მარკოზის სახარება 8:1—38

  • იესოს მიერ 4 000 კაცის დაპურება (1—9).

  • ნიშნის მოთხოვნა (10—13).

  • ფარისეველთა და ჰეროდეს საფუარი (14—21).

  • უსინათლოს განკურნება ბეთსაიდაში (22—26).

  • პეტრე იესოს ქრისტედ აღიარებს (27—30).

  • იესო თავის სიკვდილს წინასწარმეტყველებს (31—33).

  • რას ნიშნავს იესოს მოწაფეობა (34—38).

8  კვლავ მოგროვდა დიდძალი ხალხი; საჭმელი არაფერი ჰქონდათ. მან მოწაფეებს მოუხმო და უთხრა:  „გული მეწვის ამ ხალხის შემხედვარეს,+ უკვე სამი დღეა, აქედან ფეხი არ მოუცვლიათ და საჭმელიც გამოელიათ.+  სახლებში უჭმელად რომ გავუშვა, გზაში დაუძლურდებიან; ზოგი მათგანი შორიდან არის მოსული“.  მოწაფეებმა მიუგეს: „ვინ დააპურებს ამდენ ხალხს ამ მიყრუებულ ადგილას?“  იესომ ჰკითხა: „რამდენი პური გაქვთ?“ „შვიდი“, — მიუგეს მათ.+  მაშინ ხალხს უბრძანა, მიწაზე დამსხდარიყვნენ. აიღო ის შვიდი პური, ღმერთს მადლობა შესწირა, დაამტვრია და მოწაფეებს მისცა, რომ ხალხისთვის ჩამოერიგებინათ, და მათაც ჩამოურიგეს.+  მოწაფეებს რამდენიმე პატარა თევზიც ჰქონდათ. ილოცა და უთხრა მათ, რომ ხალხისთვის თევზიც ჩამოერიგებინათ.  ხალხი კარგად დანაყრდა, მორჩენილი ნატეხებით კი შვიდი გოდორი გაავსეს.+  იქ 4 000-მდე კაცი იყო. ბოლოს გაისტუმრა ისინი. 10  ჩაჯდა იესო ნავში მოწაფეებთან ერთად და დალმანუთაში ჩავიდა.+ 11  იქ მასთან ფარისევლები მივიდნენ და დავა დაუწყეს; გამოსაცდელად ციური ნიშნის მოხდენას ითხოვდნენ.+ 12  იესომ ამოიოხრა და თქვა: „რატომ სურს ამ თაობას ნიშნის ხილვა?+ ჭეშმარიტებას გეუბნებით: ვერ იხილავს ეს თაობა ნიშანს“.+ 13  წამოვიდა მათგან, ჩაჯდა ნავში და გაღმა გავიდა. 14  მათ პურის წაღება დაავიწყდათ, ნავში კი ერთი პურის მეტი არ ჰქონდათ.+ 15  მან გააფრთხილა ისინი: „იფხიზლეთ და ერიდეთ ფარისევლებისა და ჰეროდეს საფუარს“.+ 16  მათ კი იმაზე დაიწყეს კამათი, რომ პური არ ჰქონდათ. 17  ეს რომ შეამჩნია, უთხრა მათ: «რატომ კამათობთ პურის გამო? ნუთუ ჯერ კიდევ ვერაფერს ხვდებით და არაფერი გესმით? ნუთუ ჯერ კიდევ დახშული გაქვთ გული? 18  „თვალები გაქვთ და როგორ ვერ ხედავთ?! ყურები გაქვთ და როგორ არ გესმით?!“ არ გახსოვთ, 19  ხუთი პური რომ დავამტვრიე+ 5 000 კაცისთვის, რამდენი კალათი აავსეთ მაშინ მორჩენილი ნატეხებით?» „თორმეტი“,+ — მიუგეს მათ. 20  „შვიდი პური რომ დავამტვრიე 4 000 კაცისთვის, რამდენი გოდორი გაავსეთ მორჩენილი ნატეხებით?