მარკოზის სახარება 4:1—41

  • იგავები სამეფოს შესახებ (1—34).

    • მთესველი (1—9).

    • რატომ ასწავლიდა იესო იგავებით (10—12).

    • მთესველის შესახებ იგავის ახსნა (13—20).

    • ლამპარს ჭურჭელს არ აფარებენ (21—23).

    • „რა საწყაოთიც მიუწყავთ, იმავეთი მოგეწყვებათ“ (24, 25).

    • მთესველი იძინებს (26—29).

    • მდოგვის მარცვალი (30—32).

    • იგავებით სწავლება (33, 34).

  • იესო ქარიშხალს აცხრობს (35—41).

4  იესო კვლავ ზღვის პირას ასწავლიდა. მის მახლობლად იმდენმა ხალხმა მოიყარა თავი, რომ ნავში ჩაჯდა და ნაპირს მოშორდა, ხალხი კი ნაპირზე დარჩა.+  ბევრ რამეს იგავებით ასწავლიდა.+ იესომ მათ მიმართა:+  „ყური დამიგდეთ. გამოვიდა მთესველი დასათესად.+  თესვისას ზოგი თესლი გზის პირას დავარდა, მოფრინდნენ ფრინველები და აკენკეს.  ზოგი კლდოვან ადგილზე დავარდა, სადაც მიწა ბევრი არ იყო, და რადგან მიწას სიღრმე არ ჰქონდა, მალევე აღმოცენდა.+  მაგრამ მზე რომ ამოვიდა, დაჭკნა და რადგან ფესვი არ ჰქონდა, გახმა.  ზოგი ეკლებში ჩავარდა, გაიზარდა ეკლები, მოაშთო ისინი და ნაყოფი ვეღარ გამოიღო.+  ზოგი კი კარგ მიწაზე დავარდა, აღმოცენდა, გაიზარდა და ნაყოფი გამოიღო: ზოგმა — 30, ზოგმა — 60 და ზოგმაც — 100“.+  შემდეგ დასძინა: „ვისაც ყური აქვს, ისმინოს!“+ 10  ხალხი რომ დაიშალა, ვინც იესოსთან დარჩა, მათ შორის თორმეტმა მოციქულმა, მოყოლილ იგავებზე შეკითხვები დაუსვეს.+ 11  მან უთხრა მათ: „თქვენ გაგიმჟღავნდათ ღვთის სამეფოს წმინდა საიდუმლო,+ სხვებს კი იგავებით ველაპარაკები,+ 12  რათა შეხედონ, მაგრამ ვერ დაინახონ, მოისმინონ, მაგრამ აზრს ვერ ჩასწვდნენ; ისინი არასოდეს მობრუნდებიან და არც ეპატიებათ“.+ 13  შემდეგ მათ უთხრა: „თუ ამ იგავის არსს ვერ სწვდებით, სხვა იგავების არსს როგორღა ჩასწვდებით?! 14  მთესველი თესავს სიტყვას.+ 15  გზის პირას მყოფნი, სადაც სიტყვა ითესება, ისინი არიან, ვისთანაც სატანა მაშინვე მიდის,+ როგორც კი სიტყვას მოისმენენ, და სტაცებს ჩათესილ სიტყვას.+ 16  კლდოვან ადგილზე დათესილები ისინი არიან, ვინც სიტყვას მოსმენისთანავე სიხარულით იღებენ,+ 17  მაგრამ, ვინაიდან ფესვი არა აქვთ, ცოტა ხანს ძლებენ და, როგორც კი სიტყვის გამო გასაჭირი ან დევნა იწყება, ბრკოლდებიან. 18  ეკლებში დათესილები ისინი არიან, ვინც ისმენენ სიტყვას,+ 19  მაგრამ ნაყოფი ვერ გამოაქვთ, რადგან ქვეყნიერების* საზრუნავი,+ სიმდიდრის მაცდუნებელი ძალა+ და სხვა სურვილები+ იპყრობს მათ და აშთობს სიტყვას. 