მათეს სახარება 17:1—27
17 ექვსი დღის შემდეგ იესომ თან წაიყვანა პეტრე, იაკობი და მისი ძმა იოანე, აიყვანა მაღალ მთაზე+
2 და მათ წინაშე ფერი იცვალა: სახე მზესავით გაუბრწყინდა და სამოსი აუელვარდა.+
3 და აი, მათ იხილეს მოსე და ელია, რომლებიც იესოს ესაუბრებოდნენ.
4 პეტრემ იესოს უთხრა: „უფალო, რა კარგია, აქ რომ ვართ! თუ გსურს, დავდგამ აქ სამ კარავს: ერთს შენთვის, ერთს მოსესთვის და ერთსაც ელიასთვის“.
5 ის ჯერ კიდევ ლაპარაკობდა, როცა ნათელმა ღრუბელმა დაჩრდილა ისინი. და, აი, ღრუბლიდან ხმა გაისმა: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე.+ მას უსმინეთ!“+
6 ეს რომ მოისმინეს, მოწაფეები ძლიერ შეშინდნენ და პირქვე დაემხვნენ.
7 მაშინ იესო მივიდა მათთან, შეეხო და უთხრა: „ადექით, ნუ გეშინიათ!“
8 აიხედეს და იესოს გარდა ვეღარავინ დაინახეს.
9 მთიდან რომ ჩამოდიოდნენ, იესომ გააფრთხილა ისინი: „კაცის ძის მკვდრეთით აღდგომამდე არავის მოუყვეთ ამ ხილვის შესახებ“.+
10 მოწაფეებმა ჰკითხეს: „რატომ ამბობენ მწიგნობრები, ჯერ ელია უნდა მოვიდესო?“+
11 მან მიუგო: „ელია ნამდვილად მოდის და ყველაფერს აღადგენს.+
12 თუმცა გეუბნებით: ელია უკვე მოვიდა, მაგრამ ვერ იცნეს და ისე მოექცნენ, როგორც უნდოდათ.+ კაცის ძესაც მოუწევს მათგან ტანჯვის ატანა“.+
13 მაშინ მოწაფეები მიხვდნენ, რომ ის იოანე ნათლისმცემელზე ლაპარაკობდა.
14 როცა ისინი ხალხთან მივიდნენ,+ ერთი კაცი მიუახლოვდა იესოს, მუხლი მოიყარა მის წინაშე და უთხრა:
15 „უფალო, შეიწყალე ჩემი ვაჟი, ავადაა, ბნედიანია; ხან ცეცხლში ვარდება და ხან — წყალში.+
16 შენს მოწაფეებს მივუყვანე, მაგრამ ვერ განკურნეს“.
17 მაშინ იესომ თქვა: „ოჰ, ურწმუნო და უკუღმართო თაობავ,+ როდემდე უნდა ვიყო თქვენთან? როდემდე უნდა გითმინოთ? მომიყვანეთ!“
18 შერისხა იესომ დემონი და ისიც გამოვიდა მისგან. ყმაწვილი მაშინვე განიკურნა.+
19 მაშინ მოწაფეები მივიდნენ იესოსთან და განცალკევებით ჰკითხეს: „ჩვენ რატომ ვერ განვდევნეთ?“
20 „იმიტომ, რომ რწმენა გაკლიათ. ჭეშმარიტებას გეუბნებით: მდოგვის მარცვლისოდენა რწმენაც რომ გქონდეთ და ამ მთას უთხრათ, აქედან იქით გადადიო, გადავა, და არაფერი იქნება თქვენთვის შეუძლებელი“, — უპასუხა იესომ.+
21 *——
22 როცა ისინი გალილეაში შეიკრიბნენ, იესომ უთხრა მათ: „კაცის ძეს გასცემენ და კაცთა ხელში ჩააგდებენ,+
23 მოკლავენ მას, მაგრამ მესამე დღეს აღდგება“.+ მისმა ნათქვამმა ყველა ძალიან დაამწუხრა.
24 როცა ისინი კაპერნაუმში ჩავიდნენ, პეტრესთან დიდრაქმის* ამკრეფნი მივიდნენ და ჰკითხეს: „თქვენი მოძღვარი არ გადაიხდის დიდრაქმას?“+
25 „როგორ არა“, — მიუგო მან. სახლში რომ შევიდა, სანამ რამეს ეტყოდა, იესომ ჰკითხა: „როგორ ფიქრობ, სიმონ, ვისგან იღებენ მეფეები ხარკს ან ბაჟს, თავიანთი ვაჟებისგან თუ უცხოებისგან?“
26 როცა უპასუხა, უცხოებისგანო, იესომ უთხრა: „ესე იგი, ვაჟები თავისუფალი ყოფილან ბაჟისგან,
27 მაგრამ ისინი რომ არ დავაბრკოლოთ,+ მიდი ზღვასთან და ისროლე ანკესი. პირველივე თევზს, რომელიც ანკესს ამოჰყვება, გაუღე პირი და შიგ იპოვი სტატერს*. წამოიღე და გადაუხადე მათ ჩემთვისაც და შენთვისაც!“
სქოლიოები
^ იხ. დანართი ა3.
^ იგივე ორდრაქმიანი. იხ. დანართი ბ14.
^ სავარაუდოდ, ტეტრადრაქმა (ოთხდრაქმიანი). იხ. დანართი ბ14.