მათეს სახარება 11:1—30
11 მას შემდეგ, რაც იესომ თავისი თორმეტი მოწაფე დაარიგა, სხვა ქალაქებში წავიდა, რომ ესწავლებინა და ექადაგა.+
2 იოანემ საპატიმროში+ გაიგო ქრისტეს საქმეების შესახებ და მოწაფეები გაუგზავნა,+
3 რომ მისთვის ეკითხათ, შენა ხარ ის, ვინც უნდა მოსულიყო, თუ სხვას უნდა ველოდოთო.+
4 იესომ მიუგო მათ: „წადით და მოუყევით იოანეს, რასაც ისმენთ და ხედავთ:+
5 უსინათლოები ხედავენ+ და კოჭლები დადიან, კეთროვნები+ იკურნებიან და ყრუებს ესმით, მკვდრები ცოცხლდებიან და ღარიბებს სასიხარულო ცნობა ეუწყებათ.+
6 ბედნიერია ის, ვინც დამაბრკოლებელს არაფერს ხედავს ჩემში“.+
7 როცა ისინი წავიდნენ, იესომ ხალხს იოანეზე დაუწყო ლაპარაკი: «რის სანახავად გახვედით უდაბნოში+ — ქარისგან რხეული ლერწმისა?!+
8 აბა, რის სანახავად გახვედით — მდიდრულ სამოსში გამოწყობილი კაცისა?! მდიდრულ სამოსში გამოწყობილნი ხომ მეფეთა სასახლეებში არიან?!
9 მაშ, რისთვის გახვედით — წინასწარმეტყველის სანახავად?! გეუბნებით: ის წინასწარმეტყველიცაა და ბევრად მეტიც.+
10 მასზეა დაწერილი: „აი, შენ წინ ვგზავნი ჩემს მაცნეს, რომელიც გზას მოგიმზადებს“.+
11 ჭეშმარიტებას გეუბნებით: ქალის მიერ შობილთა შორის არავინ ყოფილა იოანე ნათლისმცემელზე დიდი, მაგრამ ზეციერ სამეფოში უმცირესიც კი მასზე დიდია.+
12 იოანე ნათლისმცემლის დროიდან აქამდე ზეციერი სამეფოსკენ მთელი ძალით ისწრაფვიან, და ვინც მთელი ძალით ისწრაფვის, იმკვიდრებს კიდეც მას,+
13 რადგან ყველა წიგნი, წინასწარმეტყველებებიცა და კანონიც, იოანემდე წინასწარმეტყველებდა.+
14 თქვენი ნებაა, დაიჯერებთ თუ არა, მაგრამ ის არის ელია, რომელიც უნდა მოსულიყო.+
15 ვისაც ყური აქვს, ისმინოს!
16 ვის შევადარო ეს თაობა?+ ეს თაობა ჰგავს ბავშვებს, რომლებიც მოედნებზე სხედან და ამხანაგებს ეუბნებიან:
17 „სალამურს გიკრავდით, თქვენ კი არ ცეკვავდით, მოვთქვამდით, თქვენ კი მწუხარებისგან მკერდში მჯიღს არ იცემდით“.
18 მოვიდა იოანე, არც ჭამს, არც სვამს და ხალხი ამბობს, დემონი ჰყავსო.
19 მოვიდა კაცის ძე, ჭამს, სვამს,+ ხალხი კი მაინც ამბობს, აი ჭამა-სმას გადაყოლილი კაცი, მებაჟეთა და ცოდვილთა მეგობარიო.+ თუმცა სიბრძნე საქმეებით მტკიცდება».+
20 მაშინ მან გაკიცხა ის ქალაქები, რომლებშიც მან ყველაზე მეტი სასწაული მოახდინა, რადგან იქაურებმა არ მოინანიეს:
21 „ვაი შენ, ქორაზინო! და ვაი შენ, ბეთსაიდა! ვინაიდან ტვიროსსა და სიდონში რომ მომხდარიყო ის სასწაულები, რომლებიც თქვენთან მოხდა, ისინი დიდი ხნის წინათ მოინანიებდნენ ჯვალოსა და ნაცარში.+
22 ამიტომ გეუბნებით: ტვიროსისა და სიდონისთვის უფრო ადვილი გადასატანი იქნება სასამართლოს დღე, ვიდრე თქვენთვის.+
23 შენ კი, კაპერნაუმო,+ განა ცამდე ამაღლდები?! სამარეში* ჩახვალ,+ რადგან სოდომში რომ მომხდარიყო ის სასწაულები, რომლებიც შენში მოხდა, ის დღემდე იარსებებდა.
24 ამიტომ გეუბნებით: სოდომისთვის უფრო ადვილი გადასატანი იქნება სასამართლოს დღე, ვიდრე თქვენთვის!“+
25 მაშინ იესომ თქვა: „მამა, ცისა და დედამიწის უფალო, გაქებ ყველას წინაშე, რადგან ეს ყველაფერი ბრძენებსა და ჭკვიანებს დაუფარე და ბავშვებს გაუმჟღავნე.+
26 მამა, ასე იყო მოსაწონი შენთვის.
27 ყველაფერი მამაჩემმა გადმომცა.+ ძეს ისე კარგად არავინ იცნობს, როგორც მამა,+ და არც მამას იცნობს ვინმე ისე კარგად, როგორც ძე და ის, ვისაც ძეს სურს, რომ მამის შესახებ გაუმჟღავნოს.+
28 მოდით ჩემთან, მძიმედ მშრომელნო და ტვირთმძიმენო, და მე გამოგაცოცხლებთ.
29 დაიდგით ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, რადგან რბილი და თავმდაბალი ვარ,+ და გამოცოცხლდებით.
30 ჩემი უღელი ადვილი სატარებელია, ჩემი ტვირთი კი — მსუბუქი!“
სქოლიოები
^ ბერძნ. „ჰადეს“. იხ. „სამარე“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).