რომაელების მიმართ 11:1—36
11 მაშ, გეკითხებით: განა უარყო ღმერთმა თავისი ხალხი?+ არავითარ შემთხვევაში! ვინაიდან მეც ებრაელი ვარ, აბრაამის შთამომავალი ბენიამინის ტომიდან.
2 არ უარუყვია ღმერთს თავისი ხალხი, რომელიც თავიდან აირჩია.+ გახსოვთ, რას ამბობს წმინდა წერილი ელიას შესახებ, რომელმაც ისრაელის გამო შესჩივლა ღმერთს?
3 „იეჰოვა*, შენი წინასწარმეტყველები დახოცეს და შენი სამსხვერპლოები დაანგრიეს, მეღა დავრჩი ცოცხალი და ჩემი მოკვლაც უნდათ“.+
4 მაგრამ რა პასუხი მიიღო ღვთისგან? „მე კიდევ 7 000 კაცი მყავს ისრაელში, რომელთაც მუხლი არ მოუყრიათ ბაალის წინაშე“.+
5 მსგავსადვე, ჩვენს დროშიც არსებობს ღვთის წყალობით არჩეული ისრაელთა მცირე ნაწილი.+
6 და, თუ ეს არჩევა ღვთის წყალობის შედეგია,+ ესე იგი, საქმეების მიხედვით არ ყოფილა,+ სხვაგვარად წყალობა წყალობა არ იქნებოდა.
7 მაშ, რა გამოდის? ისრაელთაგან ყველამ ვერ მიაღწია საწადელს, მათგან მხოლოდ რჩეულებმა მიაღწიეს მას.+ დანარჩენებმა გული გაიქვავეს,+
8 როგორც დაწერილია: „ძილქუში მოჰგვარა მათ ღმერთმა;+ მისცა თვალები, რომლითაც ვერ ხედავენ, და ყურები, რომლითაც არ ესმით, და ეს დღემდე ასეა“.+
9 დავითიც ამბობს: „ხაფანგად, მახედ, დაბრკოლებად და სასჯელად ექცეთ თავიანთი სუფრა,
10 თვალთ დაუბნელდეთ, რომ ვეღარ ხედავდნენ, და დაე ვეღარასდროს გაიმართონ წელში!“+
11 ამიტომ გეკითხებით: ნუთუ ისე წაბორძიკდნენ და დაეცნენ, რომ ვეღარასდროს წამოდგებიან? არავითარ შემთხვევაში! თუმცა მათ მცდარ ნაბიჯს ხსნა მოაქვს უცხოტომელთათვის, რაც აღაშფოთებს მათ.+
12 თუ მათი მცდარი ნაბიჯი შენაძენია ქვეყნიერებისთვის და მათი რიცხვის შემცირება — შენაძენი უცხოტომელთათვის,+ რამდენად დიდი იქნება შენაძენი, როცა მათი რიცხვი შეივსება!
13 ახლა თქვენ გეუბნებით, უცხოტომელებო: რაკი უცხოტომელთა მოციქული ვარ,+ ვადიდებ ჩემს მსახურებას,+
14 იქნებ ასე მაინც აღვაშფოთო ჩემი ხალხი და ზოგიერთი გადავარჩინო.
15 თუ მათი უარყოფა+ ქვეყნიერებისთვის ღმერთთან შერიგებას ნიშნავს, მაშ, მათი მიღება მკვდრებისთვის სიცოცხლის დაბრუნების ტოლფასი არაა?!
16 თუ პირველნაყოფი, შესაწირავად აღებული ცომის ნაწილი, წმინდაა, მთელი ცომიც წმინდაა, და თუ ფესვი წმინდაა, ტოტებიც წმინდაა.
17 თუ ზოგიერთი ტოტი გადატყდა და შენ, ველური ზეთისხილი, მათ შორის დაემყნე და მათთან ერთად ნოყიერად საზრდოობ ზეთისხილის ფესვიდან,
18 ნუ გაუმედიდურდები გადატეხილ ტოტებს. თუკი გაუმედიდურდები,+ გახსოვდეს: შენ კი არ გიკავია ფესვი, ფესვს უკავიხარ!
19 შენ იტყვი, ტოტები იმიტომ გადატყდნენ, რომ მე დავმყნობოდიო.+
20 ეს კი ასეა, მაგრამ ისინი თავიანთი ურწმუნოების გამო გადატყდნენ,+ შენ კი რწმენით დგახარ.+ ნუ გამედიდურდები, არამედ გეშინოდეს,
21 რადგან, თუ ღმერთმა თავად ამ ზეთისხილის ტოტები არ დაინდო, არც შენ დაგინდობს.
22 დაფიქრდი ღვთის სიკეთესა+ და სიმკაცრეზე; ღმერთი მკაცრია მათ მიმართ, ვინც ჩამოშორდა მას,+ შენ მიმართ კი — კეთილი; ოღონდ კვლავაც მისი სიკეთის ღირსად უნდა მოიქცე, რომ შენც არ მოგკვეთოს.
23 ისინიც, თუ ურწმუნონი არ დარჩებიან, დაემყნობიან,+ რადგან ღმერთს შეუძლია მათი დამყნობა.
24 თუ შენ ველური ზეთისხილიდან მოგჭრეს და დაგამყნეს ბაღის ზეთისხილს, რაც, ჩვეულებრივ, ასე არ ხდება, რამდენად უკეთ დაემყნობიან მას თავისივე ტოტები!
25 მინდა, იცოდეთ, ძმებო, ეს წმინდა საიდუმლო,+ რათა ბრძენი არ გეგონოთ საკუთარი თავი: ისრაელის ნაწილს მანამდე ექნება გული გაქვავებული, სანამ უცხოტომელთაგან სრული რიცხვი არ შეივსება.
26 ასე გადარჩება მთელი ისრაელი,+ როგორც დაწერილია: „მხსნელი მოგვევლინება სიონიდან+ და მოაცილებს იაკობს უღვთო საქმეებს.
27 ეს არის ჩემი შეთანხმება,+ რომელსაც მათ ცოდვების მიტევების შემდეგ დავუდებ“.+
28 ასეთები სასიხარულო ცნობის მტრები არიან, მაგრამ თქვენდა სასიკეთოდ. ხოლო, რაც შეეხება ღვთის არჩევანს, ისინი მისთვის საყვარელნი არიან მათი მამა-პაპის გამო.+
29 ღმერთი არასოდეს ინანებს ვინმესთვის ძღვნის ბოძებას და ვინმეს მოხმობას.
30 როგორც თქვენ იყავით ერთ დროს ღვთის ურჩნი,+ მაგრამ შეწყალებულ იქენით+ მათი ურჩობის გამო,+
31 ისე ისინი არიან ახლა ურჩები, რისი წყალობითაც თქვენ ხართ შეწყალებული, რათა ისინიც შეწყალებულ იქნენ.
32 ღმერთმა ყველანი ურჩობის ტყვედ აქცია,+ რათა ყველა შეეწყალებინა.+
33 რა განუზომელია ღვთის გულუხვობა*, სიბრძნე და ცოდნა! ჩაუწვდომელია მისი სამართალი და მიუკვლეველია მისი გზები!
34 „ვინ შეიცნო იეჰოვას* გონება ან ვინ გაუხდა მას მრჩევლად?!“+
35 ან „მისცა მას ვინმემ რამე პირველმა, რომ დაუბრუნოს?!“+
36 მისგან, მისით და მისთვის არის ყველაფერი. მას დიდება მარადიულად! ამინ!