მათეს სახარება 15:1—39

  • იესო გმობს ადამიანურ ადათ-წესებს (1—9).

  • ადამიანს ის ბილწავს, რაც გულიდან გამოდის (10—20).

  • ფინიკიელი ქალის დიდი რწმენა (21—28).

  • იესო უამრავ სნეულებას კურნავს (29—31).

  • იესო 4 000 კაცს აპურებს (32—39).

15  მაშინ იერუსალიმიდან იესოსთან ჩავიდნენ ფარისევლები და მწიგნობრები,+ და უთხრეს:  „რატომ არღვევენ შენი მოწაფეები წინაპართა ადათ-წესებს? რატომ არ იბანენ ჭამის წინ ხელებს?*+  მან კი მიუგო: «თქვენ რატომღა არღვევთ ღვთის მცნებებს თქვენი ადათ-წესებით?+  ღმერთმა თქვა, პატივი ეციო მამას და დედას,+ და მამის ან დედის მლანძღველი მოკვდესო.+  თქვენ კი ამბობთ: „ის, ვინც მამას ან დედას ეტყვის, ჩემი ქონება, რითაც უნდა მერჩინე, ღვთისთვის განკუთვნილი ძღვენიაო,+  ვალდებული აღარ არის, პატივი სცეს თავის მამას“. ასე თქვენ თქვენივე ადათ-წესებით გააუფასურეთ ღვთის სიტყვა.+  თქვე თვალთმაქცებო, რა ზუსტად იწინასწარმეტყველა ესაიამ თქვენზე:+  „ეს ხალხი ბაგით მადიდებს, გულით კი შორს არიან ჩემგან.  ტყუილუბრალოდ მცემენ თაყვანს, რადგან ადამიანთა მოგონილ წესებს მცნებად უდებენ ხალხს“».+ 10  თავისთან მოიხმო ხალხი და უთხრა: „მოისმინეთ და ჩასწვდით ნათქვამის აზრს:+ 11  ადამიანს ის კი არ ბილწავს, რაც პირში შედის, არამედ ის, რაც პირიდან გამოდის“.+ 12  მაშინ მოწაფეები მივიდნენ მასთან და უთხრეს: „იცი, რომ შენმა ნათქვამმა ფარისევლები დააბრკოლა?“+ 13  მან მიუგო: „ყოველი ნერგი, რომელიც ჩემს ზეციერ მამას არ დაურგავს, ამოიძირკვება. 14  თავი დაანებეთ მათ, ბრმა მეგზურები არიან. თუ ბრმას ბრმა მიუძღვის, ორივე ორმოში ჩავარდება“.+ 15  ამაზე პეტრემ უთხრა: „განგვიმარტე შენი ნათქვამი!“ 16  იესომ უთხრა: „ნუთუ აქამდე ვერც თქვენ მიხვდით?!+ 17  ნუთუ არ იცით, რომ ყველაფერი, რაც პირში შედის, მუცელს გაივლის და გარეთ გამოდის?! 18  პირიდან კი ის გამოდის, რაც გულშია, და ეს ბილწავს კაცს.+ 19  მაგალითად, გულიდან მოდის: ბოროტი აზრები,+ მკვლელობა, მრუშობა, უზნეობა*, ქურდობა, ცრუმოწმეობა და მკრეხელობა; 20  სწორედ ეს ბილწავს ადამიანს და არა დაუბანელი ხელებით ჭამა“. 21  იქიდან იესომ ტვიროსისა და სიდონის მხარეებს მიაშურა.+ 22  იქ ერთი ფინიკიელი ქალი მივიდა მასთან და შეღაღადა: „შემიწყალე, უფალო, დავითის ძეო! ჩემს ქალიშვილს საშინლად ტანჯავს დემონი“.+ 23  იესოს სიტყვაც არ დაუძრავს. მაშინ მივიდნენ მასთან მოწაფეები და სთხოვეს: „უთხარი ამ ქალს, თავი დაგვანებოს, თორემ მოგვდევს და მოგვყვირის“. 24  მან მიუგო: „მე მხოლოდ ისრაელის დაკარგულ ცხვრებთან ვარ გამოგზავნილი“.+ 25  ქალი კი მიუახლოვდა, მის წინაშე დაემხო და უთხრა: „უფალო, დამეხმარე!“ 26  იესომ მიუგო: „ვის გაუგია, შვილებს წაართვა პური და ფინიებს გადაუგდო?!“ 27  „ჰო, უფალო, მაგრამ ფინიებიც ხომ ჭამენ თავიანთი პატრონების სუფრიდან ჩამოცვენილ ნამცეცებს“, — უთხრა ქალმა.+ 28  იესომ მიუგო: „დიდი რწმენა გქონია, შეგისრულდეს სურვილი!“, და მაშინვე განიკურნა მისი ქალიშვილი. 29  იქიდან წამოსული გალილეის ზღვას მიადგა,+ მთაზე ავიდა და იქ დაჯდა. 30  მივიდა მასთან დიდძალი ხალხი, მიიყვანეს კოჭლები, ხეიბრები, უსინათლოები, მუნჯები და მრავალი სხვა სნეულიც; ფეხებთან უწვენდნენ მათ იესოს და ისიც ყველას კურნავდა.+ 31  ხალხი გაოცებული იყო და განადიდებდა ისრაელის ღმერთს, რადგან ხედავდნენ, რომ მუნჯები ალაპარაკდნენ, ხეიბრები გამოჯანსაღდნენ, კოჭლებმა გაიარეს და უსინათლოებს თვალები აეხილათ.+ 32  იესომ მოწაფეებს მოუხმო და უთხრა: „გული მეწვის ამ ხალხის შემხედვარეს,+ უკვე სამი დღეა, ჩემთან არიან და საჭმელიც გამოელიათ. არ მინდა უჭმელად გავუშვა, გზაში რომ არ დაუძლურდნენ“.+ 33  მოწაფეებმა კი უთხრეს: „ამ მივარდნილ ადგილას სად ვიშოვოთ ამდენი ხალხის სამყოფი პური?“+ 34  იესომ ჰკითხა მათ: „რამდენი პური გაქვთ?“ მათ მიუგეს: „შვიდი, და რამდენიმე პატარა თევზი“. 35  მაშინ ხალხს უბრძანა, მიწაზე დამსხდარიყვნენ. 36  აიღო ის შვიდი პური და თევზები, ღმერთს მადლობა შესწირა, დატეხა და მოწაფეებს მისცა, მოწაფეებმა კი ხალხს ჩამოურიგეს.+ 37  ყველა კარგად დანაყრდა, მორჩენილი ნატეხებით კი შვიდი გოდორი გაავსეს.+ 38  თუ არ ჩავთვლით ქალებსა და ბავშვებს, 4 000-მა კაცმა ჭამა. 39  ბოლოს, ხალხი რომ გაუშვა, იესო ნავში ჩაჯდა და მაგდალის მხარეში მივიდა.+

სქოლიოები

იგულისხმება რიტუალური განწმენდა.
ბერძნ. „პორნია“. იხ. „სექსუალური უზნეობა“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).