მათეს სახარება 4:1—25
4 მაშინ სულმა* იესო უდაბნოში წაიყვანა, სადაც ეშმაკი+ მის ცდუნებას შეეცადა.+
2 მას შემდეგ, რაც 40 დღე-ღამე იმარხულა, მოშივდა.
3 მაშინ მაცდური+ მივიდა მასთან და უთხრა: „თუ ღვთის ძე ხარ, თქვი, რომ ეს ქვები პურებად იქცნენ“.
4 მან კი მიუგო: «დაწერილია: „კაცმა მხოლოდ პურით კი არ უნდა იცოცხლოს, არამედ იეჰოვას პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით“».+
5 მაშინ ეშმაკმა ის წმინდა ქალაქში წაიყვანა,+ ტაძრის გალავანზე* დააყენა+
6 და უთხრა: «თუ ღვთის ძე ხარ, გადახტი, რადგან დაწერილია: „თავის ანგელოზებს უბრძანებს და ისინი ხელში აყვანილს გატარებენ, რათა ქვას ფეხი არ წამოჰკრა“».+
7 იესომ მიუგო: «ისიც დაწერილია: „არ გამოსცადო იეჰოვა, შენი ღმერთი“».+
8 შემდეგ ეშმაკმა ის ძალიან მაღალ მთაზე აიყვანა, აჩვენა მსოფლიოს ყველა სამეფო და მათი დიდება+
9 და უთხრა: „ყოველივე ამას შენ მოგცემ, თუ დაემხობი და თაყვანს მცემ“.
10 იესომ მიუგო: «გამშორდი, სატანა! რადგან დაწერილია: „იეჰოვას, შენს ღმერთს, ეცი თაყვანი+ და მხოლოდ მას ემსახურე“».+
11 მაშინ გაეცალა მას ეშმაკი+ და აი, ანგელოზები მივიდნენ და მოემსახურნენ მას.+
12 შეიტყო იესომ იოანეს შეპყრობის ამბავი+ და გალილეაში წავიდა.+
13 შემდეგ დატოვა ნაზარეთი, მივიდა და დასახლდა ზღვის პირას მდებარე კაპერნაუმში,+ ზებულონისა და ნაფთალის მხარეში,
14 რათა შესრულებულიყო ესაია წინასწარმეტყველის პირით ნათქვამი:
15 „ზებულონის მიწავ და ნაფთალის მიწავ, უცხოტომელთა გალილეავ, ზღვისკენ მიმავალ გზაზე რომ ხარ, იორდანის გაღმა!
16 ბნელში მსხდომმა ხალხმა დიდი სინათლე იხილა და სიკვდილის ჩრდილით მოცულ ქვეყანაში მსხდომთ სინათლე+ გამოუბრწყინდათ“.+
17 იმ დროიდან იესომ ქადაგება დაიწყო: „მოინანიეთ, რადგან მოახლოვდა ზეციერი სამეფო!“+
18 როცა გალილეის ზღვის ნაპირს მიუყვებოდა, დაინახა, რომ ორი ძმა, სიმონი, პეტრედ წოდებული,+ და მისი ძმა ანდრია, რომლებიც მებადურები იყვნენ, ბადეს ისროდნენ ზღვაში.+
19 უთხრა მათ: „გამომყევით და ადამიანთა მებადურებად გაქცევთ!“+
20 მათაც მაშინვე დატოვეს ბადეები და გაჰყვნენ.+
21 იქიდან მომავალმა დაინახა სხვა ორი ძმა, ზებედეს ვაჟი იაკობი და მისი ძმა იოანე,+ რომლებიც მამასთან ერთად ნავში ბადეებს აკერებდნენ. იესომ მათაც მოუხმო.+
22 მათ მაშინვე დატოვეს ნავიცა და მამაც და მას გაჰყვნენ.
23 დადიოდა იესო მთელ გალილეაში,+ ასწავლიდა სინაგოგებში,+ ქადაგებდა სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ და კურნავდა ხალხს ნებისმიერი ავადმყოფობისა თუ უძლურებისგან.+
24 მისი ამბავი მთელ სირიას მოედო; მიჰყავდათ მასთან სხვადასხვა სენითა და სატანჯველით გაწამებული ავადმყოფები,+ დემონებით შეპყრობილები,+ ბნედიანები,+ დამბლადაცემულები და ის კურნავდა მათ.
25 მას დიდძალი ხალხი მიჰყვებოდა გალილეიდან, დეკაპოლისიდან, იერუსალიმიდან, იუდეიდან და იორდანის გაღმიდან.