მათეს სახარება 20:1—34
20 «ზეციერი სამეფო იმას ჰგავს, სახლის პატრონი დილაადრიან რომ გავიდა, რათა მუშები დაექირავებინა თავის ვენახში სამუშაოდ.+
2 ის მუშებს დღეში თითო დინარად მოურიგდა და ვენახში გაუშვა.
3 მესამე საათისთვის* კიდევ გავიდა მოედანზე და დაინახა სხვა მუშები, რომელთაც სამუშაო არ ჰქონდათ.
4 უთხრა მათ: „თქვენც წადით ჩემს ვენახში და რაც გერგებათ, მოგცემთ“.
5 ისინიც წავიდნენ. მეექვსე* და მეცხრე საათისთვისაც* გავიდა სახლის პატრონი და კიდევ დაიქირავა მუშები.
6 ბოლოს მეთერთმეტე საათისთვის* გავიდა და სხვა მუშებიც ნახა, რომელთაც სამუშაო არ ჰქონდათ. ჰკითხა მათ: „რატომ დგახართ აქ მთელი დღე უმუშევრად?“
7 მათაც მიუგეს, არავინ დაგვიქირავაო. მაშინ მან უთხრა: „თქვენც წადით ჩემს ვენახში!“
8 როცა მოსაღამოვდა, ვენახის პატრონმა თავის მსახურს უთხრა: „დაუძახე მუშებს და მიეცი გასამრჯელო+ — ბოლოს მოსულებით დაიწყე და პირველებით დაამთავრე“.
9 მოვიდნენ მე-11 საათზე დაქირავებულები და თითო დინარი მიიღეს.
10 ბოლოს მოვიდნენ პირველებიც და იფიქრეს, მეტს მივიღებთო, მაგრამ მათაც თითო დინარი მიიღეს.
11 ამის გამო ჩივილს მოჰყვნენ სახლის პატრონთან:
12 „ბოლოს მოსულებმა სულ ერთი საათი წაიმუშავეს, შენ კი ისინი ჩვენ გაგვიტოლე, ვინც მთელი დღე მძიმედ ვიმუშავეთ პაპანაქებაში!“
13 მან კი მიუგო ერთ მათგანს: „მეგობარო, უსამართლოდ არ მოგქცევივარ, ერთ დინარად არ მოგირიგდი?!+
14 აიღე, რაც გეკუთვნის და წადი. მე კი მინდა, რომ ბოლოს მოსულსაც იმდენივე მივცე, რამდენიც შენ.
15 განა იმის უფლება არა მაქვს, რომ ჩემი ქონება როგორც მინდა, ისე მოვიხმარო? თუ გშურს*, რომ კეთილი ვარ?“+
16 ასე გახდებიან უკანასკნელნი პირველები და პირველები — უკანასკნელნი».+
17 იერუსალიმისკენ მიმავალ გზაზე იესომ განზე გაიხმო თორმეტი მოწაფე და უთხრა:+
18 „აი, მივდივართ იერუსალიმში, სადაც კაცის ძე უფროს მღვდლებსა და მწიგნობრებს გადაეცემა. ისინი სასიკვდილო განაჩენს გამოუტანენ მას+
19 და უცხოტომელებს გადასცემენ, რომ მასხრად აიგდონ, გაშოლტონ და ძელზე გააკრან,+ მაგრამ მესამე დღეს ის აღდგება“.+
20 მაშინ მივიდა მასთან ზებედეს ვაჟების+ დედა თავის ვაჟებთან ერთად, მუხლი მოიყარა და რაღაცას ევედრებოდა.+
21 იესომ ჰკითხა: „რა გინდა?“ მან უთხრა: „ბრძანე, რომ ჩემი ერთი ვაჟი შენს სამეფოში შენ მარჯვნივ დაჯდეს, მეორე კი — შენ მარცხნივ“.+
22 იესომ მიუგო: „არ იცით, რას ითხოვთ. შეგიძლიათ იმ სასმისიდან შესვათ, რომლიდანაც მე შევსვამ?“+ „შეგვიძლია“, — მიუგეს მათ.
23 მან უთხრა: „ჩემი სასმისიდან კი შესვამთ,+ მაგრამ ჩემ მარჯვნივ ან მარცხნივ დაჯდომა ჩემზე არ არის დამოკიდებული. ეს ადგილები მათთვის არის, ვისაც ჩემმა ზეციერმა მამამ მოუმზადა“.+
24 ეს რომ დანარჩენმა ათმა გაიგო, გული მოუვიდათ ამ ორ ძმაზე,+
25 მაგრამ იესომ მოუხმო მათ და უთხრა: „თქვენ იცით, რომ ხალხს მმართველები განაგებენ და დიდებულები ბატონობენ მათზე.+
26 თქვენ შორის კი ასე არ უნდა იყოს.+ ვისაც თქვენ შორის უფროსობა სურს, თქვენი მსახური იყოს,+
27 და ვისაც თქვენ შორის პირველობა სურს, ის თქვენი მონა იყოს.+
28 არც კაცის ძე მოსულა იმისთვის, რომ მას მოემსახურონ,+ არამედ თვითონ მოემსახუროს და სიცოცხლე* გასწიროს მრავალთა გამოსასყიდად“.+
29 იერიხონიდან რომ გამოდიოდნენ, დიდძალი ხალხი მოჰყვებოდა მას.
30 გზის პირას ორი უსინათლო იჯდა; როგორც კი ყური მოჰკრეს, იესო მოდისო, აყვირდნენ: „შეგვიწყალე, უფალო, დავითის ძეო!“+
31 ხალხი უწყრებოდა მათ და აჩუმებდა, ისინი კი უფრო ხმამაღლა ყვიროდნენ: „შეგვიწყალე, უფალო, დავითის ძეო!“
32 იესო შეჩერდა, დაუძახა მათ და უთხრა: „რა გინდათ, რომ გაგიკეთოთ?“
33 მათ სთხოვეს: „თვალი აგვიხილე, უფალო!“
34 იესოს გული დაეწვა და თვალებზე შეეხო მათ;+ მაშინვე აეხილათ თვალი და გაჰყვნენ მას.
სქოლიოები
^ დაახლ. დილის 9 სთ.
^ დაახლ. დღის 12 სთ.
^ დაახლ. დღის 3 სთ.
^ დაახლ. საღამოს 5 სთ.
^ სიტყვასიტყვით — „შენი თვალი ბოროტია“.
^ ბერძნ. „ფსიქე“. იხ. „სული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).