მათეს სახარება 5:1—48

  • მთაზე ქადაგება (1—48).

    • იესო მთაზე ქადაგებას იწყებს (1, 2).

    • ბედნიერების ცხრა პირობა (3—12).

    • „მარილი მიწისთვის“ და „ქვეყნიერების სინათლე“ (13—16).

    • იესო კანონის შესასრულებლად მოვიდა (17—20).

    • რჩევები რისხვაზე (21—26), მრუშობაზე (27—30), გაყრაზე (31, 32), ფიცზე (33—37), სამაგიეროს მიზღვაზე (38—42), მტრების სიყვარულზე (43—48).

5  ხალხი რომ დაინახა, მთაზე ავიდა; დაჯდა და მოწაფეები მივიდნენ მასთან.  მან გახსნა ბაგე და ასწავლიდა მათ:  «ბედნიერნი არიან სულიერს მოწყურებულნი*,+ რადგან მათია ზეციერი სამეფო.  ბედნიერნი არიან მგლოვიარენი, რადგან ისინი ნუგეშს პოვებენ.+  ბედნიერნი არიან რბილი ხასიათისანი,+ რადგან ისინი დაიმკვიდრებენ დედამიწას.+  ბედნიერნი არიან სიმართლეს მოშიებულნი და მოწყურებულნი,+ რადგან ისინი გაძღებიან.+  ბედნიერნი არიან გულმოწყალენი,+ რადგან ისინი შეწყალებულნი იქნებიან.  ბედნიერნი არიან სუფთა გულისანი,+ რადგან ისინი ღმერთს იხილავენ.  ბედნიერნი არიან მშვიდობისმყოფელნი,+ რადგან მათ ღვთის ძეები დაერქმევათ. 10  ბედნიერნი არიან სიმართლისთვის დევნილნი,+ რადგან მათია ზეციერი სამეფო. 11  ბედნიერნი ხართ, თუ გლანძღავენ,+ გდევნიან+ და ყოველგვარ ბოროტებას გაბრალებენ ჩემ გამო.+ 12  იხარეთ და იმხიარულეთ,+ რადგან დიდი საზღაური+ გელით ზეცაში; თქვენამდე მცხოვრებ წინასწარმეტყველებსაც ასე დევნიდნენ.+ 13  თქვენ ხართ მარილი+ მიწისთვის და, თუ მარილი ძალას დაკარგავს, როგორღა დაუბრუნდება სიმლაშე?! ის აღარაფრად ივარგებს, მხოლოდ გარეთ თუ გადაყრიან,+ ხალხმა რომ გათელოს. 14  თქვენ ხართ ქვეყნიერების სინათლე.+ მთაზე მდებარე ქალაქი ვერ დაიმალება. 15  ლამპარს რომ ანთებენ, ჭურჭელს კი არ აფარებენ ზემოდან, არამედ სალამპრეზე დგამენ, რომ ყველას გაუნათოს სახლში.+ 16  თქვენი სინათლეც ანათებდეს ადამიანთა წინაშე,+ რათა ხედავდნენ თქვენს კარგ საქმეებს+ და განადიდებდნენ თქვენს ზეციერ მამას.+ 17  არ იფიქროთ, რომ კანონის ან წინასწარმეტყველებების გასაუქმებლად მოვედი; გასაუქმებლად კი არა, შესასრულებლად მოვედი.+ 18  ჭეშმარიტებას გეუბნებით: ცა და დედამიწა რომც მოისპოს, კანონიდან არცერთი პაწაწინა ასო და ასოს უმცირესი ნაწილაკიც კი არ დარჩება შეუსრულებელი.+ 19  ამიტომ ის, ვინც ერთ ამ უმცირეს მცნებათაგანს არღვევს და სხვებსაც იმავეს ასწავლის, უღირსად ჩაითვლება* ზეციერი სამეფოსთვის; ის კი, ვინც მათ ასრულებს და ასწავლის, ღირსეულად ჩაითვლება* ზეციერი სამეფოსთვის. 20  გეუბნებით: თუ თქვენი სიმართლე არ აღემატება მწიგნობრებისა და ფარისევლების სიმართლეს,+ ვერ დაიმკვიდრებთ ზეციერ სამეფოს.+ 21  თქვენ გსმენიათ, რაც თქვენი წინაპრებისთვის უთქვამთ: არ მოკლა;+ ვინც მკვლელობას ჩაიდენს, სასამართლოს წინაშე აგებსო პასუხს,+ 22  მე კი გეუბნებით: ვინც განრისხებულია+ თავის ძმაზე, სასამართლოს წინაშე აგებს პასუხს; ვინც თავის ძმას სიტყვით ამცირებს, უზენაესი სასამართლოს წინაშე აგებს პასუხს, ხოლო ის, ვინც ეუბნება: „შე უვარგისო!“ ცეცხლოვან გეენას* დაექვემდებარება.+ 23  თუ ძღვენს მიიტან სამსხვერპლოსთან+ და იქ გაგახსენდება, რომ შენი ძმა განაწყენებულია შენზე, 24  დატოვე შენი ძღვენი იქვე სამსხვერპლოს წინ, წადი, ჯერ შენს ძმას შეურიგდი, მერე კი დაბრუნდი და შესწირე შენი ძღვენი.