მათეს სახარება 10:1—42

  • თორმეტი მოციქული (1—4).

  • მითითებები მსახურებისთვის (5—15).

  • იესო მოწაფეებს დევნის შესახებ აფრთხილებს (16—25).

  • იესო მოწაფეებს მოუწოდებს, რომ ადამიანებისა კი არა, ღვთისა ეშინოდეთ (26—31).

  • „მშვიდობის კი არა, მახვილის მოსატანად მოვედი“ (32—39).

  • „ვინც თქვენ გიღებთ, ის მეც მიღებს“ (40—42).

10  მოუხმო იესომ თავის თორმეტ მოწაფეს და მისცა ძალაუფლება, რომ განედევნათ უწმინდური სულები+ და განეკურნათ ნებისმიერი სნეულება თუ უძლურება.  აი თორმეტი მოციქულის სახელი:+ სიმონი, პეტრედ+ წოდებული, და მისი ძმა ანდრია,+ იაკობი და მისი ძმა იოანე,+ ზებედეს ვაჟები,  ფილიპე და ბართლომე,+ თომა+ და მებაჟე მათე,+ ალფეს ვაჟი იაკობი და თადეოზი,  სიმონ კანანელი* და იუდა ისკარიოტელი, რომელმაც გასცა იესო.+  იესომ გაგზავნა თორმეტივე და დაარიგა:+ „უცხოტომელთა გზით ნუ წახვალთ და სამარიელების ქალაქში ნუ შეხვალთ,+  მხოლოდ ისრაელი ერის დაკარგულ ცხვრებთან მიდით.+  იარეთ და იქადაგეთ, მოახლოვდა-თქო ზეციერი სამეფო.+  განკურნეთ ავადმყოფები,+ აღადგინეთ მკვდრები, განკურნეთ კეთროვნები, განდევნეთ დემონები. უსასყიდლოდ გაქვთ მიღებული და უსასყიდლოდვე გაეცით.  ნუ წაიღებთ ოქრო-ვერცხლს ან სპილენძს სარტყლით*,+ 10  ნურც აბგას საგზლით, ნურც გამოსაცვლელ ტანსაცმელს, ნურც სანდლებსა და ხელჯოხს,+ რადგან მშრომელი საზრდოს ღირსია.+ 11  რომელ ქალაქში ან სოფელშიც არ უნდა შეხვიდეთ, მოძებნეთ ღირსეული და იქაურობის დატოვებამდე მასთან დარჩით.+ 12  სახლში შესვლისას მიესალმეთ ოჯახს 13  და, თუ ოჯახი ღირსია, მშვიდობა, რომელიც თქვენ უსურვეთ,+ მიუვიდეს მას, ხოლო, თუ არ არის ღირსი, თქვენი მშვიდობა თქვენვე დაგიბრუნდეთ. 14  სადაც არ მიგიღებენ ან არ მოისმენენ თქვენს სიტყვებს, იმ სახლიდან ან ქალაქიდან გამოსვლისას ფეხებიდან მტვერი დაიბერტყეთ*.+ 15  ჭეშმარიტებას გეუბნებით: სოდომისა და გომორისთვის+ უფრო ადვილი გადასატანი იქნება სასამართლოს დღე, ვიდრე იმ ქალაქისთვის. 16  აი, გგზავნით, როგორც ცხვრებს მგლებში. ამიტომ იყავით გველივით ფრთხილნი და მტრედივით უწყინარნი.+ 17  ადამიანებს უფრთხილდით, რადგან ისინი სასამართლოებს+ გადაგცემენ და სინაგოგებში+ გაგშოლტავენ.+ 18  წაგიყვანენ გამგებლებთან და მეფეებთან+ ჩემ გამო, რაც მათთან და უცხოტომელებთან ქადაგების შესაძლებლობას მოგცემთ.+ 19  როცა გადაგცემენ, ნუ იწუხებთ იმაზე, რა თქვათ ან როგორ თქვათ, რადგან მაშინ გაგიმჟღავნდებათ, რაც უნდა თქვათ.+ 20  მხოლოდ თქვენით კი არ ილაპარაკებთ, არამედ თქვენი მამის სული ილაპარაკებს თქვენი მეშვეობით.+ 21  ძმა ძმას გაიმეტებს სასიკვდილოდ, მამა კი — შვილს; შვილები მშობლებს აუმხედრდებიან და დახოცავენ.+ 22  ყველა შეგიძულებთ ჩემი სახელის გამო,+ ბოლომდე მომთმენი კი გადარჩება.+ 23  როცა ერთ ქალაქში დაგიწყებენ დევნას, მეორეში გაიქეცით.+ ჭეშმარიტებას გეუბნებით: კაცის ძის მოსვლამდე ვერ მოასწრებთ ისრაელის ქალაქების შემოვლას. 