რიცხვები 18:1—32

  • მღვდელთა და ლევიანთა მოვალეობანი (1—7).

  • სამღვდელო წილი (8—19).

    • მარილის შეთანხმება (19).

  • ლევიანები მიღებული მეათედიდან მეათედს სწირავენ (20—32).

18  იეჰოვამ აარონს უთხრა: „თუ შენ, შენი ვაჟები ან შენი შთამომავლები კარავს შებღალავთ, პასუხი უნდა აგოთ;+ პასუხი მაშინაც უნდა აგოთ, თუ მღვდლობას შებღალავთ.+  მოიყვანე შენი ძმები ლევის ტომიდან, შენი წინაპრების ტომიდან, რათა მოგემსახურონ შენ+ და შენს ვაჟებს მოწმობის კარვის+ წინ.  მათ უნდა შეასრულონ თავიანთი ვალდებულება შენ წინაშე და კარვის მსახურება.+ ოღონდ არ მიეკარონ წმინდა ადგილის ნივთებს და სამსხვერპლოს, რათა არც თქვენ დაიხოცოთ და არც ისინი.+  მოვიდნენ და შეასრულონ თავიანთი ვალდებულება შეხვედრის კარვის წინ, კარვის ყველანაირი მსახურება. სხვა არავინ* მოვიდეს.+  შეასრულეთ თქვენი ვალდებულება, წმინდა ადგილისა+ და სამსხვერპლოს+ მსახურება, რათა აღარ დაატყდეთ ჩემი რისხვა ისრაელებს.+  მე გამოვაცალკევე თქვენი ძმები, ლევიანები, ისრაელთაგან, როგორც ძღვენი თქვენთვის.+ ისინი არიან იეჰოვასთვის გამოყოფილნი შეხვედრის კარვის მსახურების შესასრულებლად.+  შენ და შენმა ვაჟებმა უნდა შეასრულოთ სამღვდელო მოვალეობები, ყველაფერი, რაც ეხება სამსხვერპლოს და იმას, რაც ფარდის შიგნითაა.+ თქვენ უნდა შეასრულოთ ეს მსახურება.+ თქვენ მოგანდეთ მღვდლობა, როგორც ძღვენი; თუ სხვა ვინმე მიუახლოვდება წმინდა ადგილს, უნდა მოკვდეს“.+  შემდეგ იეჰოვამ აარონს უთხრა: „შენ ჩაგაბარე ჩემთვის გაღებული ყველა შესაწირავი.+ ისრაელების მიერ გაღებული წმინდა შესაწირავებიდან წილი შენ და შენს ვაჟებს მოგეცით. ეს იქნება თქვენი სამარადისო წილი.+  ცეცხლში დასაწვავი წმინდა შესაწირავებიდან შენი იქნება მათ მიერ გაღებული ყველა შესაწირავი, მათ შორის მარცვლეული შესაწირავი,+ ცოდვის შესაწირავი+ და დანაშაულის შესაწირავი.+ ეს შესაწირავები წმინდაა შენთვის და შენი ვაჟებისთვის. 10  წმინდა ადგილას ჭამეთ ის.+ ყველა მამაკაცმა ჭამოს. ის წმინდა იქნება შენთვის.+ 11  აი, კიდევ რა არის თქვენი: ისრაელების მიერ გაღებული ძღვენი+ შესარხევ შესაწირავთან+ ერთად. შენ, შენს ვაჟებსა და შენს ასულებს გაძლევთ ამას სამარადისო წილად.+ ვინც განწმენდილია შენს სახლში, ყველამ ჭამოს.+ 12  საუკეთესო ზეთს, საუკეთესო ახალ ღვინოს, მარცვლეულს, პირველმოწეულ ნაყოფს,+ რასაც ისრაელები იეჰოვას სწირავენ, თქვენ გაძლევთ.+ 13  მათი მიწის ყველა პირველმოწეული ნაყოფი, რასაც იეჰოვას სწირავენ, თქვენია.+ ვინც განწმენდილია შენს სახლში, ყველამ ჭამოს. 14  ყველაფერი, რაც მიძღვნილია ისრაელში, შენი იქნება.+ 15  თქვენი იქნება ყოველი პირმშო და პირველმოგებული,+ რომლებსაც იეჰოვას წარუდგენენ. თუმცა თქვენ უნდა გამოისყიდოთ პირმშოც+ და უწმინდური ცხოველის პირველმოგებულიც.+ 16  გამოისყიდეთ ის, როცა ერთ თვეს გადასცილდება, დადგენილი საფასურის მიხედვით, 5 ვერცხლის შეკელად*,+ წმინდა ადგილის შეკელის* მიხედვით. 1 შეკელი 20 გერაა*. 17  მხოლოდ პირველმოგებული ხბო, პირველმოგებული ბატკანი და პირველმოგებული თიკანი არ გამოისყიდოთ;+ ისინი წმინდები არიან. მათი სისხლი სამსხვერპლოზე მოასხურეთ+ და მათი ქონი დაწვით, როგორც ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი, რომ აბოლდეს, როგორც საამო* სურნელება იეჰოვასთვის.+ 18  თქვენი იქნება მათი ხორცი ისევე, როგორც შესარხევი შესაწირავის მკერდი და მარჯვენა ბარკალი.+ 19  ყოველ წმინდა შესაწირავს, რომელსაც ისრაელები იეჰოვას შესწირავენ,+ გაძლევთ შენ, შენს ვაჟებსა და შენს ასულებს, როგორც სამარადისო წილს.+ ეს არის მარილის შეთანხმება, სამარადისო შეთანხმება იეჰოვასა და შენ და შენს შთამომავლებს შორის“. 20  იეჰოვამ აარონს უთხრა: „არ გექნებათ სამკვიდრო ისრაელის მიწაზე და არც რაიმე წილი ისრაელთა შორის.+ მე ვარ თქვენი წილი და სამკვიდრო.+ 21  ლევიანებს თავიანთი მსახურების, შეხვედრის კარვის მსახურების სანაცვლოდ, ისრაელში მეათედი+ მივეცი მემკვიდრეობად. 22  აღარ მივიდნენ ისრაელები შეხვედრის კარავთან, თორემ ეს ცოდვად ჩაეთვლებათ და დაიხოცებიან. 23  ლევიანებმა შეასრულონ შეხვედრის კარვის მსახურება და იტვირთონ მათი ცოდვები.+ ლევიანებს არ უნდა ჰქონდეთ სამკვიდრო ისრაელთა შორის; ეს არის მათთვის სამარადისო წესი თაობიდან თაობაში.+ 24  მეათედს, რომელსაც ისრაელები იეჰოვას შესწირავენ, ლევიანებს ვაძლევ მემკვიდრეობად. ამიტომაც ვთქვი, არ უნდა ჰქონდეთ-მეთქი მათ მემკვიდრეობა ისრაელთა შორის“.+ 25  შემდეგ იეჰოვამ მოსეს უთხრა: 26  «გადაეცი ლევიანებს: „ისრაელებისგან მიიღებთ მეათედს, რაც მემკვიდრეობად მოგეცით.+ ამ მეათედიდან მეათედი იეჰოვას შესწირეთ.+ 27  ეს ჩაგეთვლებათ შესაწირავად, თითქოს კალოდან აღებული მარცვლეული,+ საწნახლიდან და ზეთის საწურიდან უხვად მიღებული ღვინო და ზეთი შეგეწიროთ. 28  თქვენც შესწირეთ იეჰოვას მეათედი იმ მეათედიდან, რომელსაც ისრაელებისგან აიღებთ; იეჰოვასთვის მეათედიდან გაღებული შესაწირავი აარონ მღვდელს მიუტანეთ. 29  თქვენთვის მოტანილი ყოველი წმინდა ძღვნიდან იეჰოვას საუკეთესო შესწირეთ.+ 30  ლევიანებო, როცა მეათედიდან საუკეთესოს შესწირავთ, ეს ისე ჩაგეთვლებათ, თითქოს კალოდან აღებული მარცვლეული, საწნახლიდან და ზეთის საწურიდან მიღებული ღვინო და ზეთი შეგეწიროთ. 31  ჭამეთ ის თქვენ და თქვენმა სახლეულობამ, სადაც არ უნდა იყოთ, რადგან ეს არის თქვენი გასამრჯელო შეხვედრის კარვის მსახურების სანაცვლოდ.+ 32  თუ მეათედიდან საუკეთესოს არ შესწირავთ, ეს ცოდვად ჩაგეთვლებათ. არ შებღალოთ ისრაელთა წმინდა შესაწირავები, რომ არ დაიხოცოთ“».+

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — „უცხო“; იგულისხმება ის, ვინც აარონის შტოს არ ეკუთვნის.
შეკელი უდრიდა 11,4 გრ-ს. იხ. დანართი ბ14.
სხვაგვარად — „წმინდა შეკელის“. შესაძლოა იგულისხმებოდეს წონის ნიმუში, რომელიც კარავში ინახებოდა, ან ის, რომ წონა უნდა ყოფილიყო ზუსტი.
გერა უდრიდა 0,57 გრ-ს. იხ. დანართი ბ14.
სიტყვასიტყვით — „დამამშვიდებელი“.