მათეს სახარება 9:1—38
9 იესო ნავში ჩაჯდა, გაღმა გაცურა და თავის ქალაქში ჩავიდა.+
2 მიუყვანეს მას საკაცით დამბლადაცემული. მათი რწმენის შემხედვარე იესომ დამბლადაცემულს უთხრა: „გამაგრდი, შვილო, გეპატია ცოდვები!“+
3 ამაზე ზოგმა მწიგნობარმა თავისთვის თქვა, ეს კაცი ღმერთს გმობსო.
4 იესომ იცოდა, რასაც ფიქრობდნენ, ამიტომ უთხრა: „რატომ გაივლეთ გულში ასეთი ბოროტება?+
5 რისი თქმა უფრო ადვილია: გეპატია ცოდვები თუ ადექი და იარე?+
6 მაგრამ მინდა, იცოდეთ, რომ კაცის ძეს ცოდვების პატიების ძალაუფლება აქვს დედამიწაზე...“ შემდეგ დამბლადაცემულს უთხრა: „ადექი, აიღე შენი საკაცე და წადი სახლში“.+
7 ისიც წამოდგა და წავიდა სახლში.
8 ამის დანახვაზე ხალხი შიშმა შეიპყრო; ისინი ადიდებდნენ ღმერთს იმისთვის, რომ ასეთი ძალაუფლება მისცა ადამიანებს.
9 იქიდან რომ მოდიოდა, იესომ დაინახა ერთი კაცი, სახელად მათე, რომელიც საბაჟოში იჯდა, და უთხრა: „გამომყევი!“ ისიც ადგა და გაჰყვა.+
10 მოგვიანებით, როცა იესო სახლში სუფრასთან იჯდა*, ბევრი მებაჟე და ცოდვილი მივიდა იქ; ისინი მასთან და მის მოწაფეებთან ერთად შეუდგნენ ნადიმს.+
11 ამის დანახვაზე ფარისევლებმა მის მოწაფეებს ჰკითხეს: „რატომ ჭამს თქვენი მოძღვარი მებაჟეებთან და ცოდვილებთან ერთად?“+
12 ეს რომ გაიგონა იესომ, უთხრა მათ: «ექიმი ჯანმრთელებს კი არა, ავადმყოფებს სჭირდებათ.+
13 ამიტომ წადით და ისწავლეთ, რას ნიშნავს: „გულმოწყალება მსურს და არა მსხვერპლი“.+ მე მოვედი არა მართალთა, არამედ ცოდვილთა მოსახმობად».
14 მაშინ იოანეს მოწაფეები მივიდნენ მასთან და ჰკითხეს: „ჩვენ და ფარისევლები რომ ვმარხულობთ, შენი მოწაფეები რატომ არ მარხულობენ?“+
15 იესომ მიუგო: „რა აქვთ საგლოვი ნეფის მეგობრებს, სანამ ნეფე+ მათთან არის?! თუმცა მოვა დრო, როცა ნეფეს წაართმევენ+ და მაშინ იმარხულებენ.
16 ძველ მოსასხამს არავინ ადებს ახალი ქსოვილის საკერებელს, რადგან, როცა ის შედგება, მოეხევა ძველს და ნახვრეტი უფრო გადიდდება.+
17 არც ახალ ღვინოს* ასხამენ ძველ ტიკებში, რადგან, თუ ჩაასხეს, ტიკები დასკდება და აღარაფრად ივარგებს, ღვინო კი დაიღვრება. ახალ ღვინოს ახალ ტიკებში ასხამენ და ორივე ინახება“.
18 როცა მათ ამას ეუბნებოდა, ერთი მმართველი მივიდა მასთან, პირქვე დაემხო და უთხრა: „ჩემი ასული უკვე მკვდარი იქნება, მაგრამ წამოდი, ხელი დაადე და გაცოცხლდება“.+
19 იესო წამოდგა და გაჰყვა მას; მოწაფეებიც თან გაჰყვნენ.
20 ამ დროს ერთი ქალი, რომელიც 12 წელი სისხლდენით იტანჯებოდა,+ ზურგიდან მიუახლოვდა მას და მოსასხამის ფოჩზე შეეხო,+
21 რადგან თავისთვის ამბობდა, მოსასხამზეც რომ შევეხო, გამოვჯანმრთელდებიო.
22 იესო მიბრუნდა, დაინახა ის და უთხრა: „გამაგრდი, შვილო, შენმა რწმენამ განგკურნა!“+ ქალიც მაშინვე განიკურნა.+
23 მმართველის სახლში მისვლისას იესომ მესალამურეები და აჩოჩქოლებული ხალხი დაინახა,+
24 და უთხრა: „გადით გარეთ, გოგონა არ მომკვდარა, მხოლოდ სძინავს!“+ ამის გაგონებაზე მათ ის მასხრად აიგდეს.
25 როგორც კი ხალხი გამოვიდა, ის შევიდა, გოგონას ხელზე ხელი მოჰკიდა+ და ისიც წამოდგა.+
26 ეს ამბავი მთელ იმ მხარეს მოედო.
27 იქიდან რომ მოდიოდა, ორი უსინათლო კაცი+ აედევნა ყვირილით: „შეგვიწყალე, დავითის ძეო!“
28 როცა იესო სახლში შევიდა, უსინათლოები მასთან მივიდნენ. იესომ ჰკითხა მათ: „გწამთ, რომ შემიძლია ამის გაკეთება?“+ „დიახ, უფალო“, — მიუგეს მათ.
29 იესო თვალებზე შეეხო მათ+ და უთხრა: „თქვენი რწმენისამებრ მოგეგოთ!“
30 მაშინ აეხილათ თვალები მათ. იესომ მკაცრად გააფრთხილა ისინი: „იცოდეთ, არავინ გაიგოს ამის შესახებ!“+
31 მაგრამ ისინი გავიდნენ და მთელ იმ მხარეს მოსდეს ეს ამბავი.
32 ისინი რომ მიდიოდნენ, მოუყვანეს მას დემონით შეპყრობილი მუნჯი კაცი.+
33 დემონის განდევნის შემდეგ მუნჯი ალაპარაკდა.+ გაოცებული ხალხი ამბობდა, ასეთი რამ ისრაელში არავის უნახავსო.+
34 ფარისევლები კი ამბობდნენ, დემონთა მმართველის ძალით დევნისო დემონებს.+
35 იესო დადიოდა ყველა ქალაქსა და სოფელში, ასწავლიდა სინაგოგებში, ქადაგებდა სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ და კურნავდა ნებისმიერ სნეულებასა თუ უძლურებას.+
36 ხალხს რომ ხედავდა, გული ეწვოდა მათ გამო,+ რადგან უმწყემსო ცხვრებივით გასაცოდავებულნი და დაფანტულნი იყვნენ.+
37 მაშინ თავის მოწაფეებს უთხრა: „სამკალი ბევრია, მომკელები კი ცოტანი არიან.+
38 ამიტომ ევედრეთ სამკლის ბატონს, რომ მომკელები გამოგზავნოს თავის სამკალში“.+
სქოლიოები
^ სხვაგვარად — „ინახად იჯდა“. იხ. („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
^ იგულისხმება ღვინო, რომელშიც დუღილის პროცესი ბოლომდე არ დასრულებულა.