მარკოზის სახარება 12:1—44
12 შემდეგ იესომ იგავის მოყოლა დაიწყო: «ერთმა კაცმა ვენახი+ გააშენა, ღობე შემოავლო, საწნახელი ამოკვეთა, კოშკი ააგო+ და მევენახეებს იჯარით მისცა, თვითონ კი შორს გაემგზავრა.+
2 რთველი რომ მოახლოვდა, მან მევენახეებს მონა გაუგზავნა თავისი წილის მისაღებად.
3 მაგრამ მევენახეებმა შეიპყრეს იგი, სცემეს და ხელცარიელი გაუშვეს.
4 კიდევ ერთი მონა გაუგზავნა, რომელსაც თავი გაუტეხეს და შეურაცხყოფა მიაყენეს.+
5 მერე კიდევ ერთი მონა გაუგზავნა, მაგრამ მოკლეს. სხვა მონებიც გაუგზავნა, მაგრამ ზოგი სცემეს, ზოგიც მოკლეს.
6 ბოლოს თავისი საყვარელი ძე გაუგზავნა,+ ამბობდა, ჩემს ძეს მაინც მოექცევიანო პატივისცემით.
7 მაგრამ მევენახეებმა ერთმანეთს გადაულაპარაკეს, ეს მემკვიდრეა,+ მოდი მოვკლათ და მისი მემკვიდრეობა ჩვენ დაგვრჩებაო.
8 შეიპყრეს, მოკლეს და ვენახიდან გაათრიეს.+
9 რას იზამს ვენახის პატრონი? მივა, დახოცავს იმ მევენახეებს და ვენახს სხვებს ჩააბარებს.+
10 ნუთუ არასოდეს წაგიკითხავთ, რა წერია წმინდა წერილებში: „მშენებლების მიერ დაწუნებული ქვა კუთხის თავში დასადებ ქვად იქცა.+
11 ეს იეჰოვას* წყალობით მოხდა და მართლაც საოცრებაა“?!»+
12 ამის შემდეგ მისი შეპყრობა მოინდომეს, რადგან მიხვდნენ, რომ ამ იგავში მათ გულისხმობდა, მაგრამ ხალხისა ეშინოდათ. ამიტომ თავი დაანებეს და წავიდნენ.+
13 შემდეგ მიუგზავნეს რამდენიმე ფარისეველი და ჰეროდეს მომხრე, რომ სიტყვაში გამოეჭირათ.+
14 მათ უთხრეს: „მოძღვარო, ვიცით, რომ ყოველთვის ჭეშმარიტებას ლაპარაკობ და სხვისი გულის მოგებას არ ცდილობ, რადგან ადამიანს მისი მდგომარეობის მიხედვით არ აფასებ და სწორად ასწავლი ღვთის გზას. უნდა ვუხდიდეთ გადასახადებს კეისარს?
15 უნდა გადავუხადოთ თუ არა?“ ის მიუხვდა მათ თვალთმაქცობას და უთხრა: „რატომ მცდით? მომიტანეთ დინარი“.
16 მათაც მიუტანეს. მან ჰკითხა: „ვისია ეს გამოსახულება და წარწერა?“ „კეისრისა“, — უპასუხეს მათ.
17 მაშინ იესომ თქვა: „კეისრისა კეისარს მიეცით,+ ღვთისა კი — ღმერთს!“+ ისინი გაოგნებულები დარჩნენ.
18 მასთან სადუკეველებიც მივიდნენ, რომელთაც არ სწამთ მკვდრეთით აღდგომის,+ და ჰკითხეს:+
19 „მოძღვარო, მოსემ დაგვიწერა, რომ, თუ ვინმეს მოუკვდება ძმა, რომელსაც ცოლი ჰყავდა, მაგრამ შვილი არ ჰყოლია, მისმა ძმამ უნდა შეირთოს მისი ცოლი და ძმას შთამომავლობა აღუდგინოს.+
20 იყო შვიდი ძმა. პირველმა მოიყვანა ცოლი, მაგრამ ისე მოკვდა, რომ შთამომავალი არ დარჩენია.
21 ის ქალი მეორემ შეირთო, მაგრამ ისიც ისე მოკვდა, რომ შთამომავალი არ დარჩენია. მესამესაც ასე დაემართა.
22 შვიდიდან შთამომავალი არცერთს არ დარჩენია. ბოლოს ქალიც მოკვდა.
