მათეს სახარება 27:1—66
27 უფროსი მღვდლები და ხალხის უხუცესები გათენებისთანავე შეიკრიბნენ და მოითათბირეს, როგორ მოეკლათ იესო.+
2 ამის შემდეგ ის შებოჭეს, წაიყვანეს და გამგებელ პილატეს გადასცეს.+
3 როცა მისმა გამცემმა იუდამ დაინახა, რომ იესოს მსჯავრი დასდეს, სინდისმა შეაწუხა, 30 ვერცხლი უფროს მღვდლებსა და უხუცესებს დაუბრუნა,+
4 და უთხრა: „შევცოდე, უდანაშაულო კაცი გავწირე“. მათ მიუგეს: „მერე ჩვენ რა?! რაც გინდა, ის გიქნია!“
5 მან ვერცხლი ტაძარში დაყარა, გამოვიდა იქიდან, წავიდა და თავი ჩამოიხრჩო.+
6 უფროსმა მღვდლებმა აკრიფეს ვერცხლი და თქვეს: „დაუშვებელია ამის წმინდა საგანძურში ჩაყრა, რადგან სისხლის საფასურია“.
7 მოითათბირეს და იყიდეს მეთუნის მინდორი უცხოთა დასამარხად.
8 ამიტომ ის მინდორი დღემდე „სისხლის მინდვრად“+ იწოდება.
9 მაშინ შესრულდა წინასწარმეტყველ იერემიას ნათქვამი: „აიღეს 30 ვერცხლი — საფასური, რომლითაც ისრაელებმა შეაფასეს ის —
10 და გადაიხადეს მეთუნის მინდორში, როგორც იეჰოვამ* მიბრძანა“.+
11 იესო გამგებლის წინაშე იდგა; გამგებელმა ჰკითხა მას: „შენა ხარ იუდეველთა მეფე?“ „შენ თვითონ ამბობ ამას“, — მიუგო იესომ,+
12 მაგრამ, როცა უფროსი მღვდლები და უხუცესები ბრალს სდებდნენ, არაფერს პასუხობდა.+
13 მაშინ პილატემ უთხრა: „არ გესმის, რამდენ რამეში გდებენ ბრალს?“
14 მას პასუხი არ გაუცია, სიტყვაც კი არ უთქვამს, რაც გამგებელს ძალიან გაუკვირდა.
15 გამგებელს ჩვეულებად ჰქონდა, ყოველ დღესასწაულზე ხალხისთვის ის პატიმარი გაეთავისუფლებინა, რომელსაც მოისურვებდნენ.+
16 იმ დროს შეპყრობილი ჰყავდათ ბარაბა, ცნობილი ბოროტმოქმედი.
17 ამიტომ, როცა ხალხი შეიკრიბა, პილატემ ჰკითხა მათ: „ვინ გინდათ გაგითავისუფლოთ: ბარაბა თუ იესო, ქრისტედ წოდებული?“
18 მან იცოდა, რომ შურდათ იესოსი და ამიტომ გადასცეს მას.
19 თანაც, როცა ის სასამართლო ტახტზე იჯდა, ცოლმა შეუთვალა: „ნურაფერს უზამ მაგ უდანაშაულო კაცს, რადგან დღეს სიზმარში ბევრი ვიტანჯე მის გამო“.
20 უფროსმა მღვდლებმა და უხუცესებმა დაარწმუნეს ხალხი, ბარაბა გაათავისუფლებინეთ,+ იესო კი მოაკვლევინეთო.+
21 გამგებელმა კვლავ იკითხა: „ამ ორიდან რომელი გინდათ, რომ გაგითავისუფლოთ?“ „ბარაბა“, — უპასუხეს მათ.
