იესო ფარისეველთა ერთ-ერთ წინამძღოლთან საჭმელად იყო მისული, იქ შეკრებილნი თვალს არ აცილებდნენ მას.  მის წინ ერთი წყალმანკით დაავადებული კაცი იყო.  იესომ კანონის მცოდნეებსა და ფარისევლებს ჰკითხა: „ნებადართულია შაბათს განკურნება?“+  ისინი დუმდნენ. მაშინ იესომ ხელი მოჰკიდა იმ კაცს, განკურნა და გაუშვა.  შემდეგ მათ ჰკითხა: „რომელიმე თქვენგანს შაბათს ან შვილი, ან ხარი ჭაში რომ ჩაუვარდეს,+ განა მაშინვე არ ამოიყვანს?“+  პასუხი ვერავინ გასცა.  იესომ შენიშნა, რომ სტუმრები საპატიო ადგილებს ირჩევდნენ+ და ასეთი მაგალითი მოუყვანა:  „როცა ქორწილში დაგპატიჟებენ, საპატიო ადგილს ნუ აირჩევ;+ მასპინძელს შესაძლოა შენზე პატივდებული ადამიანიც ჰყავდეს დაპატიჟებული;  ამიტომ მასპინძელი შეიძლება მოვიდეს და გითხრას, ეს ადგილი ამ კაცს დაუთმეო. მაშინ შერცხვენილს მოგიწევს სხვა ადგილის დაკავება. 10  როცა დაგპატიჟებენ და მიხვალ, საპატიო ადგილს ნუ დაიკავებ, და, როცა მასპინძელი მოვა, გეტყვის, მეგობარო, გადაბრძანდი საპატიო ადგილზეო. მაშინ სხვა სტუმრების წინაშე პატივი დაგედება.+ 11  ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება, ხოლო ვინც თავს დაიმდაბლებს, ამაღლდება“.+ 12  შემდეგ იესომ მასპინძელს უთხრა: „როცა სადილს ან ვახშამს მოამზადებ, ნუ დაპატიჟებ შენს მეგობრებს, ძმებს, ნათესავებს ან მდიდარ მეზობლებს. შეიძლება მათაც დაგპატიჟონ და ეს იქნება შენი საზღაური. 13  როცა ნადიმს გამართავ, დაპატიჟე ღარიბები, ხეიბრები, კოჭლები, უსინათლოები+ 14  და ბედნიერი იქნები, რადგან მათ არაფერი აქვთ, რომ გადაგიხადონ. მართალთა აღდგომისას გადაგეხდება“.+ 15  ეს რომ ერთ-ერთმა სტუმარმა გაიგონა, იესოს უთხრა: „ბედნიერია, ვინც ღვთის სამეფოში შეჭამს პურს“. 16  იესომ მას უთხრა: «ერთი კაცი ვახშამს მართავდა+ და ბევრი სტუმარი ჰყავდა დაპატიჟებული. 17  ვახშმის დრომ რომ მოაწია, დაპატიჟებულთ მონა გაუგზავნა და შეუთვალა, მობრძანდით, ყველაფერი გამზადებული მაქვსო. 18  მაგრამ ყველამ რაღაც მოიმიზეზა.+ პირველმა უთხრა, ყანა ვიყიდე და სანახავად უნდა წავიდე, მაპატიეო. 19  მეორემ უთხრა, ხუთი უღელი ხარი ვიყიდე და მათ გამოსაცდელად მივდივარ, მაპატიეო.+ 20  მესამემ უთხრა, ცოლი ახალი მოყვანილი მყავს და ვერ მოვალო. 21  მივიდა მონა და მათი შემონათვალი ბატონს შეატყობინა. იგი განრისხდა და მონას უთხრა: „ახლავე წადი, ქალაქის ყველა განიერი და ვიწრო ქუჩა მოიარე და წამოიყვანე ღარიბები, ხეიბრები, უსინათლოები და კოჭლები“. 22  ცოტა ხანში მონამ უთხრა: „ბატონო, შევასრულე შენი ბრძანება, მაგრამ კიდევ დაგვრჩა ადგილი“. 23  ბატონმა მიუგო: „ახლა ქალაქგარეთ წადი, მოიარე გზები და ორღობეები, დაიყოლიე ხალხი, რომ წამოგყვნენ, რათა აივსოს ჩემი სახლი.+ 24  გეუბნებით: დაპატიჟებულთაგან ვერცერთი ვერ იგემებს ჩემს ვახშამს“».+ 25  იესოს დიდძალი ხალხი მიჰყვებოდა; მიუბრუნდა მათ და უთხრა: 26  „ვინც ჩემთან მოდის და ჩემზე მეტად უყვარს* დედ-მამა, ცოლ-შვილი, და-ძმები ან თუნდაც საკუთარი თავი,+ ვერ იქნება ჩემი მოწაფე.+ 27  ვინც თავის წამების ძელს* არ ატარებს და არ მომყვება, ვერ იქნება ჩემი მოწაფე.+ 28  მაგალითად, რომელიმე თქვენგანმა კოშკის აშენება რომ მოისურვოს, განა ჯერ არ დაჯდება და არ გამოთვლის ხარჯებს, რომ ნახოს, ეყოფა თუ არა სახსრები მის დასამთავრებლად? 29  თუ ასე არ იზამს, შეიძლება საძირკველი კი ჩაყაროს, მაგრამ მშენებლობა ვერ დაამთავროს; ყველა, ვინც დაინახავს, მასხრად აიგდებს; 30  იტყვიან, ამ კაცმა შენება დაიწყო და ვეღარ დაამთავრაო. 31  ან რომელი მეფე წავა სხვა მეფესთან საბრძოლველად, თუ ჯერ არ დაჯდება და არ მოითათბირებს, გაუმკლავდება თუ არა 10 000-იანი ჯარით 20 000-იან ჯარს? 32  თუ მიხვდება, რომ ვერ გაუმკლავდება, სანამ ის მეფე ჯერ კიდევ შორს იქნება, ელჩებს გაუგზავნის მას და დაზავებას სთხოვს. 33  მსგავსად ამისა, ვინც მთელ თავის ქონებას არ დათმობს, ჩემი მოწაფე ვერ იქნება.+ 34  მარილი, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ, თუ ძალას დაკარგავს, როგორღა დაუბრუნდება სიმლაშე?+ 35  აღარც ნიადაგისთვის ივარგებს და აღარც ნაკელისთვის. ამიტომ მას გარეთ გადაყრიან. ვისაც ყური აქვს, ისმინოს!“+

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — „არ სძულს“.
იხ. „ძელი, წამების ძელი“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).