მსაჯულები 6:1—40

  • მიდიანი ავიწროებს ისრაელს (1—10).

  • ანგელოზი მსაჯულ გედეონს თავის მხარდაჭერაში არწმუნებს (11—24).

  • გედეონი ანგრევს ბაალის სამსხვერპლოს (25—32).

  • გედეონზე ღვთის სული გადმოდის (33—35).

  • გედეონი ღმერთს ნიშანს სთხოვს (36—40).

6  კვლავ დაიწყეს ისრაელებმა ბოროტების ჩადენა იეჰოვას თვალში+ და შვიდი წლით მიდიანის ხელში ჩაყარა ისინი იეჰოვამ.+  ჩაგრავდა მიდიანი ისრაელს.+ მისი შიშით ისრაელები მთის მღვიმეებს, გამოქვაბულებსა და მიუვალ ადგილებს აფარებდნენ თავს.+  როცა დათესავდნენ ისრაელები თესლს, თავს ესხმოდნენ მათ მიდიანელები, ამალეკელები+ და აღმოსავლელები.+  ბანაკდებოდნენ და ღაზამდე უჩანაგებდნენ მოსავალს; არც საზრდოს ტოვებდნენ ისრაელში, არც ცხვარს, არც ხარს და არც ვირს.+  კარვებით ადიოდნენ და თავიანთი საქონელიც აჰყავდათ. კალიებივით ურიცხვი იყვნენ;+ მათ და მათ აქლემებს თვლა არ ჰქონდათ.+ შეესეოდნენ მიწას და აჩანაგებდნენ.  გააღატაკა ისრაელი მიდიანმა და ისრაელებმა შეღაღადეს იეჰოვას.+  მიდიანის გამო შველა სთხოვეს ისრაელებმა იეჰოვას+  და იეჰოვამაც გაუგზავნა მათ წინასწარმეტყველი, რომელმაც უთხრა, აი, რას ამბობსო იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: „მე გამოგიყვანეთ ეგვიპტიდან, სადაც მონები იყავით.+  გიხსენით ეგვიპტელთა და ყველა თქვენი მჩაგვრელის ხელიდან, განვდევნე ისინი თქვენ წინ, მათი მიწა კი თქვენ მოგეცით+ 10  და გითხარით: მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი;+ არ ემსახუროთ ამორეველთა ღმერთებს, თუმცა ამორეველთა მიწაზე ცხოვრობთ-მეთქი,+ მაგრამ არ მომისმინეთ“.+ 11  მოვიდა იეჰოვას ანგელოზი+ და ოფრაში აბი-ეზერელი+  იოაშის დიდი ხის ქვეშ დაჯდა, რომლის ვაჟი გედეონიც+ საწნახელში ცეხვავდა ხორბალს, მიდიანელებს რომ არ დაენახათ. 12  გამოეცხადა მას იეჰოვას ანგელოზი და უთხრა: „იეჰოვაა შენთან,+ მამაცო მებრძოლო!“ 13  გედეონმა მიუგო: „მომიტევე, ჩემო ბატონო, მაგრამ, თუ იეჰოვაა ჩვენთან, რატომ დაგვატყდა თავს ეს ყოველივე?!+ სადღაა ის საოცარი საქმეები, რომლებზეც ჩვენი მამები გვიყვებოდნენ?!+ გვეუბნებოდნენ, განა იეჰოვამ არ გამოგვიყვანა ეგვიპტიდანო?!+ ახლა კი მიგვატოვა იეჰოვამ+ და მიდიანის ხელში ჩაგვყარა“. 14  მიუბრუნდა მას იეჰოვა და უთხრა: „ძალ-ღონე მოიკრიბე და წადი! შენ იხსნი ისრაელს მიდიანის ხელიდან,+ რადგან მე გგზავნი!“ 15  გედეონმა მიუგო: „მომიტევე, იეჰოვა, მაგრამ როგორ ვიხსნი ისრაელს? ჩემი შტო უმნიშვნელოა მენაშეს ტომში, მე კი უმცირესი ვარ მამაჩემის სახლში“. 16  იეჰოვამ უთხრა: „შენთან ვიქნები+ და ისე დაამარცხებ მიდიანს, როგორც ერთ კაცს“. 17  მან მიუგო: „თუ წყალობა ვპოვე შენს თვალში, ნიშანი მომეცი, რომ შენ მელაპარაკები. 18  ნუ წახვალ აქედან, სანამ არ დავბრუნდები და ძღვენს არ მოგართმევ“.+ ისიც დასთანხმდა: „აქ ვიქნები შენ მოსვლამდე“. 19  წავიდა გედეონი, მოამზადა თიკანი და 1 ეფა* ფქვილით+ ხმიადები დააცხო. ხორცი კალათაში ჩადო, ნახარში ქოთანში ჩაასხა, წაიღო და იმ დიდი ხის ქვეშ მიართვა. 20  ღვთის ანგელოზმა უთხრა: „აიღე ხორცი და ხმიადები, დიდ ქვაზე დააწყვე და ზედ ნახარში მოასხი!“ ისიც ასე მოიქცა. 