22 პილატემ უთხრა: „იესოს რაღა ვუყო, ქრისტედ წოდებულს?“ ხალხმა დაიძახა: „ძელზე გააკარი!“+
23 მან ჰკითხა: „რატომ? რა ჩაიდინა?“ ისინი უფრო ხმამაღლა აყვირდნენ: „ძელზე გააკარი!“+
24 დაინახა პილატემ, რომ ვერაფერს ხდებოდა, მღელვარება კი უფრო მატულობდა. მაშინ აიღო წყალი, ხელები დაიბანა ხალხის წინაშე და თქვა: „მე არ მომეკითხება ამ კაცის სისხლი; რაც გინდათ, ის გიქნიათ!“
25 ამაზე მთელმა ხალხმა უპასუხა: „ჩვენ და ჩვენს შვილებს მოგვეკითხოს მაგისი სისხლი!“+
26 მაშინ გაუთავისუფლა მათ ბარაბა, ხოლო იესო გააშოლტვინა+ და ძელზე გასაკრავად გადასცა.+
27 გამგებლის ჯარისკაცებმა იესო მის სასახლეში შეიყვანეს და მთელი რაზმი შეკრიბეს მასთან.+
28 ტანსაცმელი გახადეს და ალისფერი მოსასხამი მოასხეს,+
29 ეკლებისგან გვირგვინი დაწნეს და თავზე დაადგეს, მარჯვენა ხელში კი ლერწამი დააჭერინეს. მუხლს იყრიდნენ მის წინაშე და დასცინოდნენ: „მოგესალმებით, იუდეველთა მეფეო!“
30 აფურთხებდნენ მას+ და იმ ლერწამს თავში ურტყამდნენ.
31 მისი დაცინვით გული რომ იჯერეს, მოსასხამი გახადეს, თავისივე ტანსაცმელი ჩააცვეს და ძელზე გასაკრავად წაიყვანეს.+
32 როცა გამოდიოდნენ, მათ კირენელი სიმონი შემოხვდათ. იგი აიძულეს, რომ იესოს წამების ძელი* წამოეღო.+
33 იმ ადგილას რომ მივიდნენ, რომელსაც „გოლგოთას“ ეძახდნენ, რაც „თავის ქალას“ ნიშნავს,+
34 იესოს ნაღველნარევი ღვინო* მიაწოდეს დასალევად,+ მაგრამ როგორც კი გემო გაუსინჯა, უარი თქვა დალევაზე.
35 როცა ის ძელზე გააკრეს, მისი მოსასხამი წილისყრით გაინაწილეს;+
36 ისხდნენ იქ და დარაჯობდნენ იესოს.
37 მის თავს ზემოთ გააკრეს ასეთი საბრალდებო წარწერა: „ეს არის იესო — იუდეველთა მეფე“.+
38 მაშინ მასთან ერთად ორი ყაჩაღი გააკრეს ძელზე: ერთი — მის მარჯვნივ, მეორე კი — მარცხნივ.+
39 გამვლელები შეურაცხყოფდნენ მას,+ თავს აქნევდნენ+
40 და ამბობდნენ: „ტაძრის დამანგრეველო და სამ დღეში ამშენებელო,+ მიდი იხსენი თავი! თუ ღვთის ძე ხარ, ჩამოდი ძელიდან*!“+
41 უფროსი მღვდლები, მწიგნობრები და უხუცესებიც მასხრად იგდებდნენ მას:+
42 „სხვებს იხსნიდა, საკუთარი თავის ხსნა კი არ შეუძლია! ისრაელის მეფე არ არის?!+ მაშ, ჩამოვიდეს ძელიდან* და ვირწმუნებთ მას!
43 ღმერთზე არ იყო მინდობილი?! მაშ, იხსნას ღმერთმა, თუკი მოსაწონია მისთვის.+ ხომ ამბობდა, ღვთის ძე ვარო?!“+
44 მის გვერდით ძელზე გაკრული ყაჩაღებიც შეურაცხყოფდნენ მას.+
45 მეექვსე საათზე მთელ იმ მიწაზე სიბნელე ჩამოწვა და ასე გაგრძელდა მეცხრე საათამდე*.+
46 მეცხრე საათისთვის იესომ ხმამაღლა დაიძახა: „ელი, ელი, ლამა საბაქთანი?“, რაც ნიშნავს: „ჩემო ღმერთო, ჩემო ღმერთო, რატომ მიმატოვე?“+
47 ამის გაგონებაზე ზოგიერთმა იქ მდგომმა თქვა, ელიას უხმობსო.+
48 უცბად ერთი მათგანი გაიქცა, აიღო ღრუბელი, ძმრით გაჟღინთა, ლერწამზე წამოაგო და დასალევად მიაწოდა.+
49 დანარჩენები კი ამბობდნენ, აბა ვნახოთ, თუ მოვა ელია მის სახსნელადო.