20  კარგ მიწაზე დათესილები კი ისინი არიან, ვინც სიტყვას ისმენენ, კეთილგანწყობით იღებენ და ნაყოფი გამოაქვთ: ზოგს — 30, ზოგს — 60 და ზოგს — 100“.+ 21  აი, კიდევ რა უთხრა მათ: „ლამპარი იმიტომ კი არ გამოაქვთ, რომ ჭურჭელი დააფარონ ან საწოლის ქვეშ დადგან; ის იმიტომ გამოაქვთ, რომ სალამპრეზე დადგან.+ 22  არაფერია დაფარული, რომ არ გაცხადდეს და საგულდაგულოდ დამალული, რომ არ გამოაშკარავდეს.+ 23  ვისაც ყური აქვს, ისმინოს!“+ 24  მერე კი უთხრა: „დაუკვირდით იმას, რასაც ისმენთ.+ რა საწყაოთიც მიუწყავთ, იმავეთი მოგეწყვებათ, და უფრო მეტიც მოგეცემათ. 25  ვისაც აქვს, უფრო მეტი მიეცემა,+ ხოლო ვისაც არა აქვს, ისიც წაერთმევა, რაც აქვს“.+ 26  შემდეგ განაგრძო: „ღვთის სამეფო შეიძლება შევადაროთ კაცს, რომელიც თესლს თესავს. 27  ღამით წვება, დღისით დგება. თესლი აღმოცენდება და იზრდება, მან კი არ იცის, როგორ. 28  მიწას თავისით გამოაქვს ნაყოფი: ჯერ ჯეჯილი, მერე თავთავი, ბოლოს კი საღი მარცვალი. 29  როგორც კი ნაყოფი მწიფდება, კაცი ნამგალს იმარჯვებს, რადგან მკის დროა დამდგარი“. 30  შემდეგ განაგრძო: „რას შევადაროთ ღვთის სამეფო ან რა იგავი მივუსადაგოთ? 31  ის მდოგვის მარცვალს ჰგავს, რომელიც ყველაზე პატარა თესლია დედამიწაზე;+ 32  დათესვის მერე კი, როცა ამოდის, ბოსტნის ყველა სხვა მცენარეზე დიდი იზრდება და იმხელა ტოტები ეზრდება, რომ ფრინველები მის ჩრდილში იბუდებენ“. 33  იესო სათქმელს მათთვის გასაგები ბევრი ასეთი იგავით ეუბნებოდა.+ 34  იგავების გარეშე არაფერს ეუბნებოდა ხალხს, თავის მოწაფეებს კი ცალკე უხსნიდა ყველაფერს.+ 35  იმავე დღეს, საღამო ხანს, მათ უთხრა, გაღმა გავიდეთო.+ 36  ხალხის წასვლის შემდეგ ის იმავე ნავით წაიყვანეს, რომელშიც იჯდა. მას სხვა ნავებითაც გაჰყვნენ.+ 37  უცებ ისეთი საშინელი ქარიშხალი ამოვარდა, რომ ტალღები ნავს ეხეთქებოდა; ცოტაც და ნავი წყლით აივსებოდა.+ 38  ის კიჩოზე იყო, თავი სასთუმალზე ედო და ეძინა. გააღვიძეს და უთხრეს: „მოძღვარო, ნუთუ შენთვის სულერთია, რომ ვიღუპებით?!“ 39  ისიც წამოდგა, შერისხა ქარი და ზღვას მიმართა: „დაწყნარდი! ჩაცხრი!“+ ქარი ჩადგა და სრული სიჩუმე ჩამოვარდა. 40  შემდეგ მათ უთხრა: „რამ შეგაშინათ?! სად არის თქვენი რწმენა?!“ 41  ძალიან შეშინებულები იყვნენ, ერთმანეთს ეუბნებოდნენ, ეს ვინ არის, ქარიცა და ზღვაც რომ მას ემორჩილებაო.+

სქოლიოები

ბერძნ. „ეონ“. იხ. „ქვეყნიერება“(„ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).