მსაჯულები 1:1—36
1 იესო ნავეს ძის სიკვდილის შემდეგ+ დაეკითხნენ ისრაელები იეჰოვას,+ რომელი ჩვენგანი გავიდეს პირველი ქანაანელებთან საბრძოლველადო.
2 იეჰოვამ მიუგო: „იუდას ტომი გავიდეს!+ მას ვაძლევ ამ მიწას“.
3 უთხრეს იუდასტომელებმა თავიანთ მოძმეებს, სიმონისტომელებს: „გამოგვყევით ჩვენს წილხვდომილ მიწაზე+ და შევებრძოლოთ ქანაანელებს, ჩვენ კი თქვენ წილხვდომილ მიწაზე წამოგყვებით“. სიმონისტომელებიც გაჰყვნენ.
4 გავიდნენ იუდასტომელები საბრძოლველად და ხელში ჩაუგდო იეჰოვამ მათ ქანაანელები და ფერიზელები;+ 10 000 კაცი დაამარცხეს ბეზეკში.
5 დაამარცხეს ქანაანელები+ და ფერიზელები;+ ბეზეკში ადონი-ბეზეკიც იპოვეს და შეებრძოლნენ.
6 გაიქცა ადონი-ბეზეკი, ისინი კი დაედევნენ, დაიჭირეს და ხელ-ფეხზე ცერები დააჭრეს.
7 მაშინ ადონი-ბეზეკმა თქვა: „70 მეფე, ხელ-ფეხზე ცერებდაჭრილი, ჩემი მაგიდის ქვეშ აგროვებდა ნასუფრალს. რაც მე გავაკეთე, ღმერთმაც იმავეთი მომიზღო“. წაიყვანეს ის იერუსალიმში+ და იქ მოკვდა.
8 შეუტიეს იუდასტომელებმა იერუსალიმს+ და აიღეს ქალაქი; მახვილით გაანადგურეს მისი მკვიდრნი და ქალაქი ცეცხლს მისცეს.
9 შემდეგ გაემართნენ იუდასტომელები, რომ მთიან მხარეში, ნეგებსა და შეფელაში მცხოვრებ ქანაანელებს შებრძოლებოდნენ.+
10 გაილაშქრა იუდამ ხებრონში მცხოვრები ქანაანელების წინააღმდეგ (ადრე ხებრონს კირიათ-არბა ერქვა) და დაამარცხა შეშაი, ახიმანი და თალმაი.+
11 შემდეგ დებირის+ მკვიდრთა წინააღმდეგ გაილაშქრეს (დებირს ადრე კირიათ-სეფერი ერქვა).+
12 თქვა ქალებ+ იეფუნეს ძემ, ვინც კირიათ-სეფერს შეუტევს და დაიპყრობს, ჩემს ასულ აქსას მივათხოვებო.+
13 ქალაქი ოთნიელმა,+ ქალებ იეფუნეს ძის უმცროსი ძმის, კენაზის ვაჟმა+ დაიპყრო და ქალებმაც მიათხოვა მას თავისი ასული აქსა.
14 გამგზავრებამდე ქალმა ქმარი წააქეზა, მამაჩემს მინდორი სთხოვეო. შემდეგ ჩამოხტა ქალი ვირიდან*. ქალებ იეფუნეს ძემ ჰკითხა: „რა გინდა?“
15 მან მიუგო: „დამლოცე, და რაკი ნეგები* მომეცი, ბარემ გულოთ-მაიმიც* მომეცი“. მანაც მისცა ზემო გულოთი და ქვემო გულოთი.
16 წამოვიდნენ პალმების ქალაქიდან*+ კენიელის,+ მოსეს სიმამრის,+ შთამომავლები იუდას შთამომავლებთან ერთად და იუდას უდაბნოსკენ გაემართნენ, არადის სამხრეთით;+ მივიდნენ და დასახლდნენ იმ ხალხთან.+
17 გაემართნენ იუდასტომელები თავიანთ მოძმეებთან, სიმონის შთამომავლებთან ერთად, შეუტიეს ცეფათში მცხოვრებ ქანაანელებს და გაანადგურეს.+ იმ ქალაქს ხორმა* უწოდეს.+
18 დაიპყრო იუდამ ღაზა+ თავისი მიწებით, აშკელონი+ თავისი მიწებით და ეკრონი+ თავისი მიწებით.
