რიცხვები 16:1—50

  • კორახის, დათანისა და აბირამის ურჩობა (1—19).

  • ურჩთა დასჯა (20—50).

16  ლევის,+ კეჰათისა+ და იცჰარის+ შთამომავალი კორახი+ და რეუბენის+ შთამომავლები, ელიაბის ვაჟები,+ დათანი და აბირამი და ფელეთის ვაჟი ონი,  აუმხედრდნენ მოსეს. მათ შეუერთდნენ ისრაელის თავკაცები, რჩეული და სახელოვანი კაცები, სულ 250 კაცი.  შეიკრიბნენ მოსესა და აარონის წინააღმდეგ+ და უთხრეს: „კმარა! მთელი ხალხი წმინდაა+ და იეჰოვაა მათ შორის.+ რატომ გაბატონდით იეჰოვას ხალხზე?!“  ამის გაგონებაზე მოსე პირქვე დაემხო.  შემდეგ კორახსა და მის მომხრეებს მიმართა: „დილით გააცხადებს იეჰოვა, თუ ვინაა მისი რჩეული,+ ვინ არის წმინდა და ვინ უნდა მიუახლოვდეს მას;+ ვისაც აირჩევს,+ ის მიუახლოვდება მას.  კორახ, ხვალ შენც და შენმა მომხრეებმაც+ აიღეთ საცეცხლურები,+  შიგ ცეცხლი ჩადეთ და ზედ საკმეველი მოაყარეთ იეჰოვას წინაშე; ვისაც იეჰოვა აირჩევს,+ ის ყოფილა წმინდა. კმარა, ლევიანებო!“+  შემდეგ მოსემ კორახს მიმართა: „მომისმინეთ, ლევიანებო!  ის არ იკმარეთ, რომ ისრაელის ღმერთმა ხალხიდან გამოგყოთ,+ რათა მიახლოებოდით მას, გემსახურათ იეჰოვას კარავში, მდგარიყავით კრებულის წინაშე და მომსახურებოდით მათ,+ 10  და რომ დაგიახლოვათ შენ და შენი ძმები, ლევიანები?! ახლა მღვდლობაც მოინდომეთ?!+ 11  ამით შენ და შენი მომხრენი იეჰოვას უპირისპირდებით. აარონი ვინ არის, მას რომ დაუპირისპირდით?!“+ 12  მოსემ ელიაბის ვაჟები, დათანი და აბირამიც,+ მოიხმო, მაგრამ მათ შეუთვალეს: „არ მოვალთ! 13  ის არ გეყოფა, იმ ქვეყნიდან რომ გამოგვიყვანე, სადაც რძე და თაფლი მოედინება?! ახლა გინდა, რომ უდაბნოში დაგვხოცო?!+ გინდა, რომ გაგვიბატონდე?! 14  არც იმ ქვეყანაში მიგიყვანივართ, სადაც რძე და თაფლი მოედინება,+ არც მიწა მოგიცია და არც ვენახი. რატომ აბრმავებ ამ ხალხს?! არ მოვალთ!“ 15  განრისხდა მოსე და იეჰოვას უთხრა: „არ მიიღო მათი მარცვლეული შესაწირავი. მათთვის ვირიც კი არ წამირთმევია, არავისთვის მიმიყენებია ზიანი“.+ 16  შემდეგ მოსემ კორახს უთხრა: „ხვალ იეჰოვას წინაშე წარდექით შენ და შენი მომხრეები; შენც, ისინიც და აარონიც. 17  აიღოს თითოეულმა თავისი საცეცხლური, შიგ საკმეველი ჩაყაროს და იეჰოვას წინაშე მიიტანოს, 250 საცეცხლური; შენც და აარონმაც აიღეთ საცეცხლურები“. 18  აიღო ყველამ თავისი საცეცხლური, შიგ ცეცხლი ჩადეს, ზედ საკმეველი მოაყარეს და შეხვედრის კარვის შესასვლელთან მოსესა და აარონთან ერთად დადგნენ. 19  როცა კორახმა თავისი მომხრეები+ შეხვედრის კარვის შესასვლელთან შეკრიბა, სწორედ მაშინ გამოეცხადა იეჰოვას სიდიადე მთელ ისრაელს.+ 20  იეჰოვამ მოსესა და აარონს უთხრა: 21  „გაეცალეთ მაგ ხალხს, რომ თვალის დახამხამებაში გავანადგურო!“+ 22  ისინი პირქვე დაემხვნენ და უთხრეს მას: „სიცოცხლის მბოძებელო ღმერთო,+ ერთმა კაცმა შესცოდა და მთელ ხალხს ურისხდები?!“+ 23  შემდეგ იეჰოვამ მოსეს უთხრა: 24  „გადაეცი ხალხს, რომ გაეცალონ კორახის, დათანისა და აბირამის კარვებს!“+ 25  ადგა მოსე და წავიდა დათანთან და აბირამთან; მას ისრაელის უხუცესებიც+ გაჰყვნენ. 26  მოსემ ხალხს მიმართა: „გაეცალეთ ამ ბოროტი ხალხის კარვებს; მათსას არაფერს შეეხოთ, რომ მათი ცოდვის გამო თქვენც არ განადგურდეთ!