მათეს სახარება 13:1—58

  • იგავები სამეფოს შესახებ (1—52).

    • მთესველი (1—9).

    • რატომ ჰყვება იესო იგავებს (10—17).

    • იგავის ახსნა მთესველის შესახებ (18—23).

    • ხორბალი და სარეველა (24—30).

    • მდოგვის მარცვალი და საფუარი (31—33).

    • სრულდება წინასწარმეტყველება, რომ იესო იგავებით ილაპარაკებდა (34, 35).

    • იგავის ახსნა ხორბლისა და სარეველას შესახებ (36—43).

    • დამალული განძი და ძვირფასი მარგალიტი (44—46).

    • ზღვაში მოსროლილი ბადე (47—50).

    • ახალი და ძველი განძეული (51, 52).

  • იესოს მშობლიურ მხარეში არ იღებენ (53—58).

13  იმ დღეს იესო სახლიდან გავიდა და ზღვის პირას დაჯდა.  მასთან იმდენი ხალხი მოგროვდა, რომ იგი ნავში ჩაჯდა, ხალხი კი ნაპირზე დარჩა.+  ის ბევრ რამეზე ესაუბრებოდა მათ იგავებით;+ ამ იგავსაც მოუყვა: „გამოვიდა მთესველი დასათესად.+  თესვისას ზოგი თესლი გზის პირას დავარდა, მოფრინდნენ ფრინველები და აკენკეს.+  ზოგი კლდოვან ადგილზე დავარდა, სადაც მიწა ბევრი არ იყო, და რადგან მიწას სიღრმე არ ჰქონდა,+ მალევე აღმოცენდა.  მაგრამ მზე რომ ამოვიდა, დაჭკნა და რადგან ფესვი არ ჰქონდა, გახმა.  ზოგი ეკლებში ჩავარდა, გაიზარდა ეკლები და მოაშთო ისინი;+  ზოგი კი კარგ მიწაზე დავარდა და ნაყოფი გამოიღო: ზოგმა — 100, ზოგმა — 60 და ზოგმაც — 30.+  ვისაც ყური აქვს, ისმინოს!“+ 10  მაშინ მასთან მოწაფეები მივიდნენ და ჰკითხეს: „რატომ ელაპარაკები მათ იგავებით?“+ 11  მან მიუგო: «თქვენ გაგიმჟღავნდათ ზეციერი სამეფოს წმინდა საიდუმლო,+ მათ კი — არა. 12  ვისაც აქვს, მეტი მიეცემა და უხვადაც ექნება, ხოლო ვისაც არა აქვს, ისიც წაერთმევა, რაც აქვს.+ 13  იგავებით იმიტომ ველაპარაკები მათ, რომ უყურებენ, მაგრამ ვერ ხედავენ, ისმენენ, მაგრამ არ ესმით, და ვერც აზრს სწვდებიან.+ 14  მათზე სრულდება ესაიას წინასწარმეტყველება: „მოისმენთ, მაგრამ აზრს ვერ ჩასწვდებით, შეხედავთ, მაგრამ ვერ დაინახავთ,+ 15  რადგან უგრძნობი გაუხდა ამ ხალხს გული, ყურით კი ესმით, მაგრამ ამაოდ; დახუჭეს თვალები, რომ არ დაინახონ, დაიხშეს ყურები, რომ არ მოისმინონ, გულით არ იგრძნონ და არ მობრუნდნენ, რომ განვკურნო“.+ 16  თქვენ კი ბედნიერები ხართ, რომ თვალით ხედავთ და ყურით გესმით.+ 17  ჭეშმარიტებას გეუბნებით: ბევრ წინასწარმეტყველსა თუ სხვა მართალ კაცს სურდა იმის ხილვა, რასაც თქვენ ხედავთ, მაგრამ ვერ იხილეს,+ და იმის მოსმენა, რასაც თქვენ ისმენთ, მაგრამ ვერ მოისმინეს. 18  აი, ასეთია იგავის ახსნა მთესველის შესახებ:+ 19  გზის პირას დათესილი+ ის არის, ვინც ისმენს ცნობას სამეფოს შესახებ, მაგრამ აზრს ვერ სწვდება, მიდის მასთან ბოროტი+ და სტაცებს გულში ჩათესილს. 