+ 25  სწრაფად, გზაშივე, მოაგვარე საქმე შენს მომჩივანთან, რათა მან არ გადაგცეს მოსამართლეს, მოსამართლემ კი — მცველს, და საპყრობილეში არ ჩაგაგდონ.+ 26  ჭეშმარიტებას გეუბნები: იქიდან ვერ გამოხვალ, სანამ უკანასკნელ კოდრანტს* არ გადაიხდი. 27  თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: „არ იმრუშო“,+ 28  მე კი გეუბნებით: ვინც ქალს უყურებს+ და ვნება აღეძვრება, უკვე იმრუშა მასთან გულში.+ 29  ამიტომ, თუ მარჯვენა თვალი გაბრკოლებს, ამოითხარე და გადააგდე,+ რადგან უმჯობესია, სხეულის ერთი ნაწილი დაკარგო, ვიდრე მთელი შენი სხეული ჩავარდეს გეენაში;+ 30  და, თუ მარჯვენა ხელი გაბრკოლებს, მოიკვეთე და გადააგდე,+ რადგან უმჯობესია, სხეულის ერთი ნაწილი დაკარგო, ვიდრე მთელი შენი სხეული აღმოჩნდეს გეენაში.+ 31  ისიც თქმულა, ვინც ცოლს ეყრება, გაყრის მოწმობა მისცესო,+ 32  მე კი გეუბნებით: ვინც ცოლს გაეყრება, თუმცა არა ღალატის* გამო, მას მრუშობის საბაბს აძლევს, და ვინც ასეთ ქალზე ქორწინდება, მრუშობს.+ 33  ისიც გსმენიათ, რაც ძველი ხალხისთვის უთქვამთ, ტყუილუბრალოდ არ დაიფიცო,+ არამედ შეუსრულეო იეჰოვას* შენი აღთქმები,+ 34  მე კი გეუბნებით: არაფერი დაიფიცოთ,+ არც ზეცა, რადგან ის ღვთის ტახტია, 35  არც დედამიწა, რადგან ის მისი ფეხსადგამია,+ არც იერუსალიმი, რადგან ის დიდი მეფის ქალაქია,+ 36  არც საკუთარი თავი დაიფიცოთ, რადგან თმის ერთი ღერის გათეთრება ან გაშავებაც კი არ შეგიძლიათ. 37  თქვენი „დიახ“ იყოს დიახ, „არა“ კი — არა;+ რაც ამაზე მეტია, ბოროტისგან არის.+ 38  თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა, თვალი თვალით ზღონ, კბილი კი — კბილითო,+ 39  მე კი გეუბნებით: ნუ შეეწინააღმდეგებით ბოროტ კაცს; თუ ვინმე მარჯვენა ლოყაში გაგაწნავს სილას, მეორე ლოყაც მიუშვირე.+ 40  თუ ვინმე სასამართლოში გიჩივის და შენი ტანსაცმლის მისაკუთრება უნდა, მოსასხამიც მიეცი,+ 41  და, თუ ძალაუფლების მქონე ერთ მილზე* გაყოლას გაიძულებს, ორზე გაჰყევი. 42  თუ ვინმე რამეს გთხოვს, მიეცი და, თუ ვინმეს შენგან ფულის სესხება* სურს, ზურგს ნუ შეაქცევ.+ 43  თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა, მოყვასი გიყვარდეს+ და მტერი გძულდესო, 44  მე კი გეუბნებით: გიყვარდეთ თქვენი მტრები+ და ილოცეთ თქვენი მდევნელებისთვის,+ 45  რათა იყოთ თქვენი ზეციერი მამის შვილები,+ რომელსაც მზე ბოროტებისთვისაც ამოჰყავს და კეთილებისთვისაც და წვიმას მართლებსაც უგზავნის და უმართლოებსაც,+ 46  რადგან, თუ მხოლოდ ისინი გიყვართ, ვისაც თქვენ უყვარხართ, რა საზღაურს ელით?!+ განა მებაჟეებიც ასე არ იქცევიან?! 47  თუ მხოლოდ თქვენს მოძმეებს ესალმებით, განსაკუთრებულს რას აკეთებთ?! განა უცხოტომელებიც ასე არ იქცევიან?! 48  მაშ, იყავით სრულყოფილები, როგორც თქვენი ზეციერი მამაა სრულყოფილი».+

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — „სულით ღარიბნი“, „სულის მათხოვარნი“.
სიტყვასიტყვით — „უმცირესი ეწოდება“.
სიტყვასიტყვით — „დიდი ეწოდება“.
მცირე ღირებულების ბერძნული მონეტა. იხ. დანართი ბ14.
ბერძნ. „პორნია“. იხ. „სექსუალური უზნეობა“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
იგულისხმება რომაული მილი; უდრიდა დაახლ. 1 480 მ-ს. იხ. დანართი ბ14.
იგულისხმება სესხება სარგებლის გარეშე.