19 იეჰოვა იყო იუდასთან და ამიტომ დაეუფლა ის მთიან მხარეს, თუმცა ბარში მცხოვრებნი ვერ განდევნა, რადგან მათ ცელიანი საომარი ეტლები ჰქონდათ.+
20 მოსეს დაპირებისამებრ ხებრონი ქალებ იეფუნეს ძეს მისცეს+ და მანაც განდევნა იქიდან ანაკის სამი ვაჟი.+
21 ბენიამინელებს იერუსალიმში მცხოვრები იებუსელები არ განუდევნიათ; იებუსელები დღემდე ბენიამინელებთან ერთად ცხოვრობენ იერუსალიმში.+
22 იოსების შთამომავლებმა+ ბეთელის წინააღმდეგ გაილაშქრეს; იეჰოვა იყო მათთან.+
23 ზვერავდნენ იოსების შთამომავლები ბეთელს (ადრე ამ ქალაქს ლუზი ერქვა);+
24 დაინახეს მზვერავებმა ქალაქიდან მომავალი კაცი და სთხოვეს, გვიჩვენე ქალაქში შესასვლელი გზა და დაგინდობთო*.
25 მანაც მიასწავლა ქალაქში შესასვლელი გზა; მათ მახვილით შემუსრეს ქალაქი, ის კაცი კი თავის ოჯახიანად გაუშვეს.+
26 წავიდა ის კაცი ხეთელთა მიწაზე, გააშენა ქალაქი და ლუზი დაარქვა. ამ ქალაქს დღემდე ასე ჰქვია.
27 არ დაუპყრია მენაშეს ბეთ-შეანი და მისი მიმდებარე ქალაქები, თაანახი+ და მისი მიმდებარე ქალაქები, დორი და მისი მიმდებარე ქალაქები, იბლეამი და მისი მიმდებარე ქალაქები, მეგიდო და მისი მიმდებარე ქალაქები;+ ქანაანელები ფეხს არ იცვლიდნენ იმ მიწიდან.
28 გაძლიერდნენ ისრაელები და მძიმე სამუშაო დააკისრეს ქანაანელებს.+ ბოლომდე არ განუდევნიათ ისრაელებს ისინი.+
29 არც ეფრემს განუდევნია გეზერში მცხოვრები ქანაანელები; ქანაანელები მათთან ერთად ცხოვრობდნენ გეზერში.+
30 არც ზებულონს განუდევნია კიტრონისა და ნაჰალოლის მკვიდრნი;+ ცხოვრობდნენ ქანაანელები მათთან ერთად და მძიმე სამუშაოს ასრულებდნენ.+
31 არც აშერს განუდევნია აქოს, სიდონის,+ ახლაბის, აქციბის,+ ხელბის, აფიკისა+ და რეხობის+ მკვიდრნი.
32 ქანაანელებთან ერთად ცხოვრობდნენ აშერელები იმ მიწაზე, რადგან არ განუდევნიათ ისინი.
33 არც ნაფთალს განუდევნია ბეთ-შემეშისა და ბეთ-ანათის+ მკვიდრნი; ქანაანელებთან ერთად ცხოვრობდნენ ისინი იმ მიწაზე.+ ბეთ-შემეშისა და ბეთ-ანათის მკვიდრნი მძიმე სამუშაოს უსრულებდნენ მათ.
34 მოიმწყვდიეს ამორეველებმა დანისტომელები მთაში და ბარში არ უშვებდნენ.+
35 ფეხს არ იცვლიდნენ ამორეველები ხერესის მთიდან, აიალონიდან+ და შაალბიმიდან.+ მაგრამ გაძლიერდნენ იოსების შთამომავლები და მძიმე სამუშაოს ასრულებინებდნენ მათ.
36 ამორეველთა მიწის საზღვარი აკრაბიმის მაღლობიდან იწყებოდა+ და სელიდან ზევით ადიოდა.
სქოლიოები
^ ან შესაძლოა: „ვირზე მჯდომმა ყურადღების მისაქცევად ხელი ხელს შემოჰკრა“.
^ სამხრეთით მდებარე ურწყული მიწა.
^ ნიშნავს „წყალსატევებს“.
^ იგულისხმება იერიხონი.
^ ნიშნავს „გასანადგურებელს“.
^ ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).