20  კლდოვან ადგილზე დათესილი ის არის, ვინც ცნობას მოსმენისთანავე სიხარულით იღებს,+ 21  მაგრამ ვინაიდან ფესვი არა აქვს, ცოტა ხანს ძლებს და როგორც კი გასაჭირი ან დევნა იწყება სამეფოს ცნობის გამო, მაშინვე ბრკოლდება. 22  ეკლებში დათესილი ის არის, ვინც სიტყვას ისმენს, მაგრამ ნაყოფი ვერ გამოაქვს, რადგან ქვეყნიერების*+ საზრუნავი და სიმდიდრის მაცდუნებელი ძალა აშთობს სიტყვას.+ 23  კარგ მიწაზე დათესილი კი ის არის, ვინც ისმენს ცნობას, სწვდება მის აზრს და ნაყოფი გამოაქვს: ზოგს — 100, ზოგს — 60 და ზოგსაც — 30».+ 24  სხვა იგავიც მოუყვანა: «ზეციერი სამეფო შეიძლება შევადაროთ კაცს, რომელმაც კარგი თესლი დათესა თავის ყანაში. 25  როცა ხალხს ეძინა, მოვიდა მისი მტერი, ხორბალში სარეველა ჩათესა და წავიდა. 26  როცა ჯეჯილი ამოვიდა და ნაყოფი გამოიღო, სარეველაც ამოიზარდა. 27  ყანის პატრონის მონები მივიდნენ მასთან და ჰკითხეს: „ბატონო, განა კარგი თესლი არ დათესე შენს ყანაში? სარეველა საიდან გაჩნდა?“ 28  მან მიუგო: „ეს მტერმა ჩაიდინა“.+ „გინდა, წავალთ და გავმარგლავთ?“ — ჰკითხეს მათ. 29  მან უთხრა: „არა, რადგან გამარგვლისას სარეველასთან ერთად შემთხვევით ხორბალიც არ ამოგლიჯოთ. 30  მკამდე ერთად იზარდონ. მკის დროს კი მომკელებს ვეტყვი, ჯერ სარეველა მოაგროვონ და ძნებად შეკრან დასაწვავად, და მერე მოაგროვონ ხორბალი ჩემს ბეღელში“».+ 31  სხვა იგავიც მოუყვანა: „ზეციერი სამეფო ჰგავს მდოგვის მარცვალს, რომელიც აიღო კაცმა და თავის ბაღში დათესა.+ 32  ის თესლებიდან ყველაზე პატარაა, მაგრამ ბოსტნის ყველა სხვა მცენარეზე დიდი იზრდება და ხედ იქცევა, რომლისკენაც ფრინველები მოფრინავენ და მის ტოტებში იბუდებენ“. 33  კიდევ ერთ იგავს მოუყვა: „ზეციერი სამეფო ჰგავს საფუარს, რომელიც აიღო ქალმა და სამ სეა* ფქვილს შეაზილა, და ცომიც გაფუვდა“.+ 34  ყოველივე ამას იესო იგავებით ეუბნებოდა ხალხს, იგავების გარეშე არაფერს ამბობდა,+ 35  რათა შესრულებულიყო წინასწარმეტყველის პირით ნათქვამი: „გავხსნი ბაგეს იგავებით, დასაბამიდან დაფარულს გავაცხადებ“.+ 36  მაშინ გაუშვა იესომ ხალხი და სახლში შევიდა. მივიდნენ მასთან მოწაფეები და უთხრეს: „აგვიხსენი იგავი ყანაში ამოსულ სარეველაზე“. 37  მან მიუგო: „კარგი თესლის მთესველი კაცის ძეა, 38  ყანა ქვეყნიერებაა,+ კარგი თესლი სამეფოს ძეები არიან, სარეველა — ბოროტის ძეები,+ 39  მტერი, რომელმაც ის დათესა, ეშმაკია, მკა ქვეყნიერების* ბოლოა, მომკელები კი ანგელოზები არიან. 40  სარეველას აგროვებენ და ცეცხლში წვავენ, იგივე მოხდება ქვეყნიერების* ბოლოს.