21  გაიწოდა იეჰოვას ანგელოზმა ჯოხი, რომელიც ხელში ეჭირა, შეახო ხორცსა და ხმიადებს, ავარდა ქვიდან ცეცხლი და შთანთქა ხორციცა და ხმიადებიც.+ შემდეგ თვალს მიეფარა იეჰოვას ანგელოზი. 22  მაშინ მიხვდა გედეონი, რომ ის იეჰოვას ანგელოზი იყო.+ თქვა მან: „ვაიმე, უზენაესო უფალო, იეჰოვა, პირისპირ ვიხილე იეჰოვას ანგელოზი!“+ 23  მიუგო იეჰოვამ: „მშვიდობა შენდა, ნუ გეშინია,+ არ მოკვდები!“ 24  სამსხვერპლო აუშენა იქ გედეონმა იეჰოვას და მას დღემდე იეჰოვა-შალომი* ჰქვია;+ ის ისევ აბი-ეზერელების ოფრაში დგას. 25  იმ ღამით იეჰოვამ უთხრა მას: „წაიყვანე მამაშენის მოზვერი, შვიდი წლის მეორე მოზვერი, და დაანგრიე ბაალის სამსხვერპლო, რომელიც მამაშენს უდგას, და აჩეხე სათაყვანო ბოძი მის გვერდით.+ 26  მწკრივად დაალაგე ქვები და ასე აუშენე იეჰოვას, შენს ღმერთს, სამსხვერპლო იმ მაღლობზე; წაიყვანე მოზვერი და დასაწვავ მსხვერპლად შესწირე სათაყვანო ბოძის ანაჩეხზე“. 27  წაიყვანა გედეონმა 10 კაცი თავისი მსახურებიდან და ისე მოიქცა, როგორც იეჰოვამ უთხრა, მაგრამ მამამისის სახლეულობისა და ქალაქის მკვიდრთა შიშით ეს დღისით კი არა, ღამით გააკეთა. 28  დილით ადრე ავიდნენ ქალაქის მკვიდრნი და რას ხედავენ: დანგრეულია ბაალის სამსხვერპლო, მის გვერდით სათაყვანო ბოძი აჩეხილია, მოზვერი კი ახლად აგებულ სამსხვერპლოზეა შეწირული. 29  ერთმანეთს ჰკითხეს, ეს ვინ ჩაიდინაო. გამოიძიეს და ბოლოს თქვეს, გედეონს, იოაშის ვაჟს, ჩაუდენიაო. 30  უთხრეს ქალაქის მკვიდრებმა იოაშს: „გამოიყვანე შენი ვაჟი, უნდა მოკვდეს, რადგან დაანგრია ბაალის სამსხვერპლო და მის გვერდით სათაყვანო ბოძი აჩეხა!“ 31  უთხრა იოაშმა+ ყველას, ვინც მის წინააღმდეგ გამოვიდა: „თქვენი დასაცავია ბაალი?! თქვენ უნდა იხსნათ იგი?! ვინც მას დაიცავს, ამ დილითვე უნდა მოკვდეს.+ თუ ღმერთია, თვითონ დაიცვას თავი,+ რადგან სამსხვერპლო დაუნგრიეს!“ 32  დაარქვა მან იმ დღეს გედეონს იერუბაალი* და თქვა, თვითონ დაიცვას ბაალმა თავი, რადგან სამსხვერპლო დაუნგრიესო. 33  ერთად შეიკრიბნენ მთელი მიდიანი,+ ამალეკი+ და აღმოსავლელები,+ გადალახეს მდინარე და იზრეელის ველზე დაბანაკდნენ. 34  იეჰოვას სულით აღივსო გედეონი+ და ჩაჰბერა საყვირს.+ შეიკრიბნენ აბი-ეზერელები,+ რომ გაჰყოლოდნენ მას. 35  გაუგზავნა მან მაცნეები მთელ მენაშეს და ისინიც შეიკრიბნენ, რომ მას გაჰყოლოდნენ. აშერთან, ზებულონთან და ნაფთალთანაც გაგზავნა მაცნეები და ისინიც მივიდნენ მასთან. 36  უთხრა გედეონმა ღმერთს: „თუ ჩემი ხელით აპირებ ისრაელის ხსნას შენი დაპირებისამებრ,+ 37  ნიშანი მომეცი: მატყლს გავფენ კალოზე, თუ ზედ ნამი გაჩნდება, მთელი მიწა კი მშრალი იქნება, მივხვდები, რომ ჩემი ხელით იხსნი ისრაელს შენი დაპირებისამებრ“. 38  ასეც მოხდა. ადგა იგი დილით ადრე, გაწურა მატყლი და წყლით აივსო დიდი თასი. 39  კვლავ უთხრა გედეონმა ღმერთს: „ერთსაც გთხოვ, ოღონდ ნუ განმირისხდები, ერთხელაც ვსინჯავ და გავფენ მატყლს, ოღონდ მარტო მატყლი იყოს მშრალი, მთელი მიწა კი — ნამიანი“. 40  იმ ღამით ასეც გააკეთა ღმერთმა. მარტო მატყლი იყო მშრალი, მთელი მიწა კი — ნამიანი.

სქოლიოები

იმდენი, რამდენიც 22-ლიტრიან ჭურჭელში ჩაეტეოდა. იხ. დანართი ბ14.
ნიშნავს: „იეჰოვაა მშვიდობა“.
ნიშნავს: „დაე ბაალმა თავად დაიცვას თავი“.