24  მოწაფე მასწავლებელზე მეტი არ არის, არც მონაა თავის ბატონზე მეტი.+ 25  მოწაფისთვის საკმარისია, თავის მასწავლებელს დაემსგავსოს, მონისთვის კი — თავის ბატონს.+ თუ სახლის პატრონს ბელზებელი*+ უწოდეს, მისი ოჯახის წევრებს რაღას უწოდებენ?! 26  ნუ შეგეშინდებათ მათი, რადგან არაფერია დაფარული, რომ არ გამოაშკარავდეს, და არ არსებობს საიდუმლო, რომ არ გამჟღავნდეს.+ 27  რასაც სიბნელეში გეუბნებით, სინათლეზე ილაპარაკეთ, და რაც ჩურჩულით გესმით, ბანებიდან იქადაგეთ.+ 28  ნუ შეგეშინდებათ მათი, ვინც სხეულს კლავს, სულის* მოკვლა კი არ შეუძლია.+ მისი გეშინოდეთ, ვისაც სულის მოსპობაც შეუძლია გეენაში*+ და სხეულისაც. 29  განა ორ ბეღურას ერთ ასარად* არ ყიდიან?! მაგრამ არცერთი მათგანი არ დაეცემა მიწაზე* ისე, რომ მამათქვენმა არ იცოდეს.+ 30  თქვენს თავზე კი თმაც დათვლილია. 31  ამიტომ ნუ გეშინიათ: უამრავ ბეღურაზე ძვირფასნი ხართ.+ 32  ვინც სხვების წინაშე მაღიარებს,+ მეც ვაღიარებ მას ზეციერი მამის წინაშე,+ 33  ხოლო ვინც სხვების წინაშე უარმყოფს, მეც უარვყოფ მას ჩემი ზეციერი მამის წინაშე.+ 34  არ იფიქროთ, რომ დედამიწაზე მშვიდობის მოსატანად მოვედი, მშვიდობის კი არა, მახვილის მოსატანად მოვედი;+ 35  მოვედი, რომ განხეთქილება ჩამოვაგდო მამასა და შვილს შორის, დედასა და ასულს შორის, რძალსა და დედამთილს შორის.+ 36  კაცს თავისი ოჯახის წევრები ექცევიან მტრებად. 37  ვისაც მამა ან დედა ჩემზე მეტად უყვარს, ჩემი ღირსი არ არის, და ვისაც ვაჟი ან ასული უყვარს ჩემზე მეტად, არც ის არის ჩემი ღირსი;+ 38  ვინც არ იღებს თავის წამების ძელს* და არ მომყვება, ჩემი ღირსი არ არის.+ 39  ვისაც სიცოცხლის* შენარჩუნება სურს, დაკარგავს მას, ხოლო ვინც ჩემ გამო კარგავს სიცოცხლეს, დაიბრუნებს მას.+ 40  ვინც თქვენ გიღებთ, ის მეც მიღებს, ხოლო ვინც მე მიღებს, ჩემს გამომგზავნელსაც იღებს.+ 41  ვინც წინასწარმეტყველს იმიტომ იღებს, რომ ის წინასწარმეტყველია, წინასწარმეტყველის საზღაურს მიიღებს,+ და ვინც მართალ კაცს იმიტომ იღებს, რომ ის მართალია, მართალი კაცის საზღაურს მიიღებს; 42  ვინც ერთ ამ მცირეთაგანს თუნდაც ერთ სასმის ცივ წყალს დაალევინებს იმიტომ, რომ ის ჩემი მოწაფეა, ჭეშმარიტებას გეუბნებით: მას არ დაეკარგება თავისი საზღაური!“+

სქოლიოები

სავარაუდოდ, ნიშნავს „მოშურნეს“ და არ მიუთითებს მის სადაურობაზე.
იგულისხმება სარტყელი, რომელსაც ქისა ჰქონდა.
პასუხისმგებლობის მოხსნის მაჩვენებელი ჟესტი.
ამ სახელით მოიხსენიებდნენ სატანას, დემონთა მთავარს.
ბერძნ. „ფსიქე“. იხ. „სული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
მცირე ღირებულების რომაული მონეტა. იხ. დანართი ბ14.
შესაძლოა იგულისხმებოდეს მიწაზე დაფრენაც.
იხ. „ძელი, წამების ძელი“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
ბერძნ. „ფსიქე“. იხ. „სული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).