+ 41  კაცის ძე თავის ანგელოზებს გაგზავნის და მისი სამეფოდან მოაგროვებენ ყოველგვარ საცდურსა თუ უკანონობის ჩამდენთ, 42  და გავარვარებულ ღუმელში ჩაყრიან.+ იქ მოჰყვებიან ისინი ტირილსა და კბილთა ღრჭენას. 43  იმ დროს მართალნი თავიანთი მამის სამეფოში მზესავით გაანათებენ.+ ვისაც ყური აქვს, ისმინოს! 44  ზეციერი სამეფო მინდორში დამალულ განძს ჰგავს, რომელსაც კაცი პოულობს და ისევ მალავს, მერე კი გახარებული მიდის, თუკი რამ აბადია, ყიდის და იმ მინდორს ყიდულობს.+ 45  ზეციერი სამეფო ჰგავს ვაჭარს, რომელიც ძვირფას მარგალიტებს ეძებს, 46  და როდესაც პოულობს ერთ უძვირფასეს მარგალიტს, მიდის, რაც კი რამ აბადია, ყველაფერს მაშინვე ყიდის და მას ყიდულობს.+ 47  ზეციერი სამეფო ზღვაში მოსროლილ ბადესაც ჰგავს, რომელიც ყველანაირი ჯიშის თევზს იჭერს. 48  როცა ბადე ივსება, ნაპირზე გამოაქვთ, სხდებიან და კარგ თევზს ჭურჭელში აგროვებენ,+ ცუდს კი ყრიან.+ 49  ასე იქნება ქვეყნიერების* ბოლოსაც: გამოვლენ ანგელოზები, ბოროტებს მართლებისგან გამოაცალკევებენ 50  და გავარვარებულ ღუმელში ჩაყრიან. იქ მოჰყვებიან ისინი ტირილსა და კბილთა ღრჭენას. 51  ჩასწვდით ყოველივე ამის აზრს?“ „დიახ“, — მიუგეს მათ. 52  მაშინ იესომ უთხრა: „რადგან ასეა, იცოდეთ: ხალხის ყოველი მოძღვარი, რომელსაც ზეციერი სამეფოს შესახებ ასწავლეს, ჰგავს სახლის პატრონს, რომელსაც თავისი საგანძურიდან გამოაქვს როგორც ახალი, ისე ძველი განძეული“. 53  იესომ იგავების მოყოლა რომ დაასრულა, წავიდა იქიდან, 54  მშობლიურ მხარეში ჩავიდა+ და ხალხს სინაგოგაში ასწავლიდა. ისინი განცვიფრებულნი ამბობდნენ: „საიდან აქვს ამ კაცს ამხელა სიბრძნე და როგორ ახდენს ასეთ სასწაულებს?+ 55  ეს ხომ დურგლის ვაჟია?!+ დედამისი მარიამი არ არის, მისი ძმები კი — იაკობი, იოსები, სიმონი და იუდა?!+ 56  მისი დებიც ხომ ყველანი ჩვენ გვერდით ცხოვრობენ?! მაშ, საიდან აქვს ასეთი სიბრძნე და უნარი?!“+ 57  ისინი მის გამო ბრკოლდებოდნენ.+ იესომ უთხრა მათ: „წინასწარმეტყველს, მშობლიური მხარისა და ოჯახის გარდა, ყველგან პატივს სცემენ“.+ 58  მათი ურწმუნოების გამო მას იქ ბევრი სასწაული არ მოუხდენია.

სქოლიოები

ბერძნ. „ეონ“. იხ. „ქვეყნიერება“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
სეა იყო იმდენი, რამდენიც 7,33-ლიტრიან ჭურჭელში ჩაეტეოდა. იხ. დანართი ბ14.
ბერძნ. „ეონ“. იხ. „ქვეყნიერება“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
ბერძნ. „ეონ“. იხ. „ქვეყნიერება“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
ბერძნ. „ეონ“. იხ. „ქვეყნიერება“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).