“ 27  ისინიც მაშინვე გაეცალნენ კორახის, დათანისა და აბირამის კარვებს. გამოვიდნენ დათანი და აბირამი და თავიანთ ცოლებთან, ვაჟებთან და ბავშვებთან ერთად კარვების შესასვლელთან დადგნენ. 28  მოსემ მათ უთხრა: „აი, როგორ გაიგებთ, რომ ამ ყველაფრის გასაკეთებლად იეჰოვამ გამომგზავნა და ამას ჩემით არ ვაკეთებ: 29  თუ ესენი ისე დაიხოცებიან, როგორც ადამიანები იხოცებიან, და ისე დაისჯებიან, როგორც ადამიანები ისჯებიან, მაშინ იეჰოვას არ გამოვუგზავნივარ.+ 30  მაგრამ, თუ იეჰოვა არნახულ რამეს მოიმოქმედებს, მიწა პირს დააღებს, შთანთქავს მათ და მათ საბადებელს, და ცოცხლები ჩავლენ სამარეში*, მაშინ გაიგებთ, რომ ამ ხალხს შეურაცხუყვია იეჰოვა“. 31  დაასრულა თუ არა მოსემ ლაპარაკი, მათ ფეხქვეშ მიწა გაიპო.+ 32  დააღო მიწამ პირი და შთანთქა მთელი მათი სახლეულობა, კორახის+ მომხრენი და მთელი მათი ქონება. 33  ისინი და მათი მომხრენი ცოცხლად ჩაცვივდნენ სამარეში, დაფარა ისინი მიწამ და ამოიძირკვნენ ხალხიდან.+ 34  მათ ყვირილზე გაიქცნენ იქ მყოფი ისრაელები, შეშინებულები ამბობდნენ, მიწამ ჩვენც არ გვშთანთქასო. 35  მოავლინა იეჰოვამ ცეცხლი+ და შთანთქა 250 კაცი, საკმევლის მკმეველი.+ 36  იეჰოვამ მოსეს უთხრა: 37  „გადაეცი აარონ მღვდლის ვაჟს, ელეაზარს, რომ აიღოს საცეცხლურები+ ცეცხლიდან, რადგან საცეცხლურები წმინდაა. ისიც უთხარი, რომ ცეცხლი გაფანტოს. 38  ვისაც ცოდვის ჩადენა სიცოცხლის ფასად დაუჯდა, მათი საცეცხლურებისგან ლითონის ფირფიტები დაამზადეთ სამსხვერპლოს+ მოსავარაყებლად, ვინაიდან იეჰოვას წინაშე მიიტანეს და წმინდაა ისინი. ეს იქნება გამაფრთხილებელი ნიშანი ისრაელებისთვის“.+ 39  აიღო ელეაზარ მღვდელმა მათი სპილენძის საცეცხლურები, ვინც დაიწვა, და სამსხვერპლოს მოსავარაყებლად გამოჭედა, 40  როგორც იეჰოვას მისთვის ჰქონდა ნაბრძანები მოსეს მეშვეობით. ეს ისრაელებს შეახსენებდა, რომ ვინც აარონის შთამომავალი არ იქნებოდა, არ მისულიყო იეჰოვას წინაშე+ საკმევლის საკმევად, და რომ არავინ მოქცეულიყო კორახისა და მისი მომხრეების მსგავსად.+ 41  მეორე დღესვე აუმხედრდა მთელი ხალხი მოსესა და აარონს,+ ეუბნებოდნენ: „თქვენ დახოცეთ იეჰოვას ხალხი!“ 42  როცა ხალხი მოსესა და აარონის წინააღმდეგ შეიკრიბა, მიტრიალდნენ ისინი კარვისკენ და რას ხედავენ! კარავი ღრუბელს დაეფარა და იეჰოვას სიდიადე გამოჩენილიყო.+ 43  მივიდნენ მოსე და აარონი შეხვედრის კარავთან.+ 44  იეჰოვამ მოსეს უთხრა: 45  „გაეცალეთ მაგ ხალხს, რომ თვალის დახამხამებაში გავანადგურო!“+ მაშინვე პირქვე დაემხვნენ ისინი.+ 46  მოსემ აარონს უთხრა: „აიღე საცეცხლური, აიღე სამსხვერპლოდან+ ცეცხლი და შიგ ჩადე, მოაყარე საკმეველი, სწრაფად მიდი ხალხთან და მათთვის გამოსყიდვის წესი შეასრულე,+ რადგან განრისხდა იეჰოვა და დაიწყო ჟლეტა!“ 47  აარონმა მოსეს სიტყვისამებრ მაშინვე აიღო საცეცხლური და ხალხში შევარდა. ხალხის ჟლეტა უკვე დაწყებული იყო. საცეცხლურში საკმეველი ჩაყარა და ხალხისთვის გამოსყიდვის წესის შესრულება დაიწყო. 48  იდგა ის ცოცხლებსა და მკვდრებს შორის; ბოლოს შეწყდა ჟლეტა. 49  ჟლეტის შედეგად 14 700 კაცი მოკვდა კორახის გამო დახოცილთა გარდა. 50  როცა აარონი მოსესთან დაბრუნდა, რომელიც შეხვედრის კარვის შესასვლელთან იდგა, ჟლეტა უკვე შეწყვეტილი იყო.

სქოლიოები

ებრ. „შეოლ“. იხ. „სამარე“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).