50 იესომ კვლავ ხმამაღლა დაიძახა და სული* განუტევა.+
51 ამ დროს ტაძრის ფარდა+ ჩაიხა და ორად გაიყო,+ მიწა იძრა და კლდეები დასკდა.
52 გაიხსნა სამარხები და ბევრი გარდაცვლილი წმინდის გვამი გამოჩნდა
53 (მისი აღდგომის შემდეგ სასაფლაოდან* ხალხი გამოვიდა და წმინდა ქალაქში შევიდა), რაც ბევრმა დაინახა.
54 ასისთავი და მასთან ერთად ისინი, ვინც იესოს სდარაჯობდნენ, მიწისძვრამ და ყოველივე მომხდარმა ისე შეაშინა, რომ თქვეს, მართლა ღვთის ძე ყოფილაო.+
55 ამ ყველაფერს შორიდან უყურებდა ბევრი ქალი, რომლებიც ჯერ კიდევ გალილეიდან მოჰყვებოდნენ იესოს და ემსახურებოდნენ მას.+
56 მათ შორის იყვნენ: მაგდალელი მარიამი, იაკობისა და იოსეს დედა მარიამი და ზებედეს ვაჟების დედა.+
57 როცა მოსაღამოვდა, მოვიდა ერთი არიმათეელი მდიდარი კაცი, სახელად იოსები, რომელიც თვითონაც იესოს მოწაფე იყო.+
58 ის პილატესთან მივიდა და გამოითხოვა იესოს ცხედარი.+ პილატემაც ბრძანა, რომ მიეცათ.+
59 იოსებმა წაიღო ცხედარი, საუკეთესო სელის სუფთა ტილოში გაახვია+
60 და ახალ სამარხში+ დაასვენა, რომელიც კლდეში ჰქონდა გამოკვეთილი. სამარხის შესასვლელს ლოდი მიაფარა და წავიდა.
61 მაგდალელი მარიამი და მეორე მარიამი კი, რომლებიც სამარხის წინ ისხდნენ, იქვე დარჩნენ.+
62 მეორე დღეს, სამზადისის დღის*+ შემდეგ, უფროსი მღვდლები და ფარისევლები პილატესთან შეიკრიბნენ
63 და უთხრეს: „ბატონო, გაგვახსენდა, როცა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, იმ თვითმარქვიამ თქვა, სამი დღის შემდეგ აღვდგებიო.+
64 ამიტომ ბრძანე, სამარხი მესამე დღემდე დაიცვან, რათა მისი მოწაფეები არ მივიდნენ, არ მოიპარონ იგი+ და ხალხს არ უთხრან, მკვდრეთით აღდგაო, თორემ ეს უკანასკნელი ტყუილი პირველზე უარესი იქნება“.
65 პილატემ მიუგო: „თქვენ გყავთ მცველები. წადით და დაიცავით“.
66 ისინიც წავიდნენ, სამარხის ლოდი დალუქეს და დაცვა დააყენეს.
სქოლიოები
^ იხ. დანართი ა5.
^ იხ. „ძელი, წამების ძელი“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
^ იგულისხმება ღვინო, რომელშიც მწარე მცენარეული ნაყენი იყო შერეული.
^ იხ. „ძელი, წამების ძელი“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
^ იხ. „ძელი, წამების ძელი“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
^ დაახლ. დღის 12 სთ-დან დღის 3 სთ-მდე.
^ ბერძნ. „პნევმა“. იხ. „სული“ (ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
^ სიტყვასიტყვით — „სამარხებიდან“.
^ იხ. „ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“.