რიცხვები 22:1—41

  • ბალაკი ბალაამს უხმობს (1—21).

  • ბალაამის ვირი ალაპარაკდა (22—41).

22  დაიძრნენ ისრაელები და მოაბის ხრიოკ ველზე დაბანაკდნენ, იორდანის გადაღმა, იერიხონის მახლობლად.+  გაიგო ბალაკმა,+ ციფორის ძემ, ყველაფერი, რაც ისრაელებმა ამორეველებს დამართეს.  შეეშინდათ მოაბელებს ისრაელების, რადგან მრავალრიცხოვანნი იყვნენ; თავზარი დაეცათ.+  მოაბელებმა მიდიანელ+ უხუცესებს უთხრეს: „როგორც ხარი ბალახს, ისე გადაგვიჭამს ეს ხალხი ირგვლივ ყველაფერს“. იმ დროს მოაბში ბალაკი, ციფორის ძე, მეფობდა.  მან მაცნეები გაუგზავნა ბალაამს, ბეორის ძეს, ფეთორში,+ რომელიც მისივე სამშობლოში მდინარის* პირას მდებარეობს. ბალაკმა მას შეუთვალა: „ეს ხალხი ეგვიპტიდან გამოვიდა და მთელ არემარეს მოედო.+ ჩემთან ახლოს დასახლდნენ.  ჩამოდი, დამიწყევლე ეს ხალხი,+ რადგან ჩემზე ძლიერები არიან. იქნებ დავამარცხო და განვდევნო ამ მიწიდან; ვიცი, რომ ვისაც შენ ლოცავ, დალოცვილია, და ვისაც შენ წყევლი, დაწყევლილია“.  წავიდნენ მოაბისა და მიდიანის უხუცესები და თან წაიღეს გასამრჯელო მისნობისთვის; მივიდნენ ბალაამთან+ და გადასცეს ბალაკის დანაბარები.  მან უთხრა მათ: „აქ გაათიეთ ღამე. რასაც იეჰოვა მეტყვის, მეც იმას გეტყვით“. დარჩნენ მოაბის მთავრები ბალაამთან.  მივიდა ღმერთი ბალაამთან და ჰკითხა:+ „ვინ არიან ეს კაცები, შენთან რომ მოვიდნენ?“ 10  ბალაამმა ღმერთს მიუგო: «მოაბის მეფემ, ბალაკმა, ციფორის ძემ, მაცნეები გამომიგზავნა და შემომითვალა: 11  „ეს ხალხი ეგვიპტიდან გამოვიდა და მთელ არემარეს მოედო. ჩამოდი, დამიწყევლე ისინი;+ იქნებ დავამარცხო და განვდევნო აქედან“». 12  ღმერთმა ბალაამს მიუგო: „არ წაჰყვე მათ. არ დაწყევლო ის ხალხი, რადგან კურთხეულები არიან“.+ 13  ადგა ბალაამი დილით და ბალაკის მთავრებს უთხრა: „დაბრუნდით თქვენს ქვეყანაში, არ მიშვებს იეჰოვა“. 14  წავიდნენ მოაბის მთავრები, მივიდნენ ბალაკთან და უთხრეს: „არ წამოგვყვა ბალაამი“. 15  ამჯერად ბალაკმა უფრო მეტი მთავარი გაგზავნა, თანაც უფრო პატივდებულნი. 16  ისინიც ჩავიდნენ ბალაამთან და უთხრეს: «აი, რა შემოგითვალა ბალაკმა, ციფორის ძემ: „საჩქაროდ ჩამოდი ჩემთან! 17  დიდ პატივს მოგაგებ და რასაც მეტყვი, ყველაფერს შეგისრულებ, ოღონდ ჩამოდი და დამიწყევლე ეს ხალხი“». 18  ბალაამმა ბალაკის მსახურებს მიუგო: „ბალაკმა თავისი სახლიც რომ მომცეს, ოქრო-ვერცხლით სავსე, მაინც ვერ გადავალ ჩემი ღვთის, იეჰოვას, ბრძანებას; ვერაფრით დაგეხმარებით.+ 19  აქ გაათიეთ ღამე; გავიგებ, კიდევ რას მეტყვის იეჰოვა“.+ 20  ღამით ღმერთი ბალაამთან მივიდა და უთხრა: „თუ ეს კაცები შენ წასაყვანად არიან მოსულები, გაჰყევი, ოღონდ მხოლოდ ის თქვი, რასაც მე გეტყვი“.