23 აღდგომის შემდეგ რომლის ცოლი იქნება იგი? ის ხომ შვიდივეს ჰყავდა ცოლად!“
24 იესომ მიუგო: «ცდებით, რადგან არც წმინდა წერილები იცით და არც ის, თუ რა ძალა აქვს ღმერთს.+
25 მკვდრეთით აღდგენილები არც ცოლს ირთავენ და არც თხოვდებიან; ისინი ისე არიან, როგორც ანგელოზები ზეცაში.+
26 იმის შესახებ, რომ მკვდრები აღდგებიან, ნუთუ არ წაგიკითხავთ მოსეს წიგნში, რა უთხრა ღმერთმა მას ეკლიან ბუჩქთან: „მე აბრაამის, ისაკისა და იაკობის ღმერთი ვარ“.+
27 ის მკვდრების კი არა, ცოცხლების ღმერთია. ძალიან ცდებით».+
28 ერთ-ერთმა მწიგნობარმა, რომელიც იქ იყო და მათ დავას ისმენდა, დაინახა, რომ იესომ კარგად უპასუხა, და ჰკითხა მას: „რომელია უპირველესი მცნება?“+
29 იესომ მიუგო: «პირველია: „ისმინე, ისრაელო! ერთია იეჰოვა*, ჩვენი ღმერთი იეჰოვა*.
30 გიყვარდეს იეჰოვა*, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულით, მთელი გონებით და მთელი ძალით“.+
31 მეორეა: „მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს“.+ ამ მცნებებზე დიდი მცნება არ არსებობს».
32 მწიგნობარმა უთხრა მას: «მოძღვარო, შენ კარგად და სწორად თქვი: „ის ერთადერთია და მის გარდა სხვა არავინაა“.+
33 ღვთის სიყვარული მთელი გულით, მთელი შეგნებით და მთელი ძალით და მოყვასის სიყვარული საკუთარი თავივით ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ყველა შესაწირავი და მთლიანად დასაწვავი მსხვერპლი ერთად აღებული».+
34 იესომ მისი ჭკვიანურად გაცემული პასუხი რომ მოისმინა, უთხრა: „შორს არა ხარ ღვთის სამეფოსგან“. ვეღარავინ გაბედა შეკითხვის დასმა.+
35 იესომ ტაძარში სწავლება განაგრძო: «რატომ ამბობენ მწიგნობრები, რომ ქრისტე დავითის ძეა?+
36 წმინდა სულით+ შთაგონებულმა დავითმა თავად თქვა: „იეჰოვამ* ჩემს უფალს უთხრა: იჯექი ჩემ მარჯვნივ, სანამ შენს მტრებს შენს ფეხქვეშ არ მოვაქცევ“.+
37 თუ დავითი მას უფალს უწოდებს, მისი ძე როგორღაა?!»+
დიდძალი ხალხი სიამოვნებით უსმენდა მას.
38 მერე თქვა: „ერიდეთ მწიგნობრებს, რომლებსაც უყვართ გრძელი სამოსლით სიარული, მოედნებზე მისალმება,+
39 წინა ადგილები სინაგოგებში და საპატიო ადგილები ნადიმებზე.+
40 ისინი ქვრივთა ქონებას ჭამენ და მოსაჩვენებლად დიდხანს ლოცულობენ. ისინი უფრო მკაცრად დაისჯებიან“.
41 შემდეგ იესო ისე დაჯდა, რომ ფულის ჩასაყრელს+ ხედავდა, და უყურებდა, როგორ ყრიდა ხალხი ფულს. მდიდრები ბევრს ყრიდნენ.+
42 მივიდა ერთი ღარიბი ქვრივი და ორი ლეპტა* ჩააგდო.+
43 იესომ თავის მოწაფეებს მოუხმო და უთხრა: „ჭეშმარიტებას გეუბნებით: ამ ღარიბმა ქვრივმა ყველაზე მეტი ჩააგდო.+
44 ყველამ ის გაიღო, რაც ზედმეტი ჰქონდა, ის კი სიდუხჭირეში ცხოვრობს, მაგრამ ყველაფერი ჩაყარა, რაც თავის სარჩენად გააჩნდა“.+
სქოლიოები
^ იხ. დანართი ა5.
^ იხ. დანართი ა5.
^ იხ. დანართი ა5.
^ იხ. დანართი ა5.
^ იხ. დანართი ა5.
^ უმცირესი ღირებულების ბერძნული მონეტა. სიტყვასიტყვით — „ორი ლეპტა, რომელიც შეადგენს კოდრანტს“. იხ. დანართი ბ14.