მათეს სახარება 7:1—29
7 «ნუღარ განსჯით,+ რომ არც თქვენ განისაჯოთ,
2 რადგან როგორც თქვენ განსჯით სხვებს,+ თქვენც ისევე განისჯებით და რა საწყაოთიც მიუწყავთ, იმავეთი მოგეწყვებათ.+
3 მაშ, რატომ უყურებ ბალახის ღერს შენი ძმის თვალში, საკუთარ თვალში კი მორსაც ვერ ამჩნევ?!+
4 ან როგორ ეუბნები შენს ძმას, მოდი თვალიდან ბალახის ღერს ამოგიღებო, როცა შენ თვითონ მორი გაქვს თვალში?!
5 თვალთმაქცო! ჯერ შენ ამოიღე თვალიდან მორი და მერე უკეთ დაინახავ, როგორ ამოუღო შენს ძმას თვალიდან ბალახის ღერი.
6 ნურასოდეს მისცემთ წმინდას ძაღლებს, ნურც თქვენს მარგალიტებს დაუყრით ღორებს,+ რათა ზედ არ შედგნენ, მერე კი თქვენ არ შემოგიბრუნდნენ და არ დაგგლიჯონ.
7 ითხოვეთ და მოგეცემათ,+ ეძებეთ და იპოვით, აკაკუნეთ და გაგეღებათ,+
8 რადგან ვინც ითხოვს,+ იღებს, ვინც ეძებს, პოულობს, და ვინც აკაკუნებს, გაეღება.
9 რომელი თქვენგანი მიაწვდის თავის შვილს ქვას, თუ ის პურს სთხოვს?!
10 ანდა — გველს, თუ ის თევზს სთხოვს?!
11 ამიტომ, თუ თქვენ, ცოდვილები, აძლევთ თქვენს შვილებს იმას, რაც კარგია, მით უმეტეს თქვენი ზეციერი მამა მისცემს კარგს+ მათ, ვინც სთხოვს!+
12 ამიტომ ყველაფერში, როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ სხვები, თქვენც ისევე მოექეცით მათ,+ რადგან ეს არის კანონისა და წინასწარმეტყველებების არსი.+
13 შედით ვიწრო ჭიშკრით,+ რადგან განიერია ჭიშკარი, რომელშიც მრავალი შედის, და ფართოა გზა, რომელსაც დაღუპვამდე მიჰყავს კაცი;
14 ვიწროა ჭიშკარი და ვიწროა გზა, რომელსაც სიცოცხლემდე მიჰყავს კაცი, და ცოტანი პოვებენ მას.+
15 უფრთხილდით ცრუწინასწარმეტყველებს,+ რომლებიც თქვენთან ცხვრის სამოსლით მოდიან,+ შიგნიდან კი დამშეული მგლებივით არიან.+
16 მათ თავიანთი ნაყოფით იცნობთ. განა კრეფენ ეკლიდან ყურძენს ან ნარიდან ლეღვს?!+
17 ასევე კარგი ხე ნაყოფსაც კარგს ისხამს, ხოლო ცუდი ხე ნაყოფსაც უვარგისს ისხამს.+
18 კარგი ხე უვარგის ნაყოფს ვერ მოისხამს, ვერც ცუდი ხე მოისხამს კარგ ნაყოფს.+
19 ხეს, რომელიც კარგ ნაყოფს არ ისხამს, ჭრიან და ცეცხლში აგდებენ.+
20 ასე რომ, მათივე ნაყოფით იცნობთ მათ.+
21 ვინც მეუბნება: „უფალო, უფალო“, ყველა ვერ დაიმკვიდრებს ზეციერ სამეფოს, არამედ მხოლოდ ის, ვინც ასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებას.+
22 ბევრი მეტყვის იმ დღეს, უფალო, უფალო,+ განა შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით, განა შენი სახელით არ ვდევნიდით დემონებს და შენი სახელით არ ვახდენდითო მრავალ სასწაულს?!+
23 მაშინ მე განვუცხადებ მათ: „არასოდეს გიცნობდით! გამშორდით, უკანონობის მოქმედნო!“+
24 ამიტომ, ვინც ისმენს ჩემს ამ სიტყვებს და ასრულებს მათ, ჰგავს გონიერ კაცს, რომელმაც კლდოვან ადგილზე აიშენა სახლი.+
25 დაუშვა წვიმამ, მოვარდა ნიაღვარი და დაუბერა ქარმა; ეკვეთნენ სახლს, მაგრამ ის არ დაინგრა, რადგან კლდეზე იყო აშენებული.
26 ხოლო ვინც ისმენს ჩემს ამ სიტყვებს და არ ასრულებს მათ, ჰგავს უგუნურ კაცს, რომელმაც ქვიშაზე აიშენა სახლი.+
27 დაუშვა წვიმამ, მოვარდა ნიაღვარი და დაუბერა ქარმა; ეკვეთნენ სახლს+ და სახლი ისე დაინგრა, რომ ქვა ქვაზე არ დარჩენილა».
28 დაასრულა იესომ ეს სიტყვები; ხალხი განცვიფრებული იყო იმით, თუ როგორ ასწავლიდა,+
29 რადგან მათი მწიგნობრებისგან განსხვავებით, იგი ღვთიური ძალაუფლებით ასწავლიდა.+