მსაჯულები 11:1—40

  • იფთახს აძევებენ, შემდეგ წინამძღოლად ირჩევენ (1—11).

  • იფთახის მიერ ამონელებისთვის შეთვლილი სიტყვები (12—28).

  • იფთახის აღთქმა და მისი ასული (29—40).

    • იფთახის ასული არ თხოვდება (38—40).

11  გალაადელი იფთახი+ ძლიერი მებრძოლი იყო. იგი მამამისს, გალაადს, მეძავი ქალისგან შეეძინა.  გალაადს ცოლმაც გაუჩინა ვაჟები. როცა ცოლის ვაჟები გაიზარდნენ, გააგდეს იფთახი; უთხრეს, არ გეკუთვნის მემკვიდრეობა მამაჩვენის სახლში, რადგან სხვა ქალის შვილი ხარო.  გაექცა იფთახი თავის ძმებს და ტობის მიწაზე დასახლდა. შეუერთდნენ იფთახს უსაქმოდ დარჩენილი კაცები და თან გაჰყვნენ.  გამოხდა ხანი და შეებრძოლნენ ამონელები ისრაელს.+  როცა ამონელები ისრაელს შეებრძოლნენ, გალაადის უხუცესები ტობის მიწისკენ გაეშურნენ იფთახის წამოსაყვანად.  უთხრეს იფთახს, წამოდი, გახდი ჩვენი მეთაური და ამონელებს შევებრძოლოთო.  იფთახმა მიუგო გალაადის უხუცესებს: „თქვენ არ იყავით, რომ შემიძულეთ და მამაჩემის სახლიდან გამომაგდეთ?!+ და ახლა მომადექით, როცა გაგიჭირდათ?!“  მაშინ გალაადის უხუცესებმა იფთახს უთხრეს: „ამიტომაც მოვედით! თუ გამოგვყვები და შეებრძოლები ამონელებს, მთელი გალაადის წინამძღოლი გახდები“.+  მიუგო იფთახმა გალაადის უხუცესებს: „თუ წამიყვანთ ამონელებთან საბრძოლველად და იეჰოვა ხელში ჩამიგდებს მათ, მაშინ გავხდები თქვენი წინამძღოლი“. 10  გალაადის უხუცესებმა უთხრეს იფთახს: „იეჰოვა იყოს მოწმე ჩვენ შორის, თუ შენი სიტყვისამებრ არ მოვიქცეთ!“ 11  გაჰყვა იფთახი გალაადის უხუცესებს და ხალხმა ის წინამძღოლად და მეთაურად გაიხადა. გაიმეორა იფთახმა თავისი სიტყვები მიცფაში+ იეჰოვას წინაშე. 12  გაუგზავნა იფთახმა მაცნეები ამონელთა+ მეფეს და შეუთვალა: „რა ხელი გაქვს ჩემთან, თავს რომ დაესხი ჩემს მიწას?“ 13  ამონელთა მეფემ იფთახის მაცნეებს უთხრა: „იმიტომ, რომ ეგვიპტიდან გამოსული ისრაელი ჩემს მიწას დაეუფლა,+ არნონიდან+ იაბოკამდე და იორდანემდე.+ ახლა უომრად დამიბრუნე!“ 14  კვლავ გაუგზავნა იფთახმა მაცნეები ამონელთა მეფეს 15  და შეუთვალა, აი, რას ამბობსო იფთახი: „არც მოაბელთა+ მიწას დაუფლებია ისრაელი და არც ამონელთა მიწას.+ 16  ეგვიპტიდან გამოსულმა ისრაელმა უდაბნოში იარა წითელ ზღვამდე+ და კადეშს მიადგა.+ 17  გაუგზავნა ისრაელმა ედომის+ მეფეს მაცნეები და სთხოვა, შენს მიწაზე გამატარეო, მაგრამ ედომის მეფემ ყური არ ათხოვა. იგივე შეუთვალეს მოაბის+ მეფესაც, მაგრამ არც ის დასთანხმდა; ცხოვრობდა ისრაელი კადეშში.+ 18  უდაბნოში ყოფნისას მათ გვერდი აუარეს ედომის მიწასა+ და მოაბის მიწას, წავიდნენ მოაბის მიწის აღმოსავლეთით+ და არნონთან დაბანაკდნენ; მოაბის საზღვარი+ არ გადაუკვეთავთ, რადგან არნონი მოაბის საზღვარი იყო. 19  გაუგზავნა ისრაელმა მაცნეები სიხონს, ამორეველთა მეფეს, ხეშბონში რომ მეფობდა; სთხოვა მას ისრაელმა, გაგვატარე შენს მიწაზე, რომ ჩვენს ადგილამდე მივიდეთო.+ 20  არ ენდო სიხონი ისრაელს და არ გაატარა თავის მიწაზე; შეკრიბა სიხონმა მთელი თავისი ხალხი, იაჰაცში დაბანაკდა და შეებრძოლა ისრაელს.+ 21  ხელში ჩაუგდო ისრაელს იეჰოვამ, ისრაელის ღმერთმა, სიხონი და მთელი მისი ხალხი; დაამარცხეს ისრაელებმა ისინი და დაეუფლნენ ამორეველთა, იმ მიწის მკვიდრთა, მთელ მიწას.+ 22  ასე დაეუფლნენ ამორეველთა მთელ მიწას არნონიდან იაბოკამდე და უდაბნოდან იორდანემდე.+ 23  იეჰოვამ, ისრაელის ღმერთმა, განუდევნა ამორეველები თავის ხალხს, ისრაელს,+ შენ კი ახლა მისი განდევნა გინდა?! 24  შენც იმას არ ხარ დაუფლებული, რაც შენმა ღმერთმა, ქემოშმა,+ ჩაგიგდო ხელში?! ჩვენც იმას განვდევნით, ვისაც იეჰოვა, ჩვენი ღმერთი, განგვადევნინებს.+ 25  რით სჯობიხარ მოაბის მეფეს, ბალაკ+ ციფორის ძეს?! შედავებია ან შებრძოლებია ის ოდესმე ისრაელს?! 26  უკვე 300 წელია, რაც ისრაელი ხეშბონსა და მის მიმდებარე ქალაქებში  ცხოვრობს,+ აროერსა და მის მიმდებარე ქალაქებში, არნონის გაღმა-გამოღმა მდებარე ქალაქებში. აქამდე რატომ არ დაიბრუნე ისინი?!+ 27  მე არ შემიცოდავს შენ წინაშე, შენ კი ბოროტად მექცევი, რომ მებრძვი. იეჰოვამ, დიდებულმა მოსამართლემ,+ განსაჯოს ისრაელები და ამონელები!“ 28  ყური არ ათხოვა ამონელთა მეფემ იფთახის შეთვლილს. 29  გადმოვიდა იფთახზე იეჰოვას სული,+ გაიარა გალაადი და მენაშე, გალაადის მიცფეში*+ რომ მისულიყო, გალაადის მიცფედან კი ამონელებთან საომრად გაემართა. 30  აღთქმა დაუდო+ იფთახმა იეჰოვას: „თუ ხელში ჩამიგდებ ამონელებს, 31  როცა მათგან მშვიდობით დავბრუნდები, ვინც ჩემი სახლის კარიდან გამომეგებება, იეჰოვასი გახდება+ და შევწირავ მას, როგორც დასაწვავ მსხვერპლს!“+ 32  წავიდა იფთახი ამონელებთან საბრძოლველად და იეჰოვამ ხელში ჩაუგდო მას ისინი. 33  აროერიდან მინითამდე 20 ქალაქი აიღეს და ხოცვა-ჟლეტით მივიდნენ აბელ-კერამიმამდე. ასე დაიმორჩილეს ამონელები ისრაელებმა. 34  დაბრუნდა იფთახი შინ, მიცფაში,+ და რას ხედავს! თავისი ასული გამოეგება მას დაირის დაკვრითა და ცეკვა-ცეკვით. ის მისი ერთადერთი შვილი იყო; მის გარდა იფთახს არც ძე ჰყოლია და არც ასული. 35  მის დანახვაზე ტანსაცმელი შემოიხია და თქვა: „ვაიმე, შვილო! გული მომიკალი! თურმე შენ უნდა შეგელიო, მაგრამ სიტყვა მივეცი იეჰოვას და უკან ვერ წავიღებ!“+ 36  მან კი მიუგო: „მამა, თუ სიტყვა მიეცი იეჰოვას, შენი სიტყვისამებრ მომექეცი,+ რადგან შური იძია იეჰოვამ შენს მტრებზე, ამონელებზე“. 37  უთხრა მამას: „ერთ რამეს გთხოვ: გამიშვი ორი თვით, მთაში წავალ და ჩემს დობილებთან ერთად ვიგლოვებ ჩემს გაუთხოვრობას*“. 38  მან მიუგო: „წადი!“ გაუშვა ის ორი თვით. ისიც წავიდა მთაში დობილებთან ერთად თავისი გაუთხოვრობის გამოსაგლოვებლად. 39  ორი თვის შემდეგ მამამისთან დაბრუნდა, და მანაც შეასრულა დადებული აღთქმა.+ არ დაწოლილა იფთახის ასული მამაკაცთან. ისრაელში წესად დაიდო: 40  ყოველწლიურად ებრაელი ასულები გალაადელი იფთახის ასულთან მიდიოდნენ და აქებდნენ მას, წელიწადში ოთხი დღე.

სქოლიოები

იგივე მიცფა.
სიტყვასიტყვით — „ვიგლოვებ ჩემს ქალწულობას“.