რომაელების მიმართ 3:1—31
3 მაშ, რა უპირატესობა აქვს იუდეველობას ან წინადაცვეთილობას?
2 ყოველმხრივ დიდი! უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ მათ მიენდოთ ღვთის წმინდა სიტყვები.+
3 მაგრამ მათზე რაღა ვთქვათ, ვინც რწმენა არ გამოავლინა?! განა მათი ურწმუნოება ძალას დაუკარგავს ღვთის სანდოობას?
4 არავითარ შემთხვევაში! ყველა კაცმაც რომ იცრუოს,+ ღმერთი მაინც მართალი იქნება,+ როგორც დაწერილია: „რათა მართალი იყო შენს სიტყვებში და შენი სიმართლით გაიმარჯვო გასამართლებისას“.+
5 თუ ჩვენი უმართლო საქმეები ღვთის სიმართლეს წარმოაჩენს, მაშ, უსამართლოა ღმერთი, როცა ასეთი საქმეების გამო გვირისხდება?! (ადამიანურად ვმსჯელობ).
6 არავითარ შემთხვევაში! თუ ღმერთი უსამართლოა, მაშ, როგორ გაასამართლებს ქვეყნიერებას?!+
7 მაგრამ, თუკი სიცრუით ღვთის სიმართლეს წარმოვაჩენ მის სადიდებლად, რატომღა უნდა გავსამართლდე როგორც ცოდვილი?!
8 მაშ, ვთქვათ ის, რის თქმასაც ზოგიერთები გვაბრალებენ, მოდი ცუდი ვაკეთოთ, რომ კარგი გამოვიდესო. ასეთები სამართლიანად დაიტეხენ სასჯელს.+
9 განა ეს იმას ნიშნავს, რომ სხვებზე უკეთესად გვაქვს საქმე? არამც და არამც! ჩვენ ხომ უკვე ავხსენით, რომ იუდეველებიცა და ბერძნებიც ცოდვის ტყვეობაში არიან;+
10 დაწერილია კიდეც: „აღარავინ არის მართალი, აღარავინ,+
11 არავინაა გამჭრიახი, არავინ ეძებს ღმერთს.
12 გზას ასცდნენ, არაფრად ვარგიან. არავინ აკეთებს სიკეთეს, არავინ“,+
13 „მათი ყელი ღია სამარხია, ცრუა მათი ენა“,+ „ასპიტის შხამი აქვთ ბაგეზე“,+
14 „პირი წყევლითა და ღვარძლით აქვთ სავსე“,+
15 „სისხლის დასაღვრელად მიეჩქარებათ“,+
16 „დაქცევა და უბედურებაა მათ გზებზე
17 და არ იციან მშვიდობის გზა“,+
18 „მათთვის უცხოა ღვთის შიში“.+
19 ვიცით, რომ ყოველივეს, რასაც კანონი ამბობს, კანონს დაქვემდებარებულთათვის ამბობს, რათა ყველა დადუმდეს და მთელ ქვეყნიერებას მსჯავრი დაედოს ღვთისგან.+
20 კანონის საქმეებით ვერავინ გამართლდება მის წინაშე,+ რადგან კანონის მეშვეობით ვწვდებით ცოდვის არსს.+
21 ახლა კი ცხადი გახდა, რომ კანონის დაცვის გარეშე შეიძლება ღვთის თვალში გამართლება,+ რასაც მოწმობს კანონიც და წინასწარმეტყველთა წიგნებიც.+
22 დიახ, ღვთის თვალში მართლად ჩაითვლება განურჩევლად ყველა მორწმუნე იესო ქრისტესადმი რწმენის მეშვეობით, რადგან არ არსებობს განსხვავება მათ შორის;+
23 ყველამ შესცოდა და ვეღარ ირეკლავენ ღვთის დიდებას.+
24 მართლებად რომ ჩაითვალნენ, ეს ძღვენია;+ მისმა წყალობამ+ გაათავისუფლა ისინი ქრისტე იესოს მიერ გადახდილი გამოსასყიდით.+
25 ღმერთმა ის შერიგების შესაწირავად აქცია+ და ეს შერიგება მისი სისხლისადმი რწმენით მიიღწევა.+ ღმერთი ასე იმიტომ მოიქცა, რომ წარმოეჩინა თავისი სიმართლე, რადგან იგი წარსულში მცხოვრებთ თავისი დიდსულოვნებით პატიობდა ჩადენილ ცოდვებს,
26 აგრეთვე იმიტომ, რომ ჩვენს დროშიც ეჩვენებინა თავისი სიმართლე+ და მაშინაც მართალი ყოფილიყო, როცა გაამართლებდა მათ, ვისაც იესო სწამს.+
27 მაშ, რაღა გვაქვს საამაყო? არც არაფერი! რომელი კანონით ვიამაყოთ? იმ კანონით, საქმეებს რომ მოითხოვს?+ არა, რწმენის კანონით,
28 რადგან ვფიქრობთ, რომ ადამიანი რწმენით მართლდება და არა კანონით დადგენილი საქმეებით.+
29 განა მხოლოდ იუდეველების ღმერთია იგი?+ განა უცხოტომელებისაც არა?+ დიახ, უცხოტომელებისაც!+
30 ერთია ღმერთი,+ ამიტომ ის წინადაცვეთილებსაც და წინადაუცვეთელებსაც+ რწმენის საფუძველზე გაამართლებს.+
31 განა რწმენით კანონს ვაუქმებთ? არავითარ შემთხვევაში! პირიქით, ვასრულებთ მას!+