“ „შვიდი“,+ — მიუგეს მათ. 21  მაშინ ჰკითხა: „კიდევ ვერ ხვდებით?“ 22  ბეთსაიდას რომ მიადგნენ, ერთი უსინათლო კაცი მიუყვანეს და შეეხვეწნენ, შეეხეო.+ 23  ხელი მოჰკიდა უსინათლოს და სოფლიდან გაიყვანა. თვალებზე დააფურთხა,+ ხელები დაადო და ჰკითხა: „ხედავ რამეს?“ 24  კაცმა აიხედა და მიუგო: „ადამიანებს ვხედავ, ხეებს ჰგვანან და აქეთ-იქით დადიან“. 25  მაშინ ისევ დაადო ხელები თვალებზე; კაცს მხედველობა დაუბრუნდა და ყველაფერი მკაფიოდ და ნათლად დაინახა. 26  მერე სახლში გაუშვა და უთხრა, სოფელში ნუ შეხვალო. 27  იესო მოწაფეებთან ერთად ფილიპეს კესარეის სოფლებში წავიდა. გზაში ჰკითხა მათ: „რას ამბობს ხალხი ჩემზე, ვინ არისო?“+ 28  „ზოგი ამბობს იოანე ნათლისმცემელიაო,+ ზოგიც — ელიააო,+ ზოგი კი — ერთ-ერთი წინასწარმეტყველიაო“, — უპასუხეს მათ. 29  „თქვენ რას ფიქრობთ, ვინა ვარ?“ — ჰკითხა მან. „შენა ხარ ქრისტე“,+ — მიუგო პეტრემ. 30  იესომ მკაცრად გააფრთხილა ისინი, რომ ამის შესახებ არავისთვის ეთქვათ.+ 31  ის იმასაც უხსნიდა, რომ კაცის ძეს არაერთი სატანჯველის ატანა მოუწევდა, რომ უხუცესები, უფროსი მღვდლები და მწიგნობრები უარყოფდნენ მას, რომ მას მოკლავდნენ+ და მესამე დღეს აღდგებოდა.+ 32  ასე პირდაპირ რომ ამბობდა ამას, პეტრემ განზე გაიხმო ის და მის გადარწმუნებას შეეცადა.+ 33  იესო მობრუნდა, თავის მოწაფეებს გადახედა და გაუწყრა პეტრეს: „მომცილდი, სატანა! შენ ღვთიურზე კი არა, ადამიანურზე ფიქრობ!“+ 34  შემდეგ თავისთან მოიხმო მოწაფეებიც და ხალხიც და მიმართა: „თუ ვინმეს უნდა, რომ მომყვეს, უარყოს საკუთარი თავი, აიღოს თავისი წამების ძელი* და გამომყვეს.+ 35  ვისაც სიცოცხლის* შენარჩუნება სურს, დაკარგავს მას, ხოლო ვინც ჩემი და სასიხარულო ცნობის გულისთვის დაკარგავს სიცოცხლეს, დაიბრუნებს მას.+ 36  კაცმა მთელი ქვეყნიერებაც რომ შეიძინოს, რას არგებს, თუ სიცოცხლეს დაკარგავს?!+ 37  განა შეძლებს კაცი რაიმეს გაღებას სიცოცხლის სანაცვლოდ?!+ 38  ვისაც ჩემ გამო და ჩემი სიტყვების გამო შერცხვება ამ ორგულ* და ცოდვილ მოდგმაში, კაცის ძესაც შერცხვება მის გამო,+ როცა თავისი მამის დიდებით წმინდა ანგელოზებთან ერთად მოვა“.+

სქოლიოები

იხ. „ძელი, წამების ძელი“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
ბერძნ. „ფსიქე“. იხ. „სული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
სიტყვასიტყვით — „მრუშ“.