ლუკას სახარება 19:1—48
19 იესო იერიხონში შევიდა და გზას გაუყვა.
2 იქ იყო ერთი მდიდარი კაცი, სახელად ზაქე, მებაჟეთა უფროსი.
3 ძალიან უნდოდა იესოს დანახვა, მაგრამ ტანდაბალი იყო და ხალხმრავლობის გამო ვერ ხედავდა.
4 ამიტომ წინ გაიქცა და სიკომოროს ხეზე ავიდა; იესოს იმ გზაზე უნდა გამოევლო.
5 იმ ადგილს რომ მიუახლოვდა, იესომ ახედა მას და უთხრა: „ზაქე, სწრაფად ჩამოდი, დღეს შენს სახლში უნდა დავრჩე!“
6 ისიც მაშინვე ჩამოვიდა და, გახარებულმა, იესო შინ წაიყვანა.
7 ყველამ, ვინც ეს დაინახა, დრტვინვა დაიწყო, ცოდვილ კაცთან წავიდა სტუმრადო.+
8 წამოდგა ზაქე და უფალს უთხრა: „უფალო, ჩემი ქონების ნახევარს ღარიბებს დავურიგებ და რაც კი ვინმესთვის გამომიძალავს, ოთხმაგად დავუბრუნებ!“+
9 მაშინ იესომ მიუგო: „ხსნის დღე დაუდგა ამ ოჯახს, ვინაიდან ეს კაციც აბრაამის ძეა.
10 კაცის ძე ხომ დაკარგულის მოსაძებნად და სახსნელად მოვიდა!“+
11 მოწაფეები ამას რომ ისმენდნენ, იესო მათ ერთ იგავს მოუყვა, რადგან იერუსალიმთან ახლოს იყვნენ და ეგონათ, რომ ღვთის სამეფო მყისვე დამყარდებოდა.+
12 მან დაიწყო: «ერთი დიდგვაროვანი შორეულ ქვეყანაში წავიდა,+ რომ მეფობა მიეღო და უკან დაბრუნებულიყო.
13 მოიხმო თავისი ათი მონა, მისცა ათი მინა* და უთხრა, ბრუნვაში გაუშვით ჩემს დაბრუნებამდეო.+
14 მისმა თანამემამულეებმა, რომლებსაც სძულდათ იგი, ელჩები დაადევნეს და შეუთვალეს, მეფედ არ გვინდიხარო.
15 მეფობა რომ მიიღო და დაბრუნდა, დაიბარა ის მონები, რომელთათვისაც ფული ჰქონდა მიცემული, რათა გაეგო, ვინ რა მოგება ნახა.+
16 მივიდა პირველი მონა და მოახსენა: „ბატონო, შენი მინით ათი მინა მოვიგე“.+
17 მან მიუგო: „ყოჩაღ, კარგი მონა ხარ! რაკი მცირედში ერთგული იყავი, ათ ქალაქზე დაგაყენებ“.+
18 მივიდა მეორე და უთხრა: „ბატონო, შენი მინით ხუთი მინა მოვიგე“.+
19 მას უთხრა, ხუთ ქალაქზე დაგაყენებო.
20 მივიდა კიდევ ერთი მონა და უთხრა: „ბატონო, აჰა შენი მინა, ნაჭერში გამოკრულს ვინახავდი.
21 მეშინოდა შენი, რადგან მკაცრი კაცი ხარ; იღებ, რაც არ ჩაგიდია, და იმკი, რაც არ დაგითესავს“.+
22 მან უთხრა: „ბოროტო მონავ, შენივე სიტყვებით გაგასამართლებ! თუ ამბობ, რომ მკაცრი კაცი ვარ, ვიღებ, რაც არ ჩამიდია, და ვიმკი, რაც არ დამითესავს,+
23 მაშ, რატომ არ გაუშვი ჩემი ფული* ბრუნვაში?! როცა დავბრუნდებოდი, მას მოგებასთან ერთად მივიღებდი“.
24 მაშინ მან იქ მდგომთ უთხრა: „წაართვით მას ეგ ერთი მინა და ათი მინის მქონეს მიეცით!“+
25 მათ უთხრეს: „ბატონო, მას ხომ ისედაც ათი მინა აქვს?!“
26 „გეუბნებით: ვისაც აქვს, მეტი მიეცემა, ხოლო ვისაც არა აქვს, ისიც წაერთმევა, რაც აქვს.+
27 ჩემი მტრები კი, რომელთაც ჩემი გამეფება არ უნდოდათ, აქ მომგვარეთ და ჩემ თვალწინ დახოცეთ!“»
28 იესომ ამ იგავის მოყოლა რომ დაასრულა, იერუსალიმისკენ გასწია.
29 როცა ზეთისხილის მთაზე+ მდებარე ბეთფაგესა და ბეთანიას მიუახლოვდა, ორი მოწაფე გაგზავნა+
30 და დააბარა: „აი ამ სოფელში წადით; როგორც კი შეხვალთ, დაინახავთ დაბმულ ჩოჩორს, რომელზეც არავინ მჯდარა. აუშვით და მომიყვანეთ.
31 თუ ვინმე გკითხავთ, რატომ უშვებთო, უთხარით, უფალს სჭირდება-თქო“.
32 ისინიც წავიდნენ და ყველაფერი ისე მოხდა, როგორც მას ჰქონდა ნათქვამი.+
33 ჩოჩორს რომ უშვებდნენ, პატრონებმა ჰკითხეს, რატომ უშვებთო.
34 მათ მიუგეს, უფალს სჭირდებაო.
35 მიუყვანეს იესოს ჩოჩორი, ზედ თავიანთი მოსასხამები დაუფინეს და იესოც შეჯდა.+
36 მიდიოდა იესო და ხალხი გზაზე მოსასხამებს უფენდა.+
37 ზეთისხილის მთაზე იმ ადგილს რომ მიადგნენ, საიდანაც გზა თავქვე ეშვებოდა, სასწაულების ნახვით აღფრთოვანებული უამრავი მოწაფე ღვთის ქება-დიდებას მოჰყვა;
38 ხმამაღლა ამბობდნენ: „კურთხეულია იეჰოვას* სახელით მომავალი მეფე! მშვიდობა ზეცას და დიდება ზეციერს!“+
39 ამაზე ზოგიერთმა ფარისეველმა მას უთხრა: „მოძღვარო, გაუწყერი შენს მოწაფეებს!“+
40 მან კი მიუგო: „გეუბნებით, ესენი რომ დადუმდნენ, ქვები აღაღადდებიან“.
41 უახლოვდებოდა ქალაქს, უყურებდა და ტიროდა:+
42 „ნეტავ მიმხვდარიყავი, რა მოგიტანდა მშვიდობას... მაგრამ ახლა ეს დაფარულია შენს თვალთაგან.+
43 მოვა დრო, როცა შენი მტრები წვეტიანი ბოძებით მესერს შემოგავლებენ და ალყაში მოგაქცევენ.+
44 მიწასთან გაგასწორებენ და დაგიხოცავენ შვილებს,+ ქვა ქვაზე არ დარჩება,+ რადგან ვერ მიხვდი, როდის დაგიდგა შემოწმების დრო“.
45 შემდეგ იესო ტაძარში შევიდა და გამყიდველები გარეთ გაყარა,+
46 თან ეუბნებოდა: „დაწერილია, ჩემი ტაძარი სამლოცველო ადგილი გახდებაო,+ თქვენ კი ყაჩაღების ბუნაგად გიქცევიათ!“+
47 იესო კვლავაც ყოველდღე ასწავლიდა ტაძარში. უფროსი მღვდლები, მწიგნობრები და გავლენიანი პირები მის მოსაკლავად ხელსაყრელ შემთხვევას ეძებდნენ,+
48 მაგრამ ვერაფერს ხდებოდნენ, რადგან იესოს ირგვლივ ყოველთვის უამრავი ხალხი იყრიდა თავს მის მოსასმენად.+
სქოლიოები
^ ბერძნული მინა უდრიდა 340 გრ-ს და იყო 100 დრაქმის ექვივალენტი. იხ. დანართი ბ14.
^ სიტყვასიტყვით — „ვერცხლი“.
^ იხ. დანართი ა5.