+ 21  ადგა დილით ბალაამი, შეკაზმა ვირი და გაჰყვა მოაბის მთავრებს.+ 22  განრისხდა ღმერთი, რადგან გაჰყვა მათ ბალაამი. იეჰოვას ანგელოზი გზაზე გადაუდგა, რომ არ გაეშვა. ბალაამი ვირზე იჯდა; მას ორი მსახური ახლდა. 23  დაინახა ვირმა გზაზე იეჰოვას ანგელოზი, რომელსაც ხელში მახვილი ეჭირა. ვირს მინდვრისკენ გადახვევა უნდოდა, მაგრამ ბალაამმა ცემა დაუწყო, რომ გზისკენ მოეტრიალებინა. 24  შემდეგ იეჰოვას ანგელოზი ვენახებს შორის ვიწრო გზაზე დადგა, რომლის ორივე მხარეს ყორე იყო. 25  როდესაც ვირმა იეჰოვას ანგელოზი დაინახა, ყორეს მიეკრა და ბალაამს ფეხი მიუჭყლიტა; ბალაამმა ისევ დაუწყო ცემა. 26  დაიძრა იეჰოვას ანგელოზი და ვიწრო ადგილზე დადგა, საიდანაც არც მარჯვნივ იყო გადასახვევი და არც მარცხნივ. 27  ვირმა იეჰოვას ანგელოზი ისევ რომ დაინახა, ჩაიჩოქა. გაცეცხლდა ბალაამი და დაუწყო ვირს ჯოხით ცემა. 28  ბოლოს აალაპარაკა იეჰოვამ ვირი+ და ბალაამისთვის ათქმევინა: „ისეთი რა დაგიშავე, სამჯერ რომ მცემე?!“+ 29  ბალაამმა ვირს მიუგო: „დასაცინი გამხადე; მახვილი რომ მეჭიროს, მოგკლავდი!“ 30  ვირმა ბალაამს მიუგო: „მე ხომ შენი ვირი ვარ და მთელი ცხოვრება გემსახურები?! მოგქცევივარ ასე ოდესმე?!“ მან უპასუხა: „არა!“ 31  აუხილა იეჰოვამ ბალაამს თვალი+ და მანაც დაინახა იეჰოვას ანგელოზი, რომელიც მახვილით ხელში იდგა გზაზე. ბალაამმა მაშინვე მუხლი მოიყარა მის წინაშე და პირქვე დაემხო. 32  იეჰოვას ანგელოზმა მას უთხრა: „რატომ სცემე სამჯერ შენს ვირს? მე იმიტომ გიღობავდი გზას, რომ არ გამეშვი, რადგან ჩემი ნების წინააღმდეგ წახვედი.+ 33  დამინახა ვირმა და სამჯერ სცადა გადახვევა.+ რომ არ გადაეხვია, მოგკლავდი, ვირს კი ცოცხალს დავტოვებდი“. 34  ბალაამმა იეჰოვას ანგელოზს მიუგო: „შევცოდე, არ ვიცოდი, შენ რომ მიღობავდი გზას. თუ შენს თვალში ცუდად მოვიქეცი, გავბრუნდები“. 35  იეჰოვას ანგელოზმა ბალაამს უთხრა: „წაჰყევი ამ კაცებს, ოღონდ მხოლოდ ის თქვი, რასაც მე გეტყვი“. ბალაამიც გაჰყვა ბალაკის მთავრებს. 36  ბალაკმა რომ გაიგო, ბალაამი მოვიდაო, მაშინვე გაეშურა მასთან შესახვედრად მოაბის ქალაქში, რომელიც არნონის პირასაა, საზღვარზე. 37  ბალაკმა ბალაამს უთხრა: „ხომ გამოგიგზავნე ხალხი?! რატომ არ მოდიოდი? გეგონა, ვერ შევძლებდი შენს პატივისცემას?!“+ 38  ბალაამმა ბალაკს მიუგო: „კი მოვედი, მაგრამ რა გითხრა?! მხოლოდ იმას ვიტყვი, რასაც ღმერთი მათქმევინებს“.+ 39  გაჰყვა ბალაამი ბალაკს და მივიდნენ კირიათ-ხუცოთში. 40  შესწირა ბალაკმა ცხვარ-ძროხა და გაუმასპინძლდა ბალაამსა და მთავრებს. 41  დილით ბალაკმა ბალაამი ბამოთ-ბაალში მიიყვანა, საიდანაც იგი მთელ ხალხს დაინახავდა.+

სქოლიოები

სავარაუდოდ, იგულისხმება ევფრატი.