მსაჯულები 12:1—15
12 შეიკრიბნენ ეფრემელები, გადავიდნენ ცაფონში* და იფთახს უთხრეს: „რატომ არ მოგვიხმე, როცა ამონთან საბრძოლველად გახვედი?+ სახლკარიანად გადაგბუგავთ!“
2 იფთახმა მიუგო: „მე და ჩემს ხალხს დიდი ბრძოლა გვქონდა ამონელებთან. მოგიხმეთ დასახმარებლად, მაგრამ არ მიხსენით მათი ხელიდან.
3 როცა დავინახე, რომ არ მეშველებოდით, სიცოცხლე საფრთხეში ჩავიგდე და შევებრძოლე ამონელებს,+ იეჰოვამ კი ხელში ჩამიგდო ისინი. დღეს რაღას მოხვედით ჩემთან საბრძოლველად?“
4 მაშინ შეკრიბა იფთახმა გალაადელები+ და შეებრძოლა ეფრემს. სძლიეს გალაადელებმა ეფრემელებს, რომლებიც ამბობდნენ, გალაადელებო, ეფრემსა და მენაშეში კი ცხოვრობთ, მაგრამ ეფრემელი ლტოლვილები ხართო.
5 დაასწრო გალაადმა ეფრემს იორდანის ფონების დაკავება.+ ეფრემელებს, რომლებიც გაქცევას ცდილობდნენ და ითხოვდნენ, გადაგვიშვითო, გალაადელები ეკითხებოდნენ, ეფრემელი ხარო? როცა პასუხობდნენ, არაო,
6 ისინი ეუბნებოდნენ, აბა „შიბოლეთი“ თქვიო. ისინი კი „სიბოლეთს“ ამბობდნენ, რადგან ამ სიტყვას სწორად ვერ წარმოთქვამდნენ. ასეთებს შეიპყრობდნენ ხოლმე და იორდანის ფონებთან კლავდნენ. მაშინ ეფრემელთაგან 42 000 კაცი დაეცა.
7 ექვსი წელი იყო იფთახი ისრაელის მსაჯული; მოკვდა გალაადელი იფთახი და დამარხეს თავის ქალაქში, რომელიც გალაადში იყო.
8 მის შემდეგ ისრაელის მსაჯული ბეთლემელი იბცანი გახდა.+
9 მას 30 ვაჟი და 30 ასული ჰყავდა. მან თავისი ასულები სხვა საგვარეულოს კაცებს მიათხოვა, თავის ვაჟებს კი 30 ქალი მოუყვანა. შვიდი წელი იყო იგი ისრაელის მსაჯული.
10 მოკვდა იბცანი და ბეთლემში დამარხეს.
11 მის შემდეგ ზებულონელი ელონი გახდა ისრაელის მსაჯული; ათი წელი იყო იგი ისრაელის მსაჯული.
12 მოკვდა ზებულონელი ელონიც და დამარხეს აიალონში, ზებულონის მიწაზე.
13 მის შემდეგ ფირათონელი ჰილელის ვაჟი აბდონი გახდა ისრაელის მსაჯული.
14 მას 40 ვაჟი და 30 შვილიშვილი ჰყავდა, რომელთაც 70 ვირი ჰყავდათ. რვა წელი იყო იგი ისრაელის მსაჯული.
15 მოკვდა ფირათონელი ჰილელის ვაჟი აბდონიც და დამარხეს ფირათონში, ეფრემის მიწაზე, ამალეკელთა+ მთაზე.
სქოლიოები
^ ან შესაძლოა: „გადავიდნენ